13:48 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-28 09:38:01, 946 ნახვა

საზოგადოება
28 აგვისტოს მარიამობა აღინიშნება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მარიმობას აღნიშნავს. მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, ან მარიამობა — ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების დღესასწაულია.

 მარიამობა მართლმადიდებლობაში  თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა სიაში შედის. დღესასწაული აღინიშნება ძველი სტილით 15 აგვისტოს/ახ. სტ. 28 აგვისტოს. იერუსალიმის, საქართველოს, რუსეთის, სერბეთის ავტოკეფალური და ათონის მთის ავტონომიური ეკლესიები, ასევე უკრაინის ბერძნულ–კათოლიკური (უნიატური) ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობენ იულიანური კალენდრით (ძვ. სტილით), ანუ ახალი სტილით 28 აგვისტოს. მართლმადიდებელი ეკლესიები ამავე დღეს თაყვანს სცემენ აწყურის, გაენათის, წილკნის, მეტეხის, ქვაბთახევის, მოზდოკის, ვლაქერნის და სხვა, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატებს. რომის კათოლიკური ეკლესია, ელადის (საბერძნეთის) და მასთან ერთად რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესია მიძინების დღესასწაულს ახალი სტილით 15 აგვისტოს ზეიმობენ.

ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. და აი, ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუჱნი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“ ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო.

მოციქულები ამ დროისათვის იერუსალიმში არ იყვნენ – სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ, მაგრამ მარიამს ძალიან სურდა, ამსოფლიდან განსვლამდე ყველანი ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა: მეყსეულად შემოჰკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე. ხუთი მათგანი მკვდრეთით აღმდგარიყო. მოციქულები მიესალმნენ მას და მოუთხრეს, თუ როგორ იქნენ აღტაცებულნი მოღვაწეობის ადგილებიდან. გახარებულმა უბიწო ქალწულმა მადლობა შესწირა ღმერთს, შემდეგ კი თავის მიცვალებაზე დაიწყო საუბარი. სწორედ ამ დროს, ასევე სასწაულებრივ, წარდგა მათ წინაშე პავლე მოციქულიც თავისი მოწაფეების: დიონისე არეოპაგელის, საკვირველი იეროთეოსის, ღვთაებრივი ტიმოთეს და სხვა სამოცდაათთაგანთა თანხლებით. მარიამი სახელებით უხმობდა ყველას, ქებას ასხამდა მათ სარწმუნოებას და აკურთხებდა. შემდეგ წმიდა დედა იაკობ მღვდელმთავრის ხელით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. მესამე ჟამს (დაახ. საღამოს 9 საათი) – ღვთისმშობლის ამსოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა, „იქმნა დიდებით განსაკჳრვებელი მოსლვა ქრისტეს ღვთისა და ძისა მისისა დიდებითა მით გამოუთქმელითა“. ისეო ქრისტემ თავისი მშობლის წმიდა და ყოვლად უბიწო სული „საღმრთოთა მათ და უხრწნელთა მკლავთა თჳსთა ზედა მიირქუა“ და ანგელოზთა გალობის თანხლებით აამაღლა ზეცად.

მთელი სახლი საოცარი სურნელებით აივსო. მოციქულები კრძალვით მიეახლნენ ნათელშემომდგარ წმიდა ცხედარს, შემოკრბენ „სნეულნი და არა ძლებულნიც“ და მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს და პარასკევ დილით ღვთისმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს.
ყოვლადწმიდა მარიამის მიძინებას ერთი ათორმეტთაგანი – თომა ვერ შეესწრო. ღვთის განგებით, იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რომ წმიდა გვამისთვის თაყვანი ეცა. კარი მართლაც გააღეს, მაგრამ აკლდამა ცარიელი დაუხვდათ. მაშინ, ერთი ცნობით, „გამობრწყინდა ნათელი ბრწყინვალე, წინაშე კიდობანსა მას, ვითარცა ხორცითა და ჩვეულებისაებრ მდგომარე იხილეს წმიდა ღვთისმშობელი და თაყუანისცეს“. ყოვლადწმიდამ თომა ახლოს მიიხმო და მისი სარწმუნოების აღიარება რომ მოისმინა, „შეიტკბო და აკურთხნა და უჩინო იქმნა“. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთმა შესაძლოა გააუქმოს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ტერაქტების საფრთხის გამო
გარემოს ეროვნული სააგენტო - 30-31 მარტს და 1 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
მაკრონი - პუტინის მოწვევა „დიდი ოცეულის“ სამიტზე შესაძლებელი მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის თანხმობით იქნება
სააგენტო - იური ნოზაძემ აშშ-ში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics