11:24 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 19:30:28, 744 ნახვა

პოლიტიკა
„მივმართავ ხელისუფლებას, თავი დაანებოს ამ „ვირეშმაკობას“, - ოპოზიციისა და პოლიტოლოგების ნაწილი პრემიერის ინიციატივას იწუნებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე სანქციები მკაცრდება. შესაბამისი დავალება პრემიერმა იუსტიციის სამინისტროს მისცა. აღნიშნულ საკითხზე კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ უკვე მოამზადა.

კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე, ჯგუფური დანაშაულის დროს სანქცია 4 წლამდე პატიმრობა იქნება, ხოლო თუ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა, ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით.

აღნიშნულ ინიციატივა დადებითად შეაფასეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, თუმცა ინიციატივას სკეპტიკურად უყურებენ ოპოზიციაში.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პრემიერის ინიციატივა დაგვიანებულია. მისივე თქმით, მთავარი არა კანონი, არამედ პოლიტიკური ნებაა.

ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც. მიაჩნია, რომ კანონპროექტი კანონად ან არ იქცევა, ან მნიშვნელოვნად შეიცვლება.

"კიდევ ერთხელ მინდა კატეგორიულად დავგმო ის ძალადობა, რომელიც სამეგრელოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.  ამით ზიანი მიადგა პირველ რიგში ქართულ სახელმწიფოს და  თითოეულ ჩვენგანს.

ამ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან  ველოდები, რომ უმოკლეს დროში გამოვლენილი იქნება ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა პირი, რომლებიც  კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილი იუსტიციის სამინისტროს ავალებს, სასწრაფოდ, უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარადგინოს  საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც გამკაცრდება სანქციები პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე.

"ვინაიდან დღეს არსებული კანონი არ ითვალისწინებს მსგავს ფაქტებზე საკმარისად მკაცრ სასჯელს, ვავალებ იუსტიციის სამინისტროს, სასწრაფოდ, უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც გამკაცრდება სანქციები პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე.

ხელისუფლება არ დაუშვებს ძალადობას საარჩევნო პროცესში, ჩვენი რეაგირება იქნება უმკაცრესი ნებისმიერი მოძალადის მიმართ, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის.

ჩვენი მიზანია, არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიული სტანდარტების დაცვით, თითოეულ მოქალაქეს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება და ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი და კონკურენტული საარჩევნო გარემო",-ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა წუხელ გაავრცელა.

მის განცხადებას დღეს უკვე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი. მისი თქმით, სს კოდექსში შევა ცვლილებები და შესაბამისი სანქციები დაწესდება.

„პრემიერის დავალების შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა არაერთი ევროპული ქვეყნის გამოცდილება შეისწავლა და ჩვენ სხვადასხვა უწყებებთან, მთავარ პროკურტურასთან კონსულტაციის შედეგად, ჩამოვყალიბდით პოზიციაზე, რომ სისხლის სამართლის კოდექსში დაემატოს ახალი მუხლი. ეს მუხლი სისხლის სამართლის წესით დასჯადს გახდის ძალადობას ან ძალადობის მუქარას საარჩევნო უბანზე, წინასწარი საარჩევნო კამპანიის, აგიტაციის ადგილას ან თუნდაც მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. ეს მუხლი იქნება სხვადასხვა ნაწილისგან შემდგარი, თუკი საქმე გვაქვს  ჯგუფურად ჩადენილ ქმედებასთან, აქ შეიძლება, ჩვენი შეთავაზებით, სანქცია ოთხ წლამდე პატიმრობაზეც კი გავიდეს, ხოლო შედარებით მსუბუქ შემთხვევებში, სადაც პირს არ მიუღია ფიზიკური დაზიანება, სასჯელი, რომელსაც ექნებოდა გადამარწმუნებელი ეფექტი, შეიძლება იყოს ჯარიმა და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ეს არის იუსტიციის სამინისტროს ჩამოყალიბებული პროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად მინისტრთა შემადგენლობას 27 მაისის მთავრობის სხდომაზე წარუდგენს“, - განაცხადა წულუკიანმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კანონის გამკაცრება რეალურად არაფერს ცვლის.

„პრემიერის ინიციატივა კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით არის დაახლოებით ის „ურალი რომ გადატრიალდება“. საუბარი იცით რაზეა? კანონი შეიძლება გაამკაცრონ, მაგრამ შესაძლოა პოლიტიკური ნება არ იყოს იმის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს როდესაც ხუთ უდანაშაულო ადამიანს შესაძლოა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯო. ისინი კი ვინც კანონს არღვევენ საერთოდ არ დაისაჯონ. ამ ბიჭებს 7 წელი მიუსაჯონ და ვანო მერაბიშვილს ხუთი?!

ის, რომ წინა ხელისუფლება ჩადიოდა დანაშაულს ეს არგუმენტი არ არის. ეს ჩვენ 2012 წლის არჩევნების შემდეგ უნდა დაგვემთავრებინა. მეც და ძალიან ბევრ ჩემს მეგობარსაც ასე წარმომედგინა. ის, რომ ჩვენც იგივე მეთოდებით გავუსწორდებოდით ოპონენტებს, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო. თუ ვინმეს კანონი აქვს დარღვევული მას პასუხი კანონის შესაბამისად უნდა ეგო და არა ამ მეთოდებით. ასეთი ფაქტები შეურაცხყოფს ქართულ საზოგადოებას. სახელმწიფოს აყენებს ძალიან ცუდ მდგომარეობაში. იმის მიუხედავად რამდენად მომწონს ბოკერია და სხვები ეს ფორმა მიუღებელია.

არ მგონია, რომ კანონის გამკაცრებამ რამე შეცვალოს, თუ პოლიტიკური ნება არ იქნება. თუ ხელისუფლებას მოუნდება, რომ ასეთი რაღაცა წაახალისოს, ამით არაფერი იცვლება. საკითხების მოგვარება მხოლოდ კანონის გამკაცრებით არ ხდება. თუ კვირიკაშვილი საზოგადოებას პოზიტიურად ევლინება, ასეთი ფაქტები ამ ხელისუფლებაზე საპირისპიროდ მუშაობს“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

მისივე შეფასებით, ასეთი ფაქტები საქართველოს იმიჯზე უარყოფით გავლენას ახდენს.

„ასეთი ფაქტები საქართველოს იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს. დასავლეთში ამას გამადიდებელი შუშით უყურებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ამას კიდევ ათჯერ გაამუქებს, ამაში მე მგონი ეჭვი არავის ეპარება. რას აკაეთებს ხელისუფლება ამას ვერ ვხვდები. ეს, რომ ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება ეს ფაქტია. მივმართავ ხელისუფლებას, რომ თავი დაანებონ ამ თვალთმაქცობას და „ვირეშმაკობას“, - განუცხადა ზურაბ აბაშიძემ „ექსპრესნიუსს“.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აქ „აქტივობით“ დაახლოებით 100 000 ხმა მაინც დაკარგა.

„ის დაკუნთული ბიჭები, რა მუშტებსაც იქნევდნენ იმ ინციდენტის დროს აბსოლუტურად სულ ყველა „ქართულ ოცნებას“ მოხვდა. ამან ღრმა კვალი დაამჩნია „ქართულ ოცნებას“. იმ ვანდალიზმის პირველი შედეგი იყო დაახლოებით 100 000 – 200 000 ხმა, რომელიც ამ ინციდენტის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა.

მეორე რაც იყო, ამან ჩემი პიროვნული გაოცება გამოიწვია. ნუთუ ახლადარჩეულ პოლიტსაბჭოში ერთი ჭკვიანი ადამიანი არ მოიძებნა, რომ ისეთი სულელური არგუმენტი არ დაესახელებინა, თითქოს „ნაციონალებმა“ მოაწყო ეს პროვოკაცია და თვითონ სცემა საკუთარი ლიდერებიო. ეს ათქმევინეს პარტიის ახალ სახეს, ახალგაზრდა მდინარაძეს. გაავრცელეს ფოტოები, ბოლოს აღმოჩნდა რომ ის ბიჭები თბილისში იყვნენ. ეს ძალიან ცუდი იაღლიში მოუვიდა „ოცნებას“. შემდეგ უკვე მდინარაძე ტელეფონსაც კი არ პასუხობდა. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებაში ინტელექტის საოცარი დეფიციტია“, - აღნიშნავს ცინცაძე.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ პრემიერის ინიციატივა საერთაშორისო ზეწოლის შედეგი იყო. მისივე აზრით, კანონპროექტის გასვლა ძალიან საეჭვოა, ან მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა.

„თქვენს ერთ-ერთ კოლეგას ვუთხარი, რომ ძალიან მკაცრი იქნება ჩვენი მეგობარი დასავლელი დიპლომატების შეფასებები, რაც გამართლდა. რაც აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩმა თქვეს, დიპლომატიურ ენაზე ეს იყო ქათინაური. ნამდვილი აღშფოტება კონფიდენციალური შეხვედრების დროს იქნება. ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს ხელისუფლებასთან და რასაკვირველია ამ საკითხზეც ვილაპარაკებო. ამას ვუკავშირებ კვირიკაშვილის განცხადებას, სადაც ის ძალიან მკაცრი და კატეგორიული იყო.

ბავშვი სანამ დაიბადება სახელი არ უნდა დაარქვა. მე არ ვიცი დაიბადება თუ არა ეს კანონი. ცხელ გულზე კი თქვა კვირიკაშვილმა, სავარაუდოდ ჩვენი უცხოელი მეგობრების გასაგონად, მაგრამ ჯერ პროექტი უნდა შედგეს, მერე პარლამენტში წავიდეს, სადაც ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის ბრწყინვალე „გენიოსები“ როგორ დაკორტნიან მას. საბოლოო ჯამში არ დაგვემართოს რომ მთამ დაბადა წრუწუნაო. კანონზე ათჯერ უკეთესი პრევენცია დამნაშავეთა დასჯა იქნება. ეს აუცილებელია, თუმცა მოსალოდნელი - არა. ეს რომ გააკეთონ რა გარანტია აქვთ, რომ ის ბიჭები გამოვლენ და იტყვიან, რომ მათ ეს დაავალეს“, - აცხადებს პოლიტოლოგი, რომლის აზრითაც ამ ინციდენტის დაგეგმვაში პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას არ მიიღებდა.

„შესაძლოა ვცდები, მაგრამ კვირიკაშვილი ჭკვიანი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს და არა მგონია, რომ ამ ინციდენტში მასაც ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული. უბრალოდ ისეთი სიტუაციაა მარჯვენამ არ იცის მარცხენა რას აკეთებს“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

იაგო ნაცვლიშვილი




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის ყოველწლიური სტიპენდია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
„ფეისბუკებში დაუწერიათ, ხმას რათ არ იღებსო, კი ვიღებ, მარა დამღლელი ჩანს ალბათ“ - „პუბლიკა“ აკა მორჩილაძის წერილს აქვეყნებს
კალაძე - ჩვენ ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას, ეკლესიას, სარწმუნოებას - ამ ყველაფერით გვინდა ევროპაში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics