15:24 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-27 15:40:05, 572 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ერთობლივი ცენტრის დაფუძნება საქართველოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში

ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაფუძნება არის საქართველოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრი რეგიონალური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში იდგება.

"ჩვენთვის მეტად სასიხარულოა, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობები და თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. ბოლო წლებში ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რასაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან აღიარება და შესაბამისი შეფასება მოჰყვა. დღეს საქართველოში იხსნება წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც ნატო-საქართველოს მორიგი წარმატებული ერთობლივი პროექტია. ჩვენმა მთავრობამ, ისევე როგორც წევრმა ქვეყნებმა და ნატოს საერთაშორისო სამსახურმა უდიდესი სამუშაო გასწიეს, რომლის შედეგიც არის ეს ცენტრი. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს უკვე აქვს ნატო-ს მხარდაჭერით შექმნილი სასწავლო ცენტრების მართვის გამოცდილება, კერძოდ საჩხერის ცენტრი. ვფიქრობ, ეს გამოცდილება დაგვეხმარება ახალი ცენტრის წარმატებით საქმიანობაში. ერთი წელიც არ არის გასული მას შემდეგ, რაც უელსის სამიტზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთან არსებით ღონისძიებათა პაკეტის შემუშავების შესახებ და მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩვენ ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში მოვახერხეთ პაკეტით გათვალისწინებული პროექტების იმპლემენტაციის დაწყება, წვრთნისა და შეფასების ცენტრი პაკეტის ყველაზე მასშტაბური კომპონენტია და მისი დაარსება ნათლად წარმოაჩენს პროგრესს, რომელსაც ჩვენ ერთად მივაღწევთ. ეს სასწავლო ცენტრი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ცენტრის ფუნქციონირება დაგვეხმარება ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებაში. ცენტრის დაარსებას საქართველოში აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დატვირთვა – ეს არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლება. ამის უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი და ცენტრი ამ ეტაპის წარმატებით დაძლევაში დაგვეხმარება. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ თანამშრომლობის ეს ახალი ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ. მეტიც, იგი იდგება რეგიონალური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში. ცენტრი თავისი შინაარსით და ფუნქციით ხელს შეუწყობს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერით საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ერთიან, მშვიდობიან და თავისუფალ ევროპულ ოჯახში.

"წლების განმავლობაში ალიანსის მიერ წარმოებულ ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ მას შესწევს უნარი იყოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი. მიუხედავად უმძიმესი დანაკარგებისა, ჩვენი ქვეყანა კვლავ რჩება ავღანეთში მიმდინარე მისიის ერთ-ერთ უმსხვილეს მონაწილედ. ჩვენი ქვეყანა სრულად აცნობიერებს გლობალური ტერორიზმის და ექსტრემიზმის საფრთხეს. შესაბამისად, ცენტრის დაფუძნება არის საქართველოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს ჩამობრძანებისთვის. ეს არის დემონსტრირება ნატო-ს მხრიდან მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატულებისა. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის მინისტრს და მთლიანად სამინისტროს, ასევე წევრ ქვეყნებს, ყველა ოფიცერს და საჯარო მოხელებს, რომელმაც წვლილი შეიტანა ცენტრის დაარსების საქმეში. მინდა დაგიდასტუროთ, რომ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს და ინტენსიურ დიალოგს ნატოსთან, ევროკავშირთან და დასავლელ პარნიორებთან. მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერით საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ერთიან, მშვიდობიან და თავისუფალ ევროპულ ოჯახში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics