2016-05-30 16:48:39, 854 ნახვა
სამართალი
შემოსავლების სამსახურმა გადასახადებისაგან თავის არიდების კანონსაწინააღმდეგო სქემა გამოააშკარავა
შემოსავლების სამსახურმა ელექტრონული სასაქონლო ზედნადების უკანონო გამოყენების რამდენიმე ფაქტი გამოააშკარავა, რომელთა ანალიზი გადასახადებისაგან თავის არიდების გარკვეული სქემის მოქმედებას ადასტურებს. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული: „კერძოდ, 6 აპრილს, ხობის რაიონის სოფ. ქვალონში, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების ოფიცრებმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადაამოწმეს ავტომანქანა, რომელსაც ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონელი (პურ-პროდუქტები) გადაჰქონდა. გამოვლინდა, რომ მეწარმე პირის მიერ ერთ-ერთ ფიზიკურ პირზე არაერთგზის იყო გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის მიწოდებაზე. საქონლის რაოდენობიდან და ღირებულებიდან გამომდინარე, მონიტორინგის სამმართველოს ოფიცრებმა მიიჩნიეს, რომ ზემოხსენებული ფიზიკური პირი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რაზეც ხსენებული ფიზიკური პირის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად. 5 მაისს ფიზიკურმა პირმა შემოსავლების სამსახურს მიმართა საჩივრით, სადაც აღნიშნავს, რომ არ ახორციელებს არანაირ სამეწარმეო საქმიანობას, არ აქვს არანაირი სამეწარმეო ურთიერთობა ზემოხსენებულ მეწარმესთან და მის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებთან. ვინაიდან, აღნიშნულ ქმედებებში შეინიშნებოდა საგადასახადო რისკები, გადამოწმდა ინდივიდუალური მეწარმის მიერ გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რა დროსაც გამოვლინდა, რომ საწარმოს მიერ გარკვეულ პერიოდში გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ 25 ფიზიკურ პირზე გამოწერილია 2 079 ერთეული მიწოდების სასაქონლო ზედნადები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 67 581 ლარს. ანალოგიური ფაქტი გამოვლინდა 21 აპრილს ქალაქ ქუთაისში, ჭაჭავაძის გამზირზე, სადაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა გადაამოწმეს ავტომანქანა, რომლითაც ხორცილდებოდა ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (კვერცხი) ტრანსპორტირება. ამ შემთხვევაშიც აღმოჩნდა, რომ ფიზიკური პირი, რომელზეც იყო გამოწერილი შესაბამისი ზედნადები, არ ახორციელებს არანაირ სამეწარმეო საქმიანობას და საეჭვოდ მიიჩნევს თავის სახელზე გამოწერილ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებს. გადამოწმდა მეწარმე პირის მიერ გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები და გამოვლინდა, რომ საწარმოს მიერ გარკვეულ პერიოდში გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ 1 706 ფიზიკურ პირზე გამოწერილია 1 987 ერთეული მიწოდების სასაქონლო ზედნადები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 276 868 ლარს. ვინაიდან, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ორივე საქმეზე არსებული მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. შემოსავლების სამსახური შეახსენებს გადასახადის გადამხდელებს, რომ მსგავსი კანონსაწინააღმდეგო სქემები აზარალებს სახელმწიფოს და პრობლემებს უქმნის ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ამასთან, შემოსავლების სამსახური კატეგორიულად აფრთხილებს არაკეთილსინდისიერ გადამხდელებს, რომ მსგავს შემთხვევებზე რეაგირება აუცილებლად მოხდება და კანონის დამრღვევების მიმართ შემოსავლების სამსახური განახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|