18:03 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 14:08:05, 545 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიებს, რომლებსაც პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მოუწოდებს, საჭირო პროცედურები დროულად განახორციელონ.

ცესკო პოლიტიკური პარტიებისთვის პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წელია და პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა სურთ, რეგისტრაციისთვის შესაბამისი პროცედურები უნდა განახორციელონ:

„პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში (საქართველოს საარჩევნო კოდექსი - მუხლი 113, პუნქტი 1, „ბ“ ქვეპუნქტი), ცესკოს თავმჯდომარეს სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე, რის შემდეგაც მან უნდა წარმოადგინოს მხარდამჭერთა სიები. კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში, ცესკოს უნდა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1000 ამომრჩევლის სია;

ხოლო პარტიამ, რომელიც არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, უნდა წარმოადგინოს სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია. პარტია ვალდებულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები ცესკოს წარუდგინოს სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 აგვისტოსი. პოლიტიკური პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57 დღისა. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად (113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი), პარლამენტში პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის (რომელშიც ეს პარტია იყო გაერთიანებული) წარდგენით არის არჩეული.

ასევე პარლამენტში პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის პარლამენტში არჩევამდე იმ პარტიის წევრი იყო, რომელი პარტიაც ამ არჩევნებში არ მონაწილეობდა, მაგრამ მისი პარტიის წევრობა მითითებული იყო 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიის/ბლოკის სიაში და 2016 წლის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღისთვის იმავე პარტიის წევრია. ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics