00:13 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 18:02:27, 675 ნახვა

სამართალი
აუდიტის სამსახური გლდანისა და სამგორის გამგეობების საქმიანობაში გამოვლენილ დარღვევებს ასაჯაროებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური გლდანისა და სამგორის რაიონული გამგეობების 2013-14 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ მნიშვნელოვან დარღვევა-ნაკლოვანებებს ასაჯაროვებს.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასაჯაროვებს გლდანისა და სამგორის რაიონული გამგეობების 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ მნიშვნელოვან დარღვევა-ნაკლოვანებებს, რომელიც შესაბამისი სამსახურების მხრიდან  რეაგირებას საჭიროებენ.

„თბილისის მერიის ადმინისტრაციის აუდიტის პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი არასწორი საკადრო პოლიტიკისა და არაეფექტური მართვის პრობლემები, რომელთა შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება აუდიტის დასრულების შემდეგ.

სამგორისა და გლდანის რაიონების 2013-2014 წლების და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის  შესაბამისობის აუდიტის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ:

სამგორისა და გლდანის რაიონების 2013-2014 წლების და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა სხვადასხვა სახის დარღვევა-ნაკლოვანებები. მათ შორის, უმწეო მოქალაქეების უფასო სასადილოებით მომსახურების შესყიდვისას, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს აფიდავიტის მოთხოვნების დარღვევებს, რამაც საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა გამოიწვია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე განმარტებით, უფასო სასადილოებისთვის 2013 წელს გამოცხადებული ტენდერების მონაწილეები ძირითადად შპს „ილი“ („ილი ჯგუფი“) და შპს „ლიზი“ არიან. როგორც ცხრილიდან ჩანს, მომსახურების შესყიდვისას გამგეობის სატენდერო კომისიამ ოთხჯერ მოახდინა შპს „ლიზის“, ხოლო ერთხელ- შპს „ილის“ დისკვალიფიკაცია. დისკვალიფიკაციის მიზეზი ხუთივე შემთხვევაში იდენტურია - ფასების ცხრილისა და ტექნიკური დოკუმენტაციის, კერძოდ, სასადილოს მოსაწყობად საჭირო ფართის ფლობის დამადასტურებელი საბუთის დაუზუსტებლობა.

„ჩვენს ხელთარსებული სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ იმ შემთხვევაში, როცა პრეტენდენტების მიერ შეთავაზებული მიწოდების საბოლოო ფასები

მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს არ აქვს წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია. კომისიამ, დაბალი ფასის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველზე, ხელშეკრულება უფრო მაღალი ფასის მქონე პრეტენდენტთან გაააფორმა, რამაც შესყიდვის ღირებულების გაზრდა გამოიწვია. დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტების დისკვალიფიკაციითა და უფრო მაღალი ფასის პრეტენდენტთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, შესყიდვის ჯამური ღირებულება გაიზარდა 92.4 ათასი ლარით.

არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ პრეტენდენტებმა დაარღვიეს საქართველოს შესყიდვების კანონმდებლობით განსაზღვრული აფიდავიტის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, კონკურენტებს ეკრძალებათ კომუნიკაცია, შეთანხმება, ან მოლაპარაკება, სატენდერო წინადადების ფასის და წინადადების წარდგენის, ან წარდგენისაგან თავის შეკავების შესახებ. შპს „ლიზი“ და შპს „ილი“, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სავარაუდოდ, მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აუდიტის ობიექტი ვალდებული იყო შეესწავლა აღნიშნული საკითხი და გაეტარებინა კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ღონისძიებები.

საკითხის მნიშვნელობიდან, უკვე გამოვლენილი გარემოებებიდან  და შეფასებული რისკებიდან გამომდინარე, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას შესაბამისი ორგანოების მიერ“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის განცხადებაში.

აუდიტის სამსახურის განმარტებით, სამგორისა და გლდანის რაიონების 2013-2014 წლების და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის  შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ხარვეზები  ამხანაგობების მეშვეობით ქალაქ თბილისის ახალშემოერთებულ სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებში.

ამასთან, მათივე ცნობით, წყალმომარაგების ქსელის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადა შპს  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“.

 ამხანაგობებმა სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება გააფორმა იმავე კომპანიასთან.  საერთო სახელშეკრულებო ღირებულებამ სამგორში შეადგინა 6907.2 ათასი ლარი, ხოლო გლდანში  -  5595.0 ათასი ლარი.  აღსანიშნავია, რომ შემსრულებელ კომპანიას ავანსის სახით ჩაერიცხა სამგორის რაიონში - 2736.3 ათასი ლარი, ხოლო გლდანის რაიონში - 2238.0 ათასი ლარი.

დოკუმენტაციის შესწავლით იკვეთება რიგი უზუსტობები, კერძოდ:

„ფარული სამუშაოების მოცულობები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობებთან შედარებით, ხოლო ფარული სამუშაოების აქტები არ არის შედგენილი;

ხარჯთაღრიცხვა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  თავად მოამზადა, მიუხედავად ამისა, შესრულებულია 600 ათას ლარზე მეტი ღირებულების ისეთი სამუშაოები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვებით;

არსებობს მაღალი რისკი, რომ თავდაპირველად გაფორმებულ ხელშეკრულებებში ერთეულის ფასები გაზრდილი ღირებულებით იყო გათვალისწინებული და შემდეგ ანაზღაურებული. აღნიშნულ რისკს ამყარებს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა, რაც გულისხმობდა სამუშაოების ღირებულების დათვლას ფაქტიური დანახარჯების მიხედვით. დასკვნის შედეგად ერთეულის ფასებში გამოვლინდა მნიშვნელოვანი სხვაობები;

მიმწოდებელს 2014 წლის 9ივნისსწარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტით ანაზღაურებული თანხიდან 75.6 ათასი ლარი ჩაერიცხა ისე, რომ სამუშაოების დასახელებები ფორმა N2-ში არ იყო მითითებული (გლდანის რაიონი).

ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობები მნიშვნელოვნად განსხვავდება შესრულებული სამუშაოს აქტებში დაფიქსირებული მოცულობებისგან; მაგალითად, აუდიტის ჯგუფის მიერ სამუშაოების ადგილზე შემოწმებით და ამხანაგობების თავმჯდომარეების ახსნა-განმარტებების საფუძველზე გამოვლინდა, რომ შეუსრულებელია ფორმა №2-ში  დაფიქსირებული ასფალტობეტონის საფარის აყრის სამუშაოების ნაწილი. (სამგორის რაიონში 20.2 ათასი ლარი);

შესრულებული სამუშაოების ნაზარდ ჯამში (ფორმა N3) წარმოდგენილი მოცულობები განსხვავდება ფორმა N2-ში წარმოდგენილი ნაკრები მოცულობებისგან.

შესრულებული სამუშაოების აქტები შეიცავს სხვა უზუსტობებსაც.

2015 წლის 3 ივნისს შემსრულებლის დაკვეთით, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ ჩაატარა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომელიც შეეხო შესრულებული სამუშაოს აქტებისა და ფაქტობრივად გაწეული დანახარჯების შესაბამისობას. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გამგეობების მიერ გადახდილ თანხებსა და ფაქტობრივ დანახარჯებს შორის სხვაობამ შეადგინა 3.784 მილიონი ლარი. აუდიტის პერიოდში მიმწოდებლის მიერ საბიუჯეტო ანგარიშზე დაბრუნებულია 3.672 მილიონი ლარი.

აღსანიშნავია, რომ საექსპერტო გამოკვლევები არ შეხებია შესრულებული სამუშაოების მოცულობებს. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ექსპერტი დაეყრდნო შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (ანუ სამუშაოების შემსრულებლის) გენერალური დირექტორის წერილს, რომლითაც ის აცხადებდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მოცულობები სრულად იყო შესრულებული.

აგრეთვე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება, თანხით 904.2 ათასი ლარი ფორმა №2-ში მოცემულია გაუშიფრავი სახით. შედეგად, ექსპერტიზის მიერ ვერ მოხდა ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული 904.2 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოების პირდაპირი დანახარჯების შემოწმება, შესაბამისი დოკუმენტაციის არ/ვერ წარმოდგენის გამო.

საექსპეტო დასკვნით, მანქანამექანიზმებზე დაანგარიშება ვერ განხორციელდა ფაქტიური დანახარჯების მიხედვით. ღირებულება გამოყვანილი იქნა სამშენებლო რესურსებზე არსებული სტატისტიკური ფასებით.

ზემოთ მოყვანილ გარემოებებზე დაყრდნობით,უკვე გამოვლენილი და ექპერტიზით დადასრურებული სხვაობების გარდა, წყალმომარაგების სისტემის სრული ექსპერტიზის შემთხვევაში,  შესაძლოა გამოვლინდეს დამატებითი სხვაობები.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 20 მაისს სამგორის რაიონში ამხანაგობა „დიდი ლილოს“ თავმჯდომარესა და მიმწოდებელ კომპანიას შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, თანხით 538.1 ათასი ლარი. ამხანაგობის თავმჯდომარის წერილობითი განმარტებით, დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის.

აუდიტის ჯგუფის მანდატიდან გამომდინარე (რადგანაც დამკვეთი არის ამხანაგობა, ხოლო შემსრულებელი - კერძო კომპანია.) სრული სურათის დასადგენად, ხელი არ მიგვიწვდება კერძო სამართლის სუბიექტების პირველად დოკუმენტაციაზე. თემის  მნიშვნელობიდან და წინასწარი შედეგებიდან გამომდინარე, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას შესაბამისი ორგანოების მიერ.

გარდა აღნიშნული შესყიდვისა, არსებობს მაღალი რისკი, რომ 2014 წელს სამგორის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ითვალისწინებდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ღირებულებით - 431.8 ათასი ლარი, ასევე ადგილი ჰქონდა პრეტენდენტების მიერ აფიდავიტის მოთხოვნების დარღვევას. კერძოდ, ტენდერზე ყველაზე დაბალი ფასი - 302.5 ათასი ლარიწარმოადგინა შპს „არსაკიძე-2000“-მა. აღნიშნულმა კომპანიამ გამარჯვების შემდეგ უარი განაცხადა სატენდერო წინადადებაზე და მოხდა მისი დისკვალიფიკაცია. შემდეგმა პრეტენდენტმა, - შპს „კომფორტმშენმა“ არ დააზუსტა სატენდერო დოკუმენტაცია, რის გამო ასევე მიიღო დისკვალიფიკაცია. გამარჯვება მიეკუთვნა შემდეგი ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენ კომპანიას შპს „სატრანსპორტო საამშენებლო კომპანიას“, ღირებულებით - 325.4 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ ტენდერში გამარჯვების შემდეგ შპს „სატრანსპორტო საამშენებლო კომპანიამ“ სამი სარეაბილიტაციო ქუჩიდან ორის შესრულებაზე, ქვეკონტრაქტორად აიყვანა შპს „არსაკიძე 2000“, - აღნიშნულია განცხადებაში. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics