19:26 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 16:09:52, 511 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: საქართველოში აწინაურებენ მათ ვინც მორჩილია, ვინც არა - ათავისუფლებენ

უცხოურ გამოცემაში  www.politico.eu  საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას წერილი გამოქვეყნდა, სადაც ალასანია საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, პრობლემებსა  და ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს.

 მასალა სათაურით "დავიწყებული მოკავშირე" ვებგვერდზე www.politico.eu დღეს გამოქვეყნდა.

"22 წლის ვასილ ყულჯანიშვილი გასულ კვირას ავღანეთში,  საკუთარ მოვალეობას - საპატრულო მისიას ასრულებდა, როცა მოკლეს.  სახლიდან შორს, ფართო საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევასა და მიზნებს იგი საკუთარი სიცოცხლის  ფასად იცავდა. 

რიგითი ყულჯანიშვილი 31-ე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა იმ ათი წლის მანძილზე, რაც საქართველო ნებაყოფლობით გახდა ავღანეთში, ნატოს ხელმძღვანელობით ჩატარებული მოქმედებების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე გათვლით (ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ). საქართველო დღემდე არც ნატო-ს წევრია და არც  ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო ზუსტი სამოქმედო გეგმა მიუღია. ალბათ გვეპატიება, თუ თავს დავიწყებულ მოკავშირედ ჩავთვლით. 

უკრაინელებსა და რუსეთის მიერ ზურგგამაგრებულ სეპარატისტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთახმების  დროდადრო დარღვევასთან ერთად, ჩვენი მეგობრები და მეზობლები უკრაინაში,  დასავლეთის იმედზე ყოფნის მწარე  გაკვეთილს იმკიან. უკრაინის ევრომოედანმა კორუმპირებული ლიდერი დაამარცხა და გააძევა, მაგრამ შემდეგ ჩვენი საერთო, მძლავრად მილიტარიზებული ჩრდილოელი მეზობლის რისხვა გამოიწვია. ეს ის გაკვეთილია, რომელიც ჩვენ ჩვენი მწარე გამოცდილებიდან კარგად ვიცით. სწორედ ამიტომ, ჩვენ და უკრაინელებს, არსებით საკითხებში კარგად გვესმის ერთმანეთის.  უკრაინელებსაც აქვთ მიზეზი, რომ  თავი დავიწყებულად და მიტოვებულად იგრძნონ.

თუმცა, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლებიც ჩვენი მძიმე სამეზობლო გარემოთია განპირობებული, საქართველო კვლავაც აგრძელებს იმის დემონსტრირებას, რომ ჩვენი პირობა ურყევია. რეგიონში საქართველო ყველაზე თავისუფალი და ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა იმ პოლიტიკური პარტიისთვის, ვისაც ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა. ყოველწლიურად ჩვენ მილიონობით ადამიანს ვმასპინძლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვენი სტუმართმოყვარეობის, ბუნებისა და კულტურის გასაზიარებლად.

2008 წლის თავდასხმის შემდეგ ფეხზე დავდექით და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების თითქმის ერთი მესამედი ჯერ კიდევ ოკუპირებულია, ქართველებმა არ დავუშვით, რომ ამ ეგზისტენციალურ საფრთხეს შეეცვალა ჩვენი სული. ჩვენ ამაყი, შრომისმოყვარე. და რიგითი ყულჯანიშვილის მსგავსად, მამაცი ხალხი ვართ. მართალია, ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლება აღარ ყიდულობს ჟურნალ ,,ეკონომისტის“ მთელ სარეკლამო გვერდს, რომ იამაყოს საქართველოს მიღწევებით.  ეს აღარ არის საჭირო, ვინც გვიცნობს მათ ეს ისედაც იციან. თუმცა, ჩვენ მეტი შეგვიძლია და მეტი უნდა გავაკეთოთ.

ჩვენი თავისუფლება, რომელიც  ჩვენი სავიზიტო ბარათია, დაცული არ არის. უკვე მერამდენედ, ახალი ენერგიითა და იდეებით მოსულმა ხელისუფლებამ გადაუხვია გეზიდან და ავტორიტარულ გზას დაადგა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. სწორედ ამიტომ, კოალიციამ ,,ქართული ოცნება“, რომლის ნაწილი მაშინ ჩემი პარტიაც იყო, დაამარცხა ყოფილი პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის  დესპოტური მთავრობა. სწორედ ამიტომ მოახერხა მანამდე  სააკაშვილმა თავის გუნდთან ერთად, შევარდნაძის სწორი განზრახვების მქონე, მაგრამ კორუმპირებული  მთავრობის ჩანაცვლება.

დღეს ჩვენ შიგნიდან ვიღწვით დემოკრატიის გაძლიერებისა და შენარჩუნებისათვის. ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან იყოს ანგარიშვალდებული მის მიერ გაცემულ ისეთ დაპირებებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო სისტემის მეტი წარმომადგენლობითობა და მედიის დაცვა ისეთი  ცენზურისგან, როგორიც ახასიათებს ევრაზიის რეგიონს. ახლანდელ ხელისუფლებაში თავი იჩინა იგივე ნეგატიურმა ტენდენციებმა, რამაც  სააკაშვილის ადრეული პერიოდის მიღწევების ნიველირება მოახდინა. იხურება სატელევიზიო თოქ-შოუები, სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიზირებული, ხოლო სამართალი შერჩევითია. გარდა ამისა, მმართველმა კოალიციამ არაფერი გაკეთა საარჩევნო რეფორმის მიმართულებით, რომლის განხორციელების პირობა მან ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს დადო.

ყველაზე დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ვართ, იმის შედარებით რბილი ვარიანტია, რასაც ოთხი წლის წინ ვუპირისპირდებოდით. 2012 წელს ოპოზიცია გამოდიოდა იმ პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც იმდენად ბოროტად იყენებდა საკუთარ ძალაუფლებას, რომ ჩვენს საზოგადოებაში შიშმა დაისადგურა. დღეს შიში ნაკლებია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მხოლოდ ერთი ადამიანი წყვეტს და აკონტროლებს ყველაფერს. ერთ დროს ,,ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი და დამფინანსებელი  ბიძინა ივანიშვილი, ხშირად და იმპულსურად საუბრობს - ის დონალდ ტრამპის ქართულ ვარიანტს წააგავს. თუმცა, საქართველოში ივანიშვილი უფრო მძლავრი ფიგურაა, ვიდრე ტრამპი ამერიკაში. მათ, ვინც მორჩილია - აწინაურებენ, ხოლო ვინც არა - ათავისუფლებენ თანამდებობებიდან. მოვხვდი რა მეორე კატეგორიაში, გამოცდილება მალაპარაკებს.

ჩემი და ივანიშვილის მოსაზრებები სამხედრო სფეროში შესყიდვების პროექტთან დაკავშირებით  გასულ შემოდგომაზე გაიყო და მე გამათავისუფლეს თანამდებობიდან. ჩვენი გუნდის ოთხი წევრი, ჩემი რწმენით,  ყალბი ბრალდებებით დააპატიმრეს. ჩვენ ვიბრძოლებთ სასამართლოში მათი გამართლებისთვის და იმედი მაქვს, რომ გონიერება და სამართალი გაიმარჯვებს. ასევე ვიბრძოლებთ იმ სფეროების გამოსასწორებლად, სადაც პროგრესი ამჟამინდელმა  ხელისუფლებამ ჩაკლა თავისი მმართველობის სამ წელიწადში.

ქართველებმა არაერთგზის დავუმტკიცეთ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია საკუთარი პრობლემები თავად მოვაგვაროთ. დავამტკიცეთ, რომ მზად ვართ და შეგვიძლია საკუთარი წვლილი შევიტანოთ რეგიონის უსაფრთხოებისა და მშვიდობის საქმეში. ჩვენ, ასევე, ვაგრძელებთ ინვესტორების ინტერესების დაცვას და რეფორმების განხორციელებას ისეთ დონეზე, რომელსაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ მარკ მობიუსმა უპრეცედენტო უწოდა. ყველაფერი ეს კი მეტ აღიარებას იმსახურებს ამერიკასა და ევროპაში.

ახლახანს გადაიდო სავიზო შეთანხმება ევროკავშირთან. მცირე ან საერთოდ არანაირი წინსვლა არ შეიმჩნევა ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფართოებული  ვაჭრობის შესახებ საკითხში. ვერც ნატოს მიმართულებით ვიღებთ სათანადო დაფასებას. თითქოს ჩვენს შესაძლებლობებს ვერავინ ხედავს, მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო  ცეცხლის ალშია გახვეული და გიგანტური სახელმწიფოები ერთმანეთს ეჭიდებიან შეუმდგარ ან დაშლის პირას მისულ სახელმწიფოებზე გავლენის მოსაპოვებლად. ქართველები სწორი მიმართულებით მივდივართ, რადგან ეს ჩვენი ბუნებაა. ეს დაუფასებელი არ უნდა დარჩეს, ისევე, როგორც ვასილ ყულჯანიშვილის შეწირული სიცოცხლე",- ნათქვამია ირაკლი ალასანიას წერილში.

ცნობისთვის, ალასანია იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი, გაეროში საქართველოს ელჩი და გადასახლებაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი. ამჟამად იგი არის ოპოზიციური პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ალტინფო აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics