22:11 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 23:54:45, 468 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: მამაკაცის უმოწყალო მკვლელობა ამაზრზენი ფაქტია და პასუხისმგებლობა ოკუპანტ რუსეთს უნდა დაეკისროს

"30 წლის ახალგაზრდა მამაკაცის უმოწყალო მკვლელობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, აბსოლუტურად ამაზრზენი ფაქტია და ამ აქტისთვის პასუხისმგებლობა ოკუპანტ ქვეყანას - რუსეთს უნდა დაეკისროს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება დიდი ხანია, ცდილობს პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, თუმცა ვითარება ამ დრომდე არ შეცვლილა.

„დღეს მოვინახულე მსხვერპლის ოჯახი და დედა. ამ ადამიანებისთვის რამის თქმა რთულია, რადგან ისინი არსებულ სიტუაციის ემსხვერპლნენ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები რუსეთის ფედერაციის აქტივობის შედეგია. ამდენად, ჩვენ ველოდებით შესაბამის რეაგირებას, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის, ხოლო შემდეგ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისაგან. სამწუხაროდ, ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ამ ქმედებაში მონაწილე პირები მიზნად ისახავენ ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ე.წ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის უმნიშვნელოვანესი პროცესის ჩაშლას.

თუმცა, პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა, სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებისას თანმიმდევრული იქნება, ვინაიდან მიიჩნევს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ერთადერთი გამოსავალია.

„ამ კუთხით მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების აქტივობა, რადგან ნდობის აღდგენის პროცესში ვაწყდებით ისეთ სირთულეებს, როგორიცაა ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის; საზღვრის გადმოწევა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მათი გორის რეგიონში ქართველი გლეხების კუთვნილ ბაღებში გავლება. ეს მოვლენები შემაშფოთებელია, რადგან ჩვენ ამ ქმედებებზე ეფექტური პასუხის გაცემა არ შეგვიძლია - ჩვენი პარტნიორების დახმარებით მშვიდობიან, ძალის გამოუყენებლობის პოლიტიკას ვატარებთ. გასული ათწლეულების მანძილზე გაუარესებული ურთიერთობების დათბობა მხოლოდ თანმიმდევრული, მშვიდობიანი პოლიტიკითაა შესაძლებელი. ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციას, თუმცა ამავდროულად, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების, რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისაგან ხმამაღლა უნდა მოვითხოვოთ ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, კონფერენციაზე, დისკუსიისას ასევე უპასუხა კითხვას, რას ელის საქართველო ვარშავის სამიტისგან და აღნიშნა, რომ ქართველები ოპტიმისტები და სწამთ უკეთესი მომავლის.

„საქართველო, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნები, NATO-ს წევრები და მოკავშირეები, მრავალფეროვანი და რთული გამოწვევების წინაშე დგას. ამ პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ ერთობისა და სოლიდარობის მეშვეობით  - ერთობის არა მხოლოდ ალიანს წევრ, არამედ პარტნიორ ქვეყნებს შორის. საქართველო თანმიმდევრულად და მოთმინებით აგრძელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ სწრაფვას.  ეს კი იმითაა გამოწვეული, რომ უახლესი ისტორიის მანძილზე NATO აღმოჩნდა საერთაშორისო გაერთიანება, რომელსაც უსაფრთხოება და სტაბილურობა მოაქვს მისი წევრი ქვეყნებისთვის. თუმცა, საქართველო სტაბილურობისა და უსაფრთხოების მომხმარებელი არაა - იგი ქმნის მას NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში, ასევე იქ, სადაც ინტერვენცია აუცილებელია",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მეორე მიზეზი, რატომაც საქართველოს ალიანსის წევრობა სურს, არის ის, რომ NATO არა მხოლოდ სამხედრო გაერთიანებაა, არამედ არის კავშირი, რომლის წევრები პატივს სცემენ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს.

„ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ NATO-ში გაწევრიანების საბოლოო მიზანი, არამედ მიზნამდე მისაღწევი გზაც - ქვეყანა გამუდმებით პროგრესირებს. ხორციელდება მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, ინსტიტუციური ცვლილებები, სამხედრო რეფორმები. ჩვენ საკუთარ თავს პოსტსაბჭოურ სახელმწიფოდ აღარ განვიხილავთ. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება. სრულყოფილებამდე დიდი გზაა, თუმცა განვითარების ზოგადი ტენდენცია დადებითად უნდა შეფასდეს. ხვალ საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავს. სირთულეების მიუხედავად, ვამაყობთ, რომ ჩვენ პოზიტიური მიზნებისთვის არ გადაგვიხვევია. ხელისუფლება და ოპოზიცია, ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი თანხმდება ამ მიზნებზე. ვიმედოვნებთ, მომავალში მოგვეცემა ჩვენი საბოლოო მიზნის განხორციელების შესაძლებლობა. თანმიმდევრულობა და მიზნისადმი ერთგულება ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

მთავრობის მეთაურმა, კონფერენციაზე ასევე დეტალურად ისაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, რეფორმების პაკეტი მრავალგანზომილებიანია და კანონის უზენაესობის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

„სასამართლო რეფორმის ორი ტალღის ფარგლებში საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა მთავრობის მიერ ინიცირებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები. გარდა ამისა, რეფორმირებულია სამართალდამცავი უწყებებიც - რეფორმებამდე თითქმის ყოვლისშემძლე შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციების ნაწილი უსაფრთხოების სამსახურს გადაეცა. ცვლილებები საქართველოს პროკურატურასაც შეეხო - გასული წლიდან მთავარი პროკურორი ანგარიშვალდებულია არა მარტო მთავრობის, არამედ პარლამენტის წინაშეც, რამაც მისი პასუხისმგელობა მნიშვნელოვნად გაზარდა. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და სწორედ ამიტომ, რეფორმების მესამე ნაწილის ფარგლებში გათვალისწინებული ცვლილებები უკვე წარედგინა პარლამენტს",- განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობას, რეფორმების პროცესში კონსულტაციები აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან, სამოქალაქო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის მსოფლიო ბანკისა და Freedom House-ის რეიტინგებზე, რომლებიც ამ სფეროში მიღწეულ პროგრესს ადასტურებს. პრემიერის თქმით, რამდენიმე წლის წინ სასამართლო სისტემა სრულად ექვემდებარებოდა პროკურატურას, თუმცა ამჟამად პროკურორები სასამართლოს აღარ მართავენ; გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების ხვედრითი წილი.

„რა თქმა უნდა, ჯერ მნიშვნელოვანი შედეგისთვის არ მიგვიღწევია, თუმცა ვამაყობთ იმ პროგრესითა და ზოგადი ტენდენციით, რომელიც ამჟამად სახეზეა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ყოფნისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს სამხედრო სფეროში განხორციელებული რეფორმა, რომლის თვალსაჩინო შედეგი აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად განხორციელებული წვრთნები "ღირსეული პარტნიორი" და საქართველოს შესანიშნავი თავსებადობაა NATO-ს სტანდარტებთან", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელიც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის იანვრიდან უქმდება გადასახადი რეინვესტირებულ მოგებაზე, ასევე, მიღებულია რევოლუციური საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გადასახადების ადმინისტრირებას კიდევ უფრო ამარტივებს; აიკრძალა საგადასახადო ორგანოების მიერ აქტივების დაყადაღება სასამართლო განჩინების გარეშე, შეიზღუდა საგადასახადო ინსპექტირების ვადა.

„მომავალი წლიდან დაგეგმილია საპენსიო სისტემის რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, შემუშავდა ნოვატორი ახალგაზრდების მიერ შექმნილი „სტარტაპების" დაფინანსების მექანიზმი. გარდა ამისა, შემუშავდა ერთიანი „ფრონტ ოფისის" შექმნის იდეა, რომელც სახელმწიფო სერვისებს მომხმარებელზე კიდევ მეტად ორიენტირებულს გახდის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ მთავრობა წინა ხელისუფლების მიღწევებს აღიარებს, და აუმჯობესებს იმ სფეროებს, რომლებიც ჯერ კიდევ პრობლემურია.

პრემიერის თქმით, იგეგმება სახელმწიფო სერვისების ერთი სარკმლის პრინციპით მიწოდება იურიდიული პირებისთვისაც.

„ეს ცვლილება აისახება მთავრობის ზომაზეც - საშუალება მოგვეცემა „ბექ ოფისები" ქალაქგარეთ გადავიტანოთ. ეს რეფორმა ასევე ცვლის მმართველობის კონცეფციას და ქმნის საკანონმდებლო და სხვა სახის ცვლილებებზე კონსულტაციების შესაძლებლობას. ბიზნესგარემო, ინვესტორთა საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებთან კონსულტაციის შედეგად უფრო განჭვრეტადი ხდება",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, მეოთხე უმნიშვნელოვანესი რეფორმა განათლების საბჭოური სისტემის შეცვლას გულისხმობს. კერძოდ, იგეგმება განათლების სფეროების დაფინანსება შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაყრდნობით და პროფესიული განათლების დუალური სისტემის დანერგვა.

„ეს რეფორმები არა ცვლის, არამედ აძლიერებს ქართველი ერის ევროპულ დნმ-ს. საქართველო ევროპული ქვეყანაა, ევროპული ინსტიტუტებით, სათანადო კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებების დარგში მოქმედი ძლიერი ინსტიტუტებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics