14:18 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 19:34:22, 660 ნახვა

საზოგადოება
ტურისტთა გაზრდილ ნაკადს აჭარა მომზადებული ხვდება

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობა, გასული წლის აპრილის თვესთან შედარებით, 17,2 %-ით გაიზარდა.

"ექსპრესნიუსი" დაინტერესდა, როგორ აისახა ტურისტთა  გაზრდილი ნაკადი საკურორტო ზონაში, აჭარაში, არსებულ სასტუმროებზე და რამდენად მომზადებული ხვდება მას რეგიონი.

ბათუმში  მდებარე სასტუმრო "ინტურისტის" მენეჯერის განცხადებით,  ტურისტთა გაზრდილმა რაოდენობამ მათზე დადებითად იმოქმედა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სეზონი არ გახსნილა,  სასტუმროს ნომრების დაჯავშნა გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, "ინტურისტი" ვიზიტორებს წლევანდელ სეზონზე  საკმაოდ  მომზადებული, განახლებული ინფრასტრუქტურითა და პროგრამებით ხვდება:

"ტურისტთა გაზრდილმა ნაკადმა ჩვენზეც იმოქმედა. უფრო მაისის შემდეგ გვაქვს ჯავშნები გაზრდილი- ივნისში, ივლისში,  აგვისტოში,  მაღალ სეზონზე, სექტემბერშიც არის მოთხოვნები და წინასწარი ჯავშნებიც გვაქვს. ბათუმზე აისახება ტურისტული ნაკადის ზრდა  და საკმაოდ მომზადებული ვხდებით მას, რადგან ახალი მენეჯმენტი გვყავს და გაახლებულია მთლიანად სასტუმროს ინვენტარი. ასევე, ახალი პროგრამები გავქვს, დატვირთული  ქართული ელემენტებით, კვირაში ორჯერ ქართული ცეკვებითა და ქართული სამზარეულოთი. შარშანდელ სეზონთან შედარებით, წელს უფრო მომზადებული ვხდებით ტურისტებს", - განუცხადა "ექსპრესნიუსს" "ინტურისტის" მენეჯერმა ნათია შარაშიძემ.

რაც შეეხება ტურისტების უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთთან შედარებით, საქართველოში დასვენება საკმაოდ  ძვირი  უჯდებათ, "ინტურისტის" მენეჯერის განმარტებით, ეს მართლაც ასეა,თუმცა ადგილობრივი ბაზრის შემთხვევაში, ხელმისაწვდომი ფასები აქვთ:

"თურქეთთან შედარებით, ფასები უფრო მაღალია, მაგრამ  ადგილობრივი ბაზრიდან  გამომდინარე, საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასები გვაქვს. თუ ადგილობრივ ბაზარს შევადარებთ, ჩვენთან  საკმაოდ სტაბილური და დაბალი ფასებია. თურქეთთან შედარებით საქართველოში ზოგადად უფრო მაღალი ფასებია", - აღნიშნა "ინტურისტის" მენეჯერმა.

სასტუმრო "ვანილას" მენეჯერის ნათია ჭანტურიას თქმით, ტურისტთა გაზრილი ნაკადი მათ სასტუმროზეც აისახა. კერძოდ, მისი განცხადებით,  მაისის თვეში სასტუმრომ  ძალიან ბევრი  უკრაინელი და რუსი ტურისტი მიიღო.

ჭანტურიას განმარტებით, სასტუმრო "ვანილა" ინფრასტრუქტურულად გამართულია და ტურისტების მისაღებად მზადაა:

"ჩვენზე ტურისტთა გაზრდილი რაოდენობა აისახა და მაისის თვეში ძალიან ბევრი უკრაინელი და რუსი ტურისტი გვყავდა. ყოველთვის მზად ვართ სტუმრის მისაღებად. 1-ელი ივნისიდან იწყება სეზონური ფასების ზრდა და ამ ეტაპისთვის ნორმალური ფასები გაქვს. ინფრასტრუქტურულად გამართულია ჩვენი სასტუმრო. ყველა აღნიშნავს, რომ ფასი სერვისის შესაბამისია", - განაცხადა ნათია ჭანტურიამ.

მისივე  ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს ლარის კურსმა სერიოზული დევალვაცია განიცადა,  გასულ ორ წელთან შედარებით, მათთან მომსახურების ფასი არ გაზრდილა:

"ლარის კურსის გაუფასურების გამო, ჩვენთან მომსახურების ფასი არ გაიზარდა, შარშან და შარშანწინ რა ფასიც გვქონდა, ის გვაქვს ახლაც. ჩვენს ობიექტს არ გააჩნია რესტორანი, აქედან გამომდინარე, დილის საუზმის ფასი შესული იყო ყოველთვის ნომრის ღირებულებაში.  გაძვირება არ იგეგმება",-აღნიშნა სასტუმროს მენეჯერმა.

რაც შეეხება შედარებით პატარა სასტუმროებს, მაგალითად, სასტუმრო "ლიმი"-ში აცხადებენ, რომ ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობა მათზეც დადებითად აისახა და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, სტუმრების მისაღებად მზად არიან. 

"ასახვით აისახა, თუმცა სეზონი ჯერ არ გახსნილა. დაბრონილია ნომრები უკვე. უფრო მეტი მომხმარებელი გვყავს, შემოდის და შემოდის. ინფრასტრუქტურულად ჩვენი სასტუმრო მზადაა. რაც შეეხება ფასებს, მოგეხსენებათ, თვეების მიხედვით სხვადასხვა ფასები გვაქვს, ივლისი-აგვისტო იზრდება, შემდეგ ისევ ძველ ფასს უბრუნდება", - განუცხადა სასტუმროს წარმომადგენელმა ლია ვერძაძემ "ექსპრესნიუსს" და დასძინა, რომ ლარის კურსს არც მის სასტუმროში არსებულ ფასებზე უმოქმედია.

სასტუმრო "ტენის კლუბიში“ კი ამბობენ, რომ ტურისტთა გაზრდილი რაოდენობა მათზე მაინც და მაინც არ ასახულა.

"ჩვენი სასტუმროსთვის მაისის თვეში სტუმრების რაოდენობა   მზარდი არ ყოფილა. ძალიან ბევრი  ღონისძიებაა დაგეგმილი ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, რაც, ალბათ, უფრო დიდ სასტუმროებზე აისახება", - განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა და აქვე აღნიშნა, რომ მათთან სერვისი და ფასი ერთმანეთთან  აბსოლუტურად შესაბამისია.

"ექსპრესნიუსი" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსსაც ესაუბრა. მამუკა ბერძენიშვილის თქმით, რეგიონში ყველა ძირითადი  ტურისტული ობიექტი სტუმრების მისაღებად უკვე  მზადაა:

"რეგიონში ყველა  ძირითადი ობიექტი  მზადაა. მრავალჯერ ნახსენები ბულვარიც. გარკვეული სახის პრობლემები, რომელიც ძირითადად ტრანსპორტთან, საგზაო ინფრასტრუქტურასთან არის დაკავშირებული, შეიძლება გაჩნდეს, რადგან რეგიონის და ქალაქის გარკვეულ მონაკვეთზე   ისევ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს,  მაგრამ თუ ჩვენ ძირითად ინფრასტრუქტურას ვგულისხმობთ და ტურისტულ ობიექტებს, ყველა ეს ობიექტი მზადაა, დაწყებული მთიანი აჭარიდან, გაგრძელებული გონიოს კვარიათის კურორტებით, გონიოს ციხე, პეტრას ციხე, ბოტანიკური ბაღი, ბულვარი,  დელფინარიუმი, ყველა ის ობიექტი, რითაც სარგებლობს ტურისტი, არის მზადყოფნაში", -განაცხადა მამუკა ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება ტურისტების უკმაყოფილებას, რომ თურქეთთან შედარებით, საქართველოში იაფი და ხარისხიანი  სერვისის მიღება პრობლემაა, მამუკა ბერძენიშვილის თქმით, თურქეთისა და საქართველოს შედარება უბრალოდ  ალოგიკურია:

"ჩვენ არ ვართ თურქეთი, თურქეთი არ არის ჩვენი პირდაპირი კონკურენტი. პროდუქტი, რასაც ჩვენ ვაწვდით, არ არის იგივე პროდუქტი, რასაც ტურისტი იღებს  თურქეთში. ადამიანი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, ზუსტად იცის, რომ არ უნდა ელოდოს  იმ სერვისებს, რომელსაც იღებს თურქეთში იაფად.   თურქეთისა და საქართველოს ფასების შედარება არასწორია. ამიტომ,  ამ აზრს ვერ გავითვალისწინებ. ჩვენ ვართ თვითმყოფადი, დამოუკიდებელი ტურისტული მიმართულება, რომელიც თავის სიტყვას ამბობს ტურისტული მსოფლიოს არსებულ რუკაზე. ამიტომ, ჩვენ ნუ შევედრებით თურქეთს", - განუცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა "ექსპრესნიუსს".

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით,  საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობა  2016 წლის აპრილის თვის მდგომარეობით,  462 480 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 17,2 %-ით მეტია.

მათივე ცნობით, 2016 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+12%), აზერბაიჯანიდან (+17,6%), სომხეთიდან (+8,7%), რუსეთიდან (+26,7%) და უკრაინიდან (+25,9%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აპრილშიც გამოირჩნენ იტალია, ლატვია და საფრანგეთი (შესაბამისად 26%, 25% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (29%) და უზბეკეთი (64%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (36%) და მოლდოვა (36%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (106%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 141%-იანი მატებით.

თეონა ნოზაძე




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კალაძე - ის, რომ კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე
საფრანგეთმა შესაძლოა გააუქმოს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ტერაქტების საფრთხის გამო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics