20:28 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 17:53:30, 576 ნახვა

პოლიტიკა
ხელისუფლება 2012 წლის ნოსტალგიაში ჩარჩა - პოლიტოლოგები „ოცნების“ სამ წელს აფასებენ

მოსმენებთან დაკავშირებული პრობლემები, საარჩევნო კოდექსის ვერმოგვარება, პრობლემები მართლმსაჯულებასა და სამართალდამცავ ორგანოებში, ინსტიტუციური პრობლემები, - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც ქართველი პოლიტოლოგების შეფასებით,  ქვეყანას „ქართული ოცნების“ მმართველობის სამი წლის თავზე ისევ აწუხებს. პოლიტოლოგები იმასაც უსვამენ ხაზს, რომ „ოცნებამ“ წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული სისტემის დემონტაჟი ვერ მოახერხა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კოალიცია "ქართული ოცნების"  ხელისუფლებაში მოსვლიდან  3 წელი გავიდა. 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში მე-8 მოწვევის პარლამენტის არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი,  მთავრობის დაკომპლექტება მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილებაში შევიდა.  პრეზიდენტის არჩევნებისა და ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, 24 ნოემბერს  პარტიის ყრილობა გაიმართა, რომელმაც აირჩია ახალი თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პოლიტიკური საბჭო  ხელახლა დაკომპლექტდა.

პარტიამ საკუთარი მიზნები იმთავითვე გამოაცხადა: სამართლიანობის აღდგენა; საგარეო პოლიტიკაში: ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; სოფლის მეურნეობის აღორძინება, საყოველთაო დაზღვევა;

რა შეიცვალა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ?! ექსპერტთა ნაწილი ოცნების სამ წლიან  მმართველობას  საერთო ჯამში, არც თუ დადებითად აფასებს. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველის, გია ხუხაშვილის აზრით, "ქართული ოცნების" და, საერთოდ, საზოგადოების მთავარი ფუნდამენტური მიღწევა, რეჟიმის პირობებში ცხოვრების თავიდან აცილებაა.

ხუხაშვილის განმარტებით, "ქართული ოცნება"  სოციალურად ორინეტირებული პოლიტიკით გამოირჩევა, სასჯელაღსრულების მიმართულებით, ჰუმანიზმის თვალსაზრისით, წინამორბედებისგან გარკვეულ უპირატესობას ფლობს,  მისასალმებელია საყოველთაო დაზღვევის პროგრამაც, თუმცა, მისივე შეფასებით, სხვა და სხვა მიმართულებებით ინსტიტუციური ჩამოყალიბების  გზაზე  წინსვლა არ მოხდა.

"გარკვეული მიმართულებებით  წინა ხელისუფლების სისტემამ შეძლო  და მძევლად აიყვანა დღევანდელი ხელისუფლება. არ აძლევს მას საშუალებას, იყოს  უფრო კარგი, ან ცუდი", -აცხადებს გია ხუხაშვილი "ექსპრესნიუსთან" საუბრისას.

ამასთან, ექსპერტის მოსაზრებით, როგორც კი, საზოგადოებაში ჩნდება გარკვეული პრეტენზია  დღევანდელი ხელისუფლების  მიმართ, ის  წინა ხელისუფლებაზე აპელირებს,  რომ მასზე ცუდი იყო.

"მთავარი ფუნდამენტური მიღწევა "ქართული ოცნების", მოდით ასე ვთქვათ, ქართული საზოგადოების (არმინდა, რომ "ქართულ ოცნებაზე" ჩავეციკლო) გახლავთ ის, რომ ჩვენ ავცდით რიტმს 2012 წელს, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბებულიყო საკმაოდ სასტიკი რეჟიმი და გვეცხოვრა რეჟიმის პირობებში. ეს იყო სისტემური მიღწევა. სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე კი,  "ქართული ოცნება" საკმაოდ წინააღმდეგობრივია და სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ სისტემური წინსვლა, პრაქტიკულად,  არც ერთი მიმართულებით გარდა იმისა, რომ ჰუმანურია, რეჟიმის პირობებში არ გვიწევს ცხოვრება, თუ არ ჩავთვლით სოციალურად ორინეტირებულ პოლიტიკას, საყოველთაო დაზღვევის  პროგრამას, სასჯელაღსრულების მიმართულებით გარკვეულ უპირატესობას ჰუმანიზმის თვალსაზრისით,  ინსტიტუციური ჩამოყალიბების  გზაზე ჩვენ არ გვაქვს, რომ  ამაზე სერიოზულად ვისაუბროთ. მეტსაც გეტყვით, გარკვეული მიმართულებებით  წინა ხელისუფლების სისტემამ შეძლო  და მძევლად აიყვანა დღევანდელი ხელისუფლება და არ აძლევს მას საშუალებას, რომ იყოს  უფრო კარგი, ან ცუდი. ბიჭობანას თამაში დაიწყეს და მუდმივად ცდილობს დღევანდელი ხელისუფლება, რომ  სულ შედარებით რეჟიმში გვაცხოვროს. როგორც კი, საზოგადოებაში ჩნდება გარკვეული პრეტენზია მის მიმართ, ის აპელირებს წინა ხელისუფლებაზე, რომ ის ჩემზე ცუდი იყო. ხელისუფლებამ არ უნდა ილაპარაკოს იმაზე, ვინც იყო მასზე ცუდი და მუდმივად წარსულისკენ არ  უნდა გვახედებდეს. ხელისუფლება წინ უნდა იყურებოდეს და ქვეყნის  განვითარებისკენ დგამდეს ნაბიჯებს. სამწუხაროდ,  დღევანდელი ხელისუფლება ჩარჩა 2012 წლის ნოსტალგიაში და  იქიდან ვერანაირად ვერ  გამოდის", - განაცხადა გია ხუხაშვილმა და აქვე დასძინა,  "ქართული ოცნების" ყველაზე დიდი შეცდომაა ის, რომ მათ   წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული სისტემის დემონტაჟი ვერ მოახერხეს"

ხუხაშვილის შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" -  "ბოლომდე ვერ  თქვა უარი მოსმენების სისტემაზე, ვერ გადადგა ნაბიჯი  სასამართლოშიოწმის დაკითხვის მიმართულებით და  ჩარჩა   ძველ დროში, ვერ თქვა უარი მაჟორიტარულ არჩევნებზე"

"ანუ, დღევანდელი ხელისუფლების პროდუქტი არის ნახევარფაბრიკატი, რომელსაც თანამედროვე საზოგადოებას ვერ აჭმევ",  - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი "ქართული ოცნების" მმართველობიდან სამი წლის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოში თავისუფლების ხარისხი გაუმჯობესდა:

"მოწმენი ვართ იმისა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა სრულიად მკაფიო წარმოდგენა უკეთსსა და კარგს შორის.  შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ფორმულა, რომ უკეთესი არ ნიშნავს კარგს. დიახ, უკეთესია ზოგადად თავისუფლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ რაც იყო 2012 წლამდე, პირველივე ნაბიჯი  "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული გახლდათ უდანაშაულო პატიმართა ამნისტია და ასეთ ვითარებაში ამ ხელისუფლებამ მოახერხა განშორებოდა სამარცხვინო ჩემპიონის წოდებას ევროპის მასშტაბით გამომდინარე იქედან, რომ დიახ, სწორედ "ნაცმოძრაობის" საქართველო იყო  პირველ ადგილზე ევროპაში 100 000 მოქალაქეზე პატიმრების რაოდენობით. ასეთი რამ აღარ არის.

ოჯახის წევრებზე ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა არ ახასიათებს დღევანდელ ბიზნესგარემოს და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროგრესი შეიძლება იქნას შეთავაზებული ჩვენი საზოგადოებისთვის. თუნდაც სადაზღვევო ნაბიჯები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.

კარგი იქნებოდა შეგვედარებინა სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი მსუბუქი ავტომანქანა ჰქონდათ კახელ მევენახეებს 2012 წლამდე და რამდენი აქვთ დღეს. ვნახავთ, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვა  სიუჟეტებს გვაჩვენებენ ხოლმე ზოგიერთი სატელევიზიო სივრციდან", - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი, თუმცა დასძენს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ არის ის, რაზეც ხალხი ოცნებობდა:

"ძნელია იმაზე საუბარი, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის ის, რაზეც ჩვენ ვოცნებობდით. არა ბატონებო, ეს ასე არ გამოვიდა. ამიტომ ვამბობ, რომ გავითავისეთ ცნება იმისა, რომ უკეეთესი  არ ნიშნავს კარგს. სიკარგემდე ბევრი გვიკლია ყველას-ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც, მაგრამ  არის თემები, რომლებიც სრულიად მიუღებელია საზოგადოებაში. კერძოდ, სრულიად გაუგებარი და დიდი ალბათობით საერთოდ არარსებული საკადრო პოლიტიკა ქვეყანაში. არვიცით რა გამოცდილების, როგორი წარმატებული საქმიანობის და სხვა კომპონენტების მქონე უნდა იყოს თანამდებობის მაძიებელი და რამდენად კონსტიტუციური მოთხოვნაა, რომ ვინმე მაღალ თანამდებობის დამკავებელნი უნდა საკუთარ ბიოგრაფიაში ფლობდნენ ოქროს ხანას, რასაც ჰქვია სამსახური „ქართუ“ ჯგუფის შემადგენლობაში. ამიტომ, არსებული  საკადრო პოლიტიკა  ვნებს ჩვენს წინსვლას და თუ რაიმე შედეგი ჩვენთვის ნაკლებად მისაღებია, სწორედ ასეთი კადრების არსებობით არის გათვალისწინებული. არ ვგულისხმობ მხოლოდ უმაღლესი თანამდებობების პირებს. ყველაფერი ნაკლებად სასურველი, თუ ის დედაქალაქში ინერგება, ავტომატურად ვრცელდება შემდგომ მთელ ქვეყანაში.ასე რომ, კმაყოფილები ვართ რა, რომ  მიუხედავად სირთულეებისა, ხელისუფლებამ არც კი დაუთმო  დრო  თემას, იცვლება თუ არ იცვლება ვექტორი საერთაშორისო მისწრაფებებში. რასაკვირველია, კვლავაც   ქვეყნის ყველაზე შემარცხვენელი ორგანო გახლავთ ქართული პროკურატურა, რომელიც დღემდე, როგორც ჩანს, იმართება ადეიშვილის მიერ, ისევე როგორც  უმაღლესი იუსტიციის საბჭო, რომლის 2/3 დაკომპლექტებულია სწორედ, ადეიშვილის მიერ.

ამიტომ, როდესაც ყურიდან ყურში გაატარეს ძირითადი დანაპირები  ჩვენმა მეოცნებეებმა, რასაც ერქვა სამართლიანობის აღდგენა.უგულებელყოფილია მოსაზრებები, რომ უნდა აღდგეს სამართლიანობა. ასეთი რამ სამწუხაროდ შესაძლებელი იყო  ყოფილიყო პროგნოზირებადი, რადგან ერთ წლიანი საქმიანობის  შემდეგ თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადამდგარი მთავარი პროკურორი არის რეალურად სერიოზული ბრალდება თავად ხელისუფლებისაკენ, სწორედ იმიტომ, რომ  მან ვერ შეამჩნია არსებობა პოლიტიკური ნებისა სამართლიანობის აღსადგენად.როდესაც ისინი საუბრობენ მუდმივად "ნაციონალური მოძრაობის"  რეალობაზე და თითს თითზე არ აკარებენ, რომ გააჟღერონ სინამდვილე, თუ რა ხდებოდა  ლაფანყურში 2012 წლის ზაფხულში, ეს ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" არის თანამზრახველი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად  იმ არაკაცული ქმედებებისთვის, რასაც ადგილი ჰქონდა ლაფანყურში",-აღნიშნა ცისკარიშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში.

3 წელი გავიდა 10 თვის  ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდანაც, თუმცა საქმე ამ დრომდე გაუხსნელია.  სოსო ცისკარიშვილი  მიიჩნევს, რომ რაფალიანცის საქმის გამოძიების პოლიტიკური ნება არ არსებობს:

"ამ საქმის დეტალები მთელმა საქართველომ ზეპირად უნდა იცოდეს, მაგრამ, რასაკვირველია, არ არის პოლიტიკური ნება ამ საქმის  გამოძიებისა და საერთოდ, რატომ უნდა სჭირდებოდეს  ნახევარი წელი, 9 თვე, წელიწადი  ამა თუ იმ საკმაოდ მაღალი ინტერესის  მქონე საქმეების გამოძიებას და სასამართლომდე მიყვანას?! რატომ არის აუცილებელი, რომ მხოლოდ შეზღუდული დროით იყოს სასამართლოს სხდომები. დაუსრულებელი საქმეების  რაოდენობა მიანიშნებს სწორედ, უუნარობაზე ფაშისტების, რომლებიც  კი გათავისუფლდნენ, მაგრამ მოწმენი ვართ, ის 2/3 იუსტიციის საბჭოში, რომელიც  მემკვიდრეობად დაგვიტოვა ადეიშვილმა, რა აგრესიულია  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ სწორედ იმიტომ, რომ  არ მოხდეს სასამართლიანობის აღდგენა სასამართლო სისტემაში",-განაცხადა ცისკარიშვილმა.

სოსო ცისკარიშვილი ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის პრობლემაზეც საუბრობს:

"თუ გავაგრძელებთ არსებობას ბიძინა ივანიშვილის სიჯიუტის იმავე კოეფიციენტით, მაშინ კიდევ ბევრ ქმედებას ვიხილავთ ჩვენი ქვეყნისთვის გამომდინარე იქედან, რა კარიერა გაიკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა. რასაკვირველია, მას თავისთვის არაფერი გაუკეთებია, სადაც ეტყოდნენ, იქ ჯდებოდა სავარძელში და ასეთ ვითარებაში ნდობა ხელისუფლების ძალიან რთულია. თავად ხელისუფლება  აბუჩად იგდებს მოსახლეობას, საზოგადოებას. ამიტომ, საზოგადოების რეაქციაც რომ იგივეა, არავის უნდა უკვირდეს. ძალიან ბევრი ღირსეული პარლამენტარი გვყავს დღევანდელ პარლამენტში, მაგრამ ვერ მეტყვით, რომ  სწორედ ისინი არიან გზის გამკვალავი ჩვენს რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში. ამიტომ, მხოლოდ შემიძლია თანავუგრძნო პარლამენტარებს, რომლებიც  მარწუხებში  არიან  გამომდინარე არსებული რეალობისა. ასეთ ვითარებაში რაიმე ოცნებების გამრავლება მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე საუკეთესო საოცნებო წელი უნდა იყოს ხვალიდან დაწყებული და კიდევ ერთი წელი უნდა იყოს ლოდინი იმისა, რომ ჩვენ ეკონომიკურ ოაზისში აღმოვჩნდებით, ვნახოთ ის საკუთარი შეცდომები მაინც აღიარონ",- განუცხადა სოსო ცისკარიშვილმა "ექსპრესნიუსს" და აქვე დასძინა, რომ ზოგადად,   პოლიტიკური ძალა, რომელსაც  თვითკრიტიკის ნულოვანი კოეფიციენტი აქვს,  წარმატებული ვერასოდეს იქნება.

თეონა ნოზაძე




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics