16:14 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 14:30:12, 516 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: საქართველოს განვითარების და კეთილდღეობის ერთადერთი საფუძველი თავისუფლება და დემოკრატიაა

 „საქართველოს განვითარების და კეთილდღეობის ერთადერთი საფუძველი თავისუფლება, დემოკრატია და ტოლერანტობაა და ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ამ აქსიომას უნდა ეფუძნებოდეს“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილშია აღნიშნული.

როგორც წერილში ივანიშვილი აღნიშნავს, ყველა ერს აქვს რაღაც განსაკუთრებული თავისება და გამორჩეული შესაძლებლობა.

ივანიშვილის თქმით, საქართველოსთვის ასეთ საყრდენ ფენომენად მას მრავალსაუკუნოვანი უწყევტი კულტურა და ევრიპისა და აზიის გზაშესაყარზე დიდ იმპერიებს შორის ცხოვრების უნიკალური გამოცდილებაა.

„ყველა ერს აქვს რაღაც განსაკუთრებული თვისება, გამორჩეული შესაძლებლობა, რისი მეოხებითაც იგი წარმატებას აღწევს. ეს შეიძლება იყოს - ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, ბუნებრივი წიაღისეული, ადამიანური რესურსი, შრომისმოყვარეობა, ტექნოლოგიური მიღწევები და ა.შ. საქართველოსთვის ასეთ საყრდენ ფენომენად მესახება მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი კულტურა და ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე დიდ იმპერიებს შორის ცხოვრების უნიკალური გამოცდილება, რომლის წყალობითაც თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და პროგრესისკენ სწრაფვის უნარ-ჩვევები ლამის გენეტიკურ კოდში გვაქვს ჩაწერილი.

ალბათ ბევრს ახსოვს სკოლაში ნასწავლი საზეპირო მერვე საუკუნეში დაწერილი აბო თბილელის ცხოვრებიდან, რომელიც ქართველებმა წმინდანად და თბილისის მფარველად შერაცხეს - ბევრი გაჭირვება გვადგას ქართველებს, ვირხევით როგორც ლერწამი ძლიერ ქარში, მაგრამ ცხოვრების წესს მაინც არ ვიცვლით და ვაგრძელებთ “ჩვეულებისაებრ მამულისა სლვასო”.

ქარი გვარხევს, მაგრამ, ურთულეს რეგიონში ცხოვრებით შეძენილი გამჭრიახობის წყალობით, ვერც გვტეხს და ვერც ადგილიდან გვძრავს. კომპრომისის ძიება, როცა საჭიროა - დათმობა, როცა საჭიროა - მტკიცედ დგომა, ჩვენი ცხოვრების წესად და გეოპოლიტიკურ ლაბირინთებში საიმედო გზამკვლევად იქცა. ამის თვალსაჩინო გამოხატულებაა თბილისის ისტორიულ ცენტრში გვერდიგვერდ მდგარი ტაძრები, რომლებიც ოთხ დიდ რელიგიას - ქრისტიანობას, ისლამს, იუდაიზმს და ზოროასტრიზმს განასახიერებენ და ერთმანეთს კი არ უპირისპირდებიან, არამედ ქვეყანას აძლიერებენ.

საქართველოში გვაქვს სკოლები, რომლებშიც ქრისტიანი და მუსლიმი ბავშვები ერთად სწავლობენ, გვერდიგვერდ ლოცულობენ და განსხვავებული სარწმუნოება უფრო საინტერესოს ხდის მათ ურთიერთობას. სამაგალითოა ქართველების და ებრაელების ოცდაექვსსაუკუნოვანი ძმობა და თანაარსებობა და ამაზე მხოლოდ ჩვენ არ ვლაპარაკობთ. საყოველთაოდ ცნობილია ერთი ძალიან ნიშანდობლივი ამბავი - 1913 წელს მაინის ფრაკფურტში მიმდინარე ებრაელთა მსოფლიო კონგრესზე, გამოდიოდნენ წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან და აღნიშნავდნენ, რომ მაშინდელ მსოფლიოში არ არსებობდა ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმი არ მძლავრობდა, რის პასუხადაც საქართველოდან წარგზავნილმა რაბინმა დავით ბააზოვმა, ძალიან დიდმა პიროვნებამ და საზოგადო მოღვაწემ, განაცხადა: მეგობრებო, ასეთი ქვეყანა არსებობს, პატარა ქრისტიანული საქართველო. ქართველებს შორის ვცხოვრობთ ებრაელები უკვე 2500 წელია და არასდროს განგვიცდია დამცირება ან ჩვენი უფლებების დარღვევა“, - ნათქვამია წერილში.

ივანიშვილის თქმით, საქართველოში არასოდეს ყოფილა გეტოები, „პოგრომები“ ამ დისკრიმინაცია და ქართულ ენაში „პოგრომის“ შესაბამისი სიტყვას კი არ არსებობს. „ჩვენი ხასიათისთვის სრულიად უცხოა და მიუღებელი სხვისი სიწმინდეების შეურაცხყოფა, რელიგიური შეუწყნარებლობა და ადამიანის ეთნიკური ნიშნით დამცირება. ამ მხრივ საქართველო არის სხვადასხვა ეთნოსის თუ რელიგიური ჯგუფის მეგობრულად და კეთილგანწყობით თანაარსებობის მისაბაძი მოდელი.

კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ მცდელობები, თავს მოგვახვიონ პოლიტიკური თუ რელიგიური რადიკალიზმი, აგრესია განსხვავებული აზრისა თუ ცხოვრების წესის გამო, განადგურებით ემუქრება ჩვენი არსებობის საფუძველებს. ამიტომ ნებისმიერი ასეთი გამოვლინების მიმართ განსაკუთრებული სიფხიზლე და შეურიგებლობა გვმართებს. სწორედ გულწრფელი ტოლერანტობა წარმოადგენს დღევანდელ მსოფლიოში არსებული ბევრი მწვავე პრობლემის გასაღებს და იმ ოქროს საწმისს, რითაც ჩვენ საინტერესოები გამოვჩნდებით მსოფლიოსთვის. ამ ოთხი წლის განმავლობაში სწორედ ამ მიმართულებით ვითარდებოდა ქვეყანა - შევძელით, გვერდი აგვევლო გეოპოლიტიკური საფრთხეებისთვის, გავაღმავეთ ურთიერთობა მეგობრებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან და ამ დაბალანსებული და მშვიდი პოლიტიკის შედეგია, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული მწვავე კრიზისისა, საქართველოში იზრდება ტურიზმიც და მთლიანად ეკონომიკაც. როდესაც ქართულ ფენომენზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ ვაზის კულტურას, რაც ასევე ჩვენი ცხოვრების წესის და ჩვენი მსოფლმხედველობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანთაგანია.

შემთხვევით არ არის, რომ საქართველოში სწორედ ვაზის ჯვრით შემოვიდა ქრისტიანობა, რაც ჩვენი იდენტობის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია. ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, თუმცა, შეიძლება, ეს არც ისე შორს იყოს სიმართლისგან - სადაც კი ადამიანმა ნავი გათალა, მაშინვე სხვა ქვეყნებს მიაშურა. ნავმა მხოლოდ ქართველი მიაჯაჭვა საკუთარ მიწა-წყალს, რადგან ჩვენი წინაპრისთვის ნავი საწნახელი იყო, რაშიც ღვინოს წურავდა და სხვაგან წასვლას, შინ სტუმრის ლოდინს ამჯობინებდა. ჩვენ მსოფლიო გვიცნობს როგორც ოქროს საწმისის მხარეს და როგორც ღვინის სამშობლოს; ღვინო ქართული სიტყვაა, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა“,-ნათქვამია წერილში.

ამასთან, როგორც ივანიშვილის ღია წერილშია აღნიშნული, ქართული ხასიათი და ქართველი ადამიანის ცხოვრებისადმი დამოკიდებულება ღვინის კულტურამ ჩამოაყალიბა.

„ვაზს უკავშირდება ქართული სუფრის უნიკალური ფენომენი, რომელიც ზუსტად გამოხატავს ქართველი კაცის დამოკიდებულებას ცხოვრების რაობის მიმართ, სადაც სიცოცხლის აზრად დასახულია თვით სიცოცხლისვე სიყვარული და მისი ყველაზე დიდი გამოვლინება - სხვა ადამიანისთვის ბედნიერების მინიჭების სურვილი, მრავალხმიანი სიმღერა, ცეკვა, ლექსი, რაც საკუთარ თავს გვამსგავსებს, რაშიც ყველაზე მეტად ვლინდება ჩვენი მეობა და კულტურის თვითმყოფადობა და რაც უდავოდ კაცობრიობის შენაძენია.

ღვინის კულტურა და ქართული სუფრის ფილოსოფია თავისი არსით და სულისკვეთებით ადამიანთა ტოლერანტობას ეფუძნება. სწორედ ამიტომაც, ქართველებისთვის ტოლერანტობა საუკუნეების განმავლობაში შეთვისებულ ცხოვრების და აზროვნების წესს, ძვალსა და რბილში გამჯდარ მსოფლმხედველობას წარმოადგენს და დღეს იმ ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად გვხდის, რომელშიც ყველაზე დიდ ღირებულებად პიროვნების ღირსება და თავისუფლება მიაჩნიათ. პიროვნების პატივისცემაზე დაფუძნებული ევროპული ღირებულებები იგივე ვაჟა-ფშაველას ღირებულებებია და სრულად შეესაბამება ჩვენს მენტალიტეტს“, - აღნიშნულია წერილში.

ივანიშვილის განცხადებით, მთავრობამ ნამდვილად შეუძლია, რომ ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე მდებარე საქართველო ძალიან მალე გადაიქცეს კულტურათა და ცივილიზაციათა თავშეყრის და მშვიდობიანი თანაარსებობის ადგილად.

„ნამდვილად შეგვიძლია, რომ ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე მდებარე საქართველო ძალიან მალე გადავაქციოთ კულტურათა და ცივილიზაციათა თავშეყრის და მშვიდობიანი თანაარსებობის ადგილად, რომლის მოდელიც არის ძველი თბილისი და რისი გამოცდილებაც ათეულობით საუკუნის განმავლობაში გამოვიმუშავეთ.

დღეს ჩვენი ეკონომიკა ექვსჯერ ჩამორჩება საშუალოევროპულს და ამით გამოწვეული პრობლემების გამო ხშირად მიჩქმალულია და მტვერდადებულია საუკუნეების წრთობით ჩამოყალიბებული ქართული ხასიათის მთავარი საზრისი, გაიხაროს სხვისთვის ბედნიერების მინიჭებით. ეჭვი არ მეპარება, რომ სულ რაღაც 10-15 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა ევროპულის მსგავსი იქნება. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ორიენტირად 2030 წელი ავიღე და საზოგადოება “2030” დავაფუძნე, რადგან ჩვენი და საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით საქართველოს ეკონომიკა 2030 წლისთვის საბოლოოდ გაიმართება წელში და განვითარებული ქვეყნების რიგში ჩავდგებით. ეკონომიკური გათვლების გარდა, ამის იმედს მაძლევს ჩვენი ხალხის ნიჭიერება, შრომისმოყვარეობა, სწრაფვა სიახლის შეცნობისკენ და, რასაკვირველია, ჩვენი ახალგაზრდების გონიერება, დიდი შემართება, თვითორგანიზების უნარი და საკუთარი ქვეყნის სიყვარული, რაც, თუნდაც, თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების დროსაც გამომჟღავნდა. როცა ამას მოვახერხებთ და სიდუხჭირეს თავს დავაღწევთ, მაშინ ქართულ ფენომენსაც ოქროს ხანა დაუდგება და ყველასთვის მიმზიდველი გახდება ჩვენი ლამაზი და ნიჭიერი ადამიანებით დასახლებული ქვეყანა“, - აღნიშნულია წერილში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით 29 აპრილს განიხილავს
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა
პრემიერი აქციებზე - კარგი არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა, ვინც ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics