07:59 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 14:29:02, 489 ნახვა

პოლიტიკა
ანი მიროტაძე ვიზალიბერალიზაციის პროცესზე ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს არ ეთანხმება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანი მიროტაძე შიშობს, ევროპის საზღვრებთან დევნილების დიდმა რაოდენობამ, ვიზალიბერალიზაციის პროცესზე გავლენა არ მოახდინოს.

თუმცა, მიროტაძე არ იზიარებს გამოთქმულ პრეტენზიებს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროკომისიის რეკომენდაციები ქართული მხარის მიერ სრულყოფილად არაა შესრულებული და არის საკითხები, რომელთა შესრულებაც უკეთესად შეიძლებოდა.

როგორც მიროტაძემ "ექსპრენსიუსს" განუცხადა, არც ერთი არგუმენტი, რომელთან დაკავშირებითაც საუბრობენ,  მტკიცებულებებით არ არის გამყარებული. დეპუტატის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ უამრავი სამუშაო ჩაატარა იმისათვის, რათა  სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით  ევროკომისიის რიგით მე-4 ანგარიშში  დადებითი შეფასება იყოს და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის  ტექნიკური  პროცესი დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს.

"დავიწყებ პრეტენზიებით, რომელიც ქართული მხარის მიმართ არის. ანტიდისკრიმინაციული კანონიც მივიღეთ ჩვენ და ყველა დონეზე, ყველა შეხვედრაზე ხაზგასმა ხდება ჩვენი უცხოური პარტნიორების მხრიდან, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული და წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი მხრიდან. შესაბამისად, მე არვიცი,  რას გულისხმობენ და რა საფუძველი აქვთ იგულისხმონ, რომ ანტიდიკსრიმინაციულ კანონში ამ დრომდე არ შევიდა შესაბამისი ცვლილება.

რაც შეეხება მიგრაციის საკითხების მოგვარებას, თქვენ იცით, მიგრაციის სამსახური გავაკეთეთ, რაც არ არსებობდა აქამდე და გაკეთდა. მიგრანტების თავშესაფართან დაკავშირებითაც ყველა პრობლემა მოგვარებულია. სხვათაშორის, უმოკლეს ვადებში.

რაც შეეხება, ჩვენ როგორ ვაგრძლებთ ამ პროცესს, იცით, რომ ერთი ეტაპი დასრულდა ძალიან წარმატებულად და ძალიან მაღალი შეფასებები არის ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ამ დრომდე  ვაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას და, მათ შორის, საკანონმდებლო ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით ევროპულ კანონმდებლობასთან და უამრავი კანონპროექტის განხილვა და მიღება ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ. შესაბამისად, ეს პროცესი გრძელდება და გაგრძელდება დეკემბრიდან იანვრის შემდეგაც, ვინაიდან ბევრი რეგულაციაა, რომელიც უნდა მოერგოს ევროპულ კანონმდებლობას", - განაცხადა ანი მიროტაძემ და აქვე დასძინა, რომ შესაძლოა გარკვეული ხარვეზები არსებობს, თუმცა ისინი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ  ვიზალიბერალიზაციის პროცესზე სერიოზული  გავლენა მოახდინოს.

"გარდა ამისა,  შესაძლოა არსებობს რაღაც გარკვეული ხარვეზები, მაგრამ იმ ძირითადი მიმართულებით, რომელზეც იყო ხაზგასმა, რას უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა, რათა დაიწყოს აქტიური მსჯელობა იმაზე, მოხდება თუ არა გამარტივებული სავიზო რეჟიმით ევროკავშირის ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება, ჩვენ ეს შესრულებული გვაქვს. არსებობს შიდა გამოწვევები და ხარვეზები, მაგრამ ეს არ არის  ხელისშემშლელი ფაქტორი",-აღნიშნა ანი მიროტაძემ.

დეპუტატს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვის დროს, ერთი მნიშვნელოვანი საგარეო ფაქტორი აშინებს - ეს არის დევნილების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ევროპის საზღვრებთან.

"მე უფრო მეშინია სხვა რამის, რომელიც  ჩვენზე არც იყო დამოკიდებული და რომელიც არის მოცემულობა, რომელმა მოცემულობამაც ბევრი რამე შეცვალა. ვგულისხმობ დევნილების განსაკუთრებით დიდ რაოდენობას ევროპის საზღვრებთან. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში შეიძლება დადგეს ჩვენი ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვის დროს, იყოს სწორედ ის, რომ  ევროპის საზღვრებთან არის ძალიან ბევრი მიგრანტი  და დევნილი და ითხოვს ევროპის ტერიტორიაზე გადაადგილებას", - განაცხადა ანი მიროტაძემ და იმედი გამოთქვა, რომ  გადაწყვეტილების მიღებისას, საგარეო ფაქტორები გავლენას ვერ მოახდენს.

"დეკემბრამდე კიდევ დროა დარჩენილი და ეფექტურად  გამოვიყენებთ, რომ თუკი რამე ხარვეზია, კითხვის ნიშანია, ეს ყველაფერი აღმოიფხვრას და გამოსწორდეს. მე ვიცი ერთი რამ ზუსტად, რომ ამ მიმართულებით  საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულად მუშაობს",-გაუცხადა ანი მიროტაძემ "ექსპრესნიუსს".

ცნობისთვის, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ  არ აქვს განცდა, მიგრაციის, ტრეფიკინგის, თავშესაფრის პოლიტიკისა და  კორუფციის მიმართულებებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, ქართული მხარის მიერ  ყველაფერი ისე კეთდება, როგორც მას  ევროკავშირი ითხოვს. მისივე თქმით, იმისათვის, რომ  პოლიტიკური გადაწყვეტილება სწრაფად და საქართველოს სასარგებლოდ იქნას მიღებული, საჭიროა ძალიან ინტენსიური დიპლომატიური მუშაობა. ფანჯიკიძე  ქართული მხარის მიერ ამგვარ მუშაობას ვერ ხედავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ფანჯიკიძე ფიქრობს, რომ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით,  ევროკომისიის რიგით მე-4 ანგარიშში დადებითი შეფასება იქნება.

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების იმედი აქვს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერ ვანო ჩხიკვაძესაც, თუმცა როგორც ჩხიკვაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ევროკომისიის რეკომენდაციები ქართული მხარის მიერ სრულყოფილად არაა შესრულებული და არის საკითხები, რომელთა შესრულებაც უკეთესად შეიძლებოდა.

ვანო ჩხიკვაძეს ერთ-ერთ ასეთ საკითხად ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების ( მისი გავრცელება  კერძო სექტორზეც) შეტანა მიაჩნია, რომლის მიღებაც პარლამენტმა დღემდე ვერ შეძლო.

ინფორმაციისთვის, საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში 28 სექტემბერს 4 დღიანი ვიზიტით საქართველოს ევროკავშირის  შემფასებელი მისია  ეწვია და ევროკომისიის რეკომენდაციების  შესრულების მიმართულებით  საქართველოს მთავრობის  მიერ განხორციელებული ღონისძიებები შეაფასა.

საქართველოს მიერ  სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით  ევროკომისიის რიგით მე-4 ანგარიში მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნდება, რის შედეგადაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის  ტექნიკური  პროცესი დასრულდება.

არსებული პროცედურის  თანახმად, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის პარლამენტს, საქართველოს  მოქალაქეთათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის  რეჟიმის შემოღების შესახებ, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ უნდა იქნას  პოლიტიკური გადაწყვეტილება.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველოს  მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში (+ შენგენის 4 კანდიდატი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics