11:09 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-04 16:11:08, 675 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ღვინის ცენტრი გახსნა

მცირე მუზეუმი, ენოთეკა, მარანი, სადეგუსტაციო ოთახები და სასწავლო აუდიტორიები - ეს ყველაფერი ქართული ღვინის ცენტრში ერთიანდება.

ცენტრი, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს განახლებულ შენობაში განთავსდა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად გახსნა.

პრემიერმა მოსახლეობას ქართული ღვინის დღე მიულოცა და ღვინის უძველეს, უნიკალურ კულტურაზე ისაუბრა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჯიღაურას მეურნეობის ტერიტორიაზე უნიკალური ქართული ღვინის მუზეუმი აშენდება, სადაც წარმოჩენილი იქნება ქართული ღვინის წარმოების ისტორია და კულტურა.
„ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ მთელს მსოფლიოს შევახსენოთ, რომ საქართველო ვაზის და ღვინის სამშობლოა; რომ აქ, ამ მიწაზე, უკვე 8 ათასი წელია, იწარმოება ღვინო;  ეს გახლავთ ადგილი, რომელმაც სახელი გაითქვა, როგორც ღვინის აკვანმა“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წლის წინ აშშ-ში გამართული შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ კალიფორნიის უნივერსიტეტში ღვინის ისტორიის სწავლება საქართველოთი იწყება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში შემონახულია ღვინის დაყენების, დაწურვის, შენახვის ტრადიციული მეთოდები და შემთხვევითი არ არის, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

მთავრობის მეთაურმა ღვინის პოპულარიზაციისა და დივერსიფიკაციის ხელშემწყობი ღონისძიებების გააქტიურების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, გაიხსნა რუსეთის ბაზარი, ასევე ხელისუფლების ძალისხმევით, ღვინის ექსპორტი გაიზარდა ყაზახეთში - 68%-ით, პოლონეთში - 85%-ით, ჩინეთში - 107%-ით, ლატვიაში - 50%-ით, ესტონეთში - 35%-ით, დიდ ბრიტანეთში - 46%-ით, იაპონიაში - 110%-ით. პრემიერი განსაკუთრებით მიესალმა დელეგაციას ჩინეთიდან, რომელიც ამ დღის აღსანიშნავად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ასევე გამკაცრდა და კიდევ უფრო გამკაცრდება ღვინის ხარისხის კონტროლი, რათა ქართული ღვინო მაქსიმალურად იყოს დაცული ფალსიფიცირებისგან.

„ჩვენს პატარა მიწაზე, ვაზის კულტურის 500-ზე მეტი სხვადასხვა სახეობა, სხვადასხვა ჯიში არსებობს და მინდა, აქვე განსაკუთრებით აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი. მისი დამსახურებაა, რომ ჩვენს მომავალ თაობებს შემოენახებათ 500-ზე მეტი ქართული სახეობის ვაზი. წლების განმავლობაში, როდესაც წინა მთავრობა ფაქტობრივად არ აქცევდა ყურადღებას მეღვინეობის განვითარებას, ბიძინა ივანიშვილმა, საგურამოში, დააფუძნა ულტრათანამედროვე, ჯიღაურას სანერგე მეურნეობა, სადაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი არის ინვესტირებული, შექმნილია თანამედროვე ლაბორატორია და იქ არის 800–მდე სახეობის ვაზის უნიკალური ჯიში, მათ შორის 500-მდე ქართული და 300-მდე ევროპული ჯიშის ვაზის ნერგი. ბატონმა ბიძინამ ეს მეურნეობა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოსცა და მინდა, კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო ეს დიდი საქმე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქართული ღვინის ცენტრი ღვინის ეროვნული სააგენტოს განახლებულ შენობაში განთავსდა და მასში თავმოყრილია საინტერესო ექსპონატები, ქართული ღვინის მთელი ისტორია.

დაინტერესებული სტუმრები ცენტრში მიიღებენ ფაქტობრივ მონაცემებზე დამყარებულ ინფორმაციას ქართული მეღვინეობისა და მევენახეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ორიგინალური ტრადიციების შესახებ. 

მთავრობის მეთაურმა რთველის წარმატებით მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროის მონაცემებით, გადამუშავებულია 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენი.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ ჭარბ ყურძენში, რომელსაც კერძო სექტორი ვერ ჩაიბარებს, სახელმწიფო, თეთრი ყურძნის შემთხვევაში 0,60 ლარს, ხოლო საფერავზე - 0,85 ლარს გადაიხდის.

„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ის, რომ გლეხს, აღნიშნული ფასის პირობებში, დაახლოებით 100%-იანი მოგება მიეღო. ეს არის ჩადებული ამ ტარიფში. სამი წლის განმავლობაში, რთველის დროს 300 მილიონ ლარამდე ოდენობის ყურძენია გადამუშავებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ეს თანხა შევიდა ჩვენი ქართველი მევენახეების ოჯახში. აგროდაზღვევის პროგრამით, ჯამში 182 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების აგრორისკია დაზღვეული“, - განაცხადა პრემიერმა და სოფლის მეურნეობის მინისტრს პროექტის ინიცირებისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შესახებაც, რომელიც სახელმწიფოს 14 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა და რომლითაც, ჯამში 30-ჯერ მოხდა სეტყვის პრევენცია.

მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობისთვის 150 მილიონ ლარამდე, ხოლო ღვინის ექსპორტიორ კომპანიებზე 40 მილიონი დოლარის სესხი გაიცა. სახელმწიფომ დააფინანსა 20 ახალი საწარმო მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით, ასევე დაფინანსდა არსებული ქარხნების გაფართოება, რაც ბუნებრივი მოსავლის რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობია.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყურძნის სუბსიდიის თანხა, მესამე წელია, არ შეცვლილა და რჩება - თეთრ ყურძენზე - 15 თეთრის, ხოლო შავზე - 35 თეთრის ოდენობით.
„ეს არის სერიოზული დახმარება ჩვენი მევენახეებისთვის და ამ დარგს სჭირდება სერიოზული ხელშეწყობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურს, ქართული ღვინის დღესთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა საჩუქრად სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ დამზადებული იშვიათი ღვინო გადასცა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო თანდილაშვილი - კლიმატის ცვლილება არ არის საზოგადოების ცალკეული ნაწილის გამოწვევა, ეს საყოველთაო პრობლემაა და მასთან გამკლავება ერთიან ძალისხმევას საჭიროებს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 440 790-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთში ულტრა სწრაფი ინსულინის დეფიციტია
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics