13:41 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 17:12:22, 788 ნახვა

ეკონომიკა
ბუცხრიკიძე: მოგების გადასახადის ესტონური მოდელი შეღავათებს ბანკებზეც ითვალისწინებს, ამიტომ, არასწორი იქნება, თუ აქედან ბანკებს ამოვრთავთ

"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორისთვის ვახტანგ ბუცხრიკიძისთვის გაუგებარია, რატომ არ ეხება ბანკებს მოგების რეფორმა, რომელსაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.

როგორც ბუცხრიკიძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ბანკების ასოციაცია აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ პოზიციას მომავალ კვირაში დააფიქსირებს.

ბუცხრიკიძის თქმით, მოგების გადასახადის რეფორმა ე.წ. ესტონურ მოდელს ეფუძნება, ესტონური მოდელი კი, შეღავათებს ბანკებისთვისაც გულისხმობს:

"ჩვენთვის სიახლეა, გუშინ გავიგეთ ეს ინფორმაცია. გუშინ გვქონდა პირველი შეხვედრა ბანკების ასოციაციაში, ჯერჯერობით ვაყალიბებთ ჩვენს საერთო პოზიციას და, ალბათ, მომავალ კვირაში ჩვენს პოზიციას ბანკების ასოციაციის საშუალებით ჩამოვაყალიბებთ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს არის ესტონური მოდელი და ესტონური მოდელი ითვალისწინებს, რომ შეღავათი ბანკებზეც ვრცელდება. აქედან გამომდინარე, ჩვენს ოფიციალურ პოზიციას მომავალ კვირაში დავაფიქსირებთ", - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ვახტანგ ბუცხრიკიძის განმარტებით, საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით, მთავრობის ინიციატივა მნიშვნელოვანია, თუმცა მისთვის უცნობია, რა არგუმენტებითაა გამონაკლისი ბანკები:

"ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რატომ არის გამონაკლისი ბანკები. ვფიქრობთ, რომ როგორც სხვა ბიზნესები, ასევე ბანკებიც ამ სისტემაში უნდა შედიოდნენ. პირველ რიგში ვთვლით, რომ ეს ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რასაც მთავრობა ახორციელებს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ბანკებიც ჩართული უნდა იყვნენ. მინიმუმ ორი არგუმენტია ამისათვის იმიტომ, რომ პრეცედენტულად, არასწორი იქნება, თუ ესტონურ მოდელს ვამბობთ და აქედან ბანკებს ამოვრთავთ, მეორე- ბანკები და საბანკო სექტორი არის ისეთი სფერო, სადაც უამრავი უცხოელი ინვესტორია და ალბათ ჩვენთვის რთული იქნება, ავხსნა, რატომ არის ქართული ბანკები ამოვარდნილი ამ სისტემიდან", -განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

გუშინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რომელზეც საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი დამტკიცდა, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ "დაბეგვრის რეჟიმი ბანკებისთვის, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის არ შეიცვლება, ვინაიდან ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ დგას-საბანკო სექტორი საინტერესოდ ვითარდება" „ვსწავლობთ არის თუ არა პრობლემები ინვესტირების და ა.შ. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ დგას. საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება ეს სექტორები, მათ შორის საბანკო სექტორი, მათ მხარდაჭერა თუ სჭირდებათ, ეს ნამდვილად არ არის ფისკალური. დაბეგვრის რეჟიმი არ შეეცვლება ასევე ორგანიზაციებს, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მოგების განაწილება, შესაბამისად, მას არ ანაწილებენ", - დასძინა ნოდარ ხადურმა.

ამასთან, ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ თუკი მოგების რეფორმა ბანკებს შეეხებათ, "თიბისი ბანკი" სტრატეგიას არ შეცვლის და მოგების გადასახადს მაინც გადაიხდის: "მიუხედავად იმისა, თუ მოხდება ისე, რომ ბანკები შევლენ მოგების გადასახადის შემცირებაში, ეს არ გამოიწვევს იმას, რომ მაგალითად, აუცილებლად ბანკები არ გადაიხდიან გადასახადს.

"თიბისი ბანკის" მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ჩვენს სტრატეგიაში განსაზღვრული გვაქვს, რომ მინიმუმ ჩვენი მოგების 25% დივიდენდად დავარიგოთ. აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა მოხდეს ცვლილებები, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ 25%-ის გაცემას. ანუ, თუ ბანკები შევლენ ამ სისტემაში, 25% -ის გადასახადს მაინც გადავიხდით, რადგან ჩვენი სტრატეგია არ შეიცვლება. ალბათ, სხვა ბანკებიც იგივე სტრატეგიას შეინარჩუნებენ",-აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადებული საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი, საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს. ცვლილების ძირითადი ნაწილი ეხება მოგების გადასახადის რეფორმას, რომელიც ე.წ. ესტონურ მოდელს ეფუძნება.

აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში. მოგების გადასახადის რეფორმის გარდა, ცვლილებები საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მხრივაც ხორციელდება. კერძოდ: საგადასახადო დავის პერიოდში პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება განხორციელდება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით; საგადასახადო შემოწმებას განახორცილებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო; კომპანია, რომელიც ძირითად საშუალებებს იყენებს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში, ძირითადი საშუალების იმპორტისას აღარ გადაიხდის დღგ-ს თანხას; გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, ჩამოეწერებათ: 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების თანხა და 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებაზე დარიცხული სანქციები, ძირითადი თანხის გადახდის პირობით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics