20:33 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 19:27:28, 2515 ნახვა

პოლიტიკა
რას გულისხმობს საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელი და რა უპირატესობა აქვს არსებულთან (ინტერვიუ)

არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას საარჩევნო სისტემად გერმანული მოდელის დანერგვას სთავაზობს. ინტერპარტიულმა ჯგუფმა ამ საკითხზე საკანონმდებლო პაკეტი მოამზადა, რომელიც პარლამენტში უკვე შეიტანა, - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

რას გულისხმობს საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელი, რა უპირატესობა აქვს მას ახლანდელ საარჩევნო სისტემასთან, ვისთან შეიძლება გამართოს „ახლებმა“ მოლაპარაკება ალიანსის შექმნის თაობაზე და რომელ პარტიებთან არ ითანამშრომლებენ პარლამენტის შესვლის შემთხვევაში, - ამ თემებზე „ექსპრესნიუსი“ „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარეს მამუკა კაციტაძეს ესაუბრა.

ოპოზიციამ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემად ე.წ. გერმანული მოდელი შესთავაზეთ. განუმარტეთ ჩვენს მკითხველს რას გულისხმობს გერმანული მოდელი?

არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულმა ჯგუფმა შეიმუშავა ცვლილებათა პაკეტი, რაც ერთპალატიან პარლამენტში მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების ერთობლიობას გულისხმობს. ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე ვუთხარით რომ ეს სისტემა უნდა შეიცვალოს და წარვადგინეთ მაჟორიტარული სისტემის სამხარეო-პროპორციული სისტემა. წინასწარი ინფორმაციით, იმის შანსი რომ განხორციელდეს ეს საკონსტიტუციო ცვლილება საკმაოდ დაბალია, ამიტომ ჩვენ დავიჭირეთ თადარიგი და დავიწყეთ პოზიციათა შეჯერება.

ალტერნატიულ ვერსიად წარვადგინეთ ე.წ. გერმანული მოდელი. საინიციატივო ჯგუფის ავტორობითა და 2000 მოქალაქის ხელმომწერით ეს კანონპროექტი გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში შევიტანეთ.

დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა გულისხმობს 50%-ის პროპორციულ სისტემით არჩევას და მეორე 50%-ს მაჟორიტარულით. გამოდის, რომ გამარჯვებული პარტია დაახლოებით 25%-ით მეტ მანდატს იღებს, ვიდრე მან მიიღო ამომრჩევლის ნდობის თვალსაზრისით. გერმანული მოდელი სწორედ ამ უთანაბრობას არეგულირებს.

უთანაბრობას როგორ, რა ფორმით არეგულირებს?

გერმანული მოდელის შემთხვევაში ნარჩუნდება ერთმანდატიანი ოლქები და პროპორციული სისტემა იმავე ერთპალატიან პარლამენტში. მაგრამ მანდატები ნაწილდება პროპორციულში მიღებული ხმების შესაბამისად. კერძოდ, თუ 150 წევრიან პარლამენტში კონკრეტულმა პარტიამ მიიღო 40%, დაახლოებით 30 მანდატი და მოიგო მაჟორიტართა გარკვეული რაოდენობა, დავუშვათ 73 ოლქიდან მოიგო 40. ეს იმას ნიშნავს, რომ 40% დაახლოებით 30 მანდატს გულისხმობს, გერმანული მოდელის თანახმად ამ მანდატებს პირველ რიგში ავსებენ გამარჯვებული მაჟორიტარები, ხოლო შემდგომ 60 მანდატამდე ივსება პროპორციული სიით, ანუ პროპორციულიდან გადმოდის არა 30 მანდატი როგორც ეს ხდება დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემით, არამედ მხოლოდ დამატებით 20 მანდატი. ანუ მთლიანობაში 60 მანდატი იქნება უზრუნველყოფილი.

თუ დღევანდელი მოდელით უნდა მიეღო 40% ანუ დაახლოებით 30 მანდატი, ამას დაემატებოდა 40 მანდატი რომელიც მაჟორიტარულად მოიგო პარტიამ, შესაბამისად 150 კაციან პარლამენტში მიიღებდა 70 მანდატს. გერმანული მოდელის თანახმად, კი მას ექნება 40 მანდატი მაჟორიტარულად, ამას დაემატება 20 მანდატი პროპორციულიდან. ანუ 10 მანდატით უფრო ნაკლებს იღებს, ვიდრე ეს დღევანდელ შემთხვევაში იქნებოდა. რაც უფრო მეტია მაჟორიტარების გამარჯვება მით მეტია მანდატები. დავუშვათ პარტიამ დააგროვა 40% და 50 ოლქში მოიგო მაჟორიტარული არჩევნები. ასეთ შემთხვევაში დღევანდელი სისტემის დროს იქნებოდა 80 მანდატი, ხოლო გერმანული მოდელის შემთხვევაში კვლაც 60 მანდატი რჩება, ვინაიდან ჯერ შეივსება სია მაჟორიტარებით და ამის შემდეგ დაემატებოდა პროპორციულით, ამ შემთხვევაში მხოლოდ 10 მანდატი დაემატებოდა პროპორციულიდან.

ეს მოდელი თანაბრობის შესაძლებლობას იძლევა. როგორ შეიძლება 40%-იანმა პარტიამ უმრავლესობა მოიპოვოს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ აისახოს სრულად საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური განწყობები პარლამენტში. დაგიჭირა მხარი 40%-მა, ნება იბოძე და მიიღე ის მანდატები რაც გეკუთვნის და შემდეგ ითანამშრომლე პარტიებთან და მათთან თანამშრომლობის საფუძველზე წარმართე პოლიტიკა 4 წლის განმავლობაში.

ამ მოდელს არ სჭირდება კონსტიტუციური ცვლილება, ამ მოდელს არ სჭირდება სისტემური ცვლილება, ვინაიდან რჩება მაჟორიტარულიც და პროპორციული სისტემაც. ამას გარდა ეს მოდელი უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას, საარჩევნო ოლქების ახალ საზღვრებთან დაკავშირებით. ეს მოდელი აბსოლუტურად მოსწრებადია, რათა ცვლილებები განხორციელდეს საარჩევნო კოდექსში. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ცვლილებების განხორციელება საჭირო არ არის სისტემური ცვლილებების თვალსაზრისით, გერმანული მოდელი საარჩევნო ადმინისტრირებას ისევე წარმართავს როგორც არსებული ვარიანტის შემთხვევაში.

საარჩევნო სისტემად გერმანული მოდელის დანერგვა იგულისხმება, თუ მხოლოდ 2016 წელს იგეგმება არჩევნების ჩატარება გერმანული მოდელით?

ჩვენი ყველა ინიციატივა, რომელიც პარლამენტში წარვადგინეთ ყველა უკავშირდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. თუ საქართველოს პარლამენტი გადაწყვეტს რომ ეს მოდელი უნდა შენარჩუნდეს ეს მთლიანად პარლამენტის გადასაწყვეტი საკითხია. პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს თუ ეს მოდელი მომავალშიც იქნება შენარჩუნებული.

მმართველი გუნდის წარმომადგენლებს თუ ესაუბრეთ ამ მოდელის შესახებ?

როდესაც პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოვახდინეთ ბუნებრივია ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ თემაზეც ვესაუბრეთ, მაგრამ მათ არ ეთმობათ არსებული სისტემა. იმიტომ, რომ დღევანდელი სისტემა უპირატესობას აძლევს. უპირატესობას აძლევდა ყოველთვის და ამიტომ იყო რომ არსებულმა ხელისუფლებებმა არ შეცვალეს არსებული სისტემა.

თუ ხელისუფლება კვლავ არ წამოვა ამ დათმობაზე, მაშინ რა გეგმა აქვს ოპოზიციას?

ეს ტიპიური ჟურნალისტური კითხვაა. 26 წელია რაც პოლიტიკაში ვარ, საიდანაც დაახლოებით 14-15 წელი ვიბრძვი საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ 1990 წელს ვიშიმშილე და კომუნისტურ ხელისუფლებას ვებრძოდით რათა საარჩევნო სისტემა შეეცვალა. 2008 წელს ჩვენი შიმშილობის აქციები ასევე ყველას ახსოვს.  პერიოდულად შედეგები დგება საარჩევნო სისტემისა თუ ადმინისტრაციის კუთხით. 2014 წელს მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევნები დაკანონდა. ასევე 50%-იანი ბარიერი მერებისა და გამგებლების შემთხვევაში... იყო წარმატებული და წარუმატებელი პერიოდები. ბრძოლა გაგრძელდება.

მათ შორის შიმშილობა ახლაც განიხილება?

ცოტა მაკვირვებს ხოლმე რომ მაინცდამაინც შიმშილობაა ინტერესის ერთადერთი საგანი. მე გავიხსენე რომ შიმშილობის ფორმებსაც ვიყენებდით. საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად ბრძოლა გაგრძელდება კანონით დაშვებული ყველა ფორმისა და საშუალების გამოყენებით, რასაც პოლიტიკური გარემო მოგვცემს. ბრძოლასს ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ ამ ბრძოლის შედეგი უნდა ჩანდეს, ქარის წისქვილებთან ბრძოლის აზრს ვერ ვხედავ.

პარტიულ გეგმებზეც უნდა გკითხოთ. გადაწყვეტილია თუ არა რა ფორმატით გამოვა არჩევნებზე „ახალი მემარჯვენეები“?

„ახალ მემარჯვენეებს“ ნამდვილად გვაქვს ეს საკითხი გადაწყვეტილი. დღეს მოდად არის ქცეული, რომ ყველა პარტია ამბობს რომ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად გეგმავს, არჩევნებამდე ორი თვე რომ რჩება მერე აღმოჩნდებიან ხოლმე ამა თუ იმ გაერთიანებაში. „ახლებმა“ კარგა ხნით ადრე მიიღო გადაწყვეტილება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობის მიღება გვინდა ალიანსის სახით.

ჩვენ ეს არჩევანი კარგა ხნით ადრეც მივიღეთ და გავახმოვანეთ კიდეც. თუმცა პოლიტიკური ალიანსი არ უნდა წარმოადგენდეს რაღაც ეკლექტურ გაერთიანებას. მიზანი არ უნდა იყოს თვითგადარჩენა, რომ გადალახო 5%-იანი ბარიერი და შეხვიდე პარლამენტში და რაღაცნაირაად იტივტივო ამ პოლიტიკურ მდინარეში. მიგვჩნია რომ ალიანსს გარკვეული სერიოზული ფუნდამენტი უნდაგააჩნდეს. ფუნდამენტს ორი ძირითადი საკითხი წარმოადგენს: პირველი ეს არის ღირებულებითი, ფასეულობითი მომენტი. არ შეიძლება ლიბერალი, ქრისტიან-დემოკრატი, სოციალ-დემოკრატი, კონსერვატორი ერთად იყვნენ წარმოადგენილი და შემდეგ იშლებოდნენ.

მეორე საკითხი კი ეს არის საგარეო პოლიტიკური ვექტორი. არ შეიძლება ერთი იყურებოდეს ჩრდილოეთისკენ, მეორე დასავლეთისკენ, მესამე სადღაც აღმოსავლეთისკენ და მათ შორის მოხდეს ეკლექტიკური გაერთიანება. ალიანსის შექმნა გვინდა ამ ორი ფუნდამენტის გათვალისწინებით. პარლამენტში სიმბოლურად კი არ უნდა შევიდეთ, არამედ იმ მიზნით რომ საკანონმდებლო ორგანოში რეალური პოლიტიკური ამინდი შევქმნათ.

დაგვიკონკრეტეთ, ალიანსის შექმნის საკითხზე ვისთან საუბრობთ?

ჯერ-ჯერობით არავისთან არ ვსაუბრობთ. ამ ეტაპზე ველოდებით, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით საკითხების საბოლოოდ დასრულებას, რათა ვიცოდეთ რა პირობებში მოგვიწევს გასვლა. ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება და შემდეგ დავიწყებთ მოლაპარაკებებს იმ პარტიებთან იმ პრინციპების გათვალისწინებით რაზეც უკვე გესაუბრეთ. ალიანსში ყველა შეიძლება იყოს ვინც არის დასავლური მიმართულების და არის მემარჯვენე ან ცენტრისტული ღირებულების. ასეთები პარლამენტშიც არიან და პარლამენტს გარეთაც. ჩვენ ყველასთან ვიმუშავებთ ამ მიმართულებით.

იმ შემთხვევაში თუ შეხვლათ პარლამენტში, თუ არის რომელიმე პოლიტიკური ძალა რომელთანაც არ ითანამშრომლებთ?

გაგვიჭირდება თანამშრომლობაზე პასუხისმგებლობის აღება ყოფილ და სახელისუფლებო პარტიებთან. თემატური თანამშრომლობა ყველასთან შეიძლება, მაგრამ სტრატეგიული თანამშრომლობა გაგვიჭირდება.

მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ გულისხმობთ?

ყველას ვგულისხმობ ვინც იყო ხელისუფლებაში უწინ ან ახლა ვინც არის. არ ვასახელებ არცერთ გვარსა და პარტიას. მე მგონი მსმენელი, მკითხველი მარტივად მიხვდება.

მათ შორის იგულისხმება თუ არა ნინო ბურჯანაძის პარტიაც?

კრიტერიუმთა შორის დავასახელე საგარეო პოლიტიკური ვექტორი. ამით ყველაფერი ვთქვი და ამით პასუხი გავეცი თქვენს ბოლო კითხვას. მეტი კონკრეტიკა საჭირო არ არის მკითხველი ამას კარგად მიხვდება.

საგარეო ვექტორის გათვალისწინებით ამაში „პატრიოტთა ალიანსიც“ იგულისხმება?

ალბათ კარგად მიხვდით.

იაგო ნაცვლიშვილი




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics