10:43 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 14:55:19, 1943 ნახვა

სხვადასხვა
„ნიკორას“ თანამშრომლები კომპანიას უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ

მაღაზიათა ქსელ „ნიკორას“ თანამშრომლები კომპანიას „შრომის კოდექსის“ დარღვევაში ადანაშაულებენ.

როგორც „ნიკორას“ ერთ–ერთი თანამშრომელი, რომლის ვინაობასაც მისი თხოვნიდან გამომდინარე არ ვამჟღავნებთ, „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, ისინი სამუშაო მოვალეობას „შრომის კოდექსით“ განსაზღვრულ დროზე მეტს ასრულებენ.

მისივე თქმით, მაღაზიის კონსულტანტები კვირაში 40 საათის ნაცვლად 90 საათს მუშაობენ, მოლარეები და ძეხვის სექციაში მომუშავე კონსულტანტები კი, 60 საათს. მაგრამ, მათ ზეგანაკვეთურ სამუშაოს არ უნაზღაურებენ. სამუშაო დღეს, შესვენებისთვის 1 საათია გამოყოფილი, თუმცა მათ დასვენების საშუალებას მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში აძლევენ.

„ნიკორას“ ერთ–ერთი თანამშრომლის ინფორმაციით, მიუხედავად დაბალი ხელფასისა, მათ აქვთ ჯარიმები 10–დან 100 ლარამდე. მათ დაჯარიმებას კი ახდენს მონიტორინგის სამსახური, რომელიც 2014 წლის ზაფხულში „ნიკორამ“ თავისი მაღაზიათა ქსელის კონტროლისთვის ჩამოაყალიბა. ის პოლიციის ყოფილი თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული და მათ პოლიციის აკადემიის ყოფილი უფროსი ბესიკ გალუაშვილი ხელმძღვანელობს.

„ნიკორას“ თანამშრომლებმა მონიტორინგის სამსახური მაღაზიათა ქსელში „ჩაშვების ინსტიტუტის“ დანერგვაში ამხილეს.

„მონიტორინგის სამსახური, რომელიც პოლიციის ყოფილი თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული, მცირე დარღვევის შემთხვევაში, კონსულტანტებს და მოლარეებს გვიბარებენ და დაკითხვას გვიწყობენ. იქ პოლიციის გარემოა შექმნილი და ათასგვარი მეთოდებით თანამშრომლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ. გარდა ამისა, მათ „ჩაშვების ინსტიტუტი“ აქვთ დანერგილი. უნდათ, რომ ერთმანეთი ჩავუშვათ და მათთან ამბავი მივიტანოთ. ბესიკ გალუაშვილს კი, ნიკორას ერთ–ერთი მეწილის ლიკა სუხიაშვილისგან სრული უფლება აქვს, თანამშრომლები დააშანტაჟოს. მათ ამ საქმის შესრულებისთვის 1500– 2000 ლარიანი ხელფასი დაუნიშნეს“, – აცხადებს „ნიკორას“ თანამშრომელი.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, როდესაც კონსულტანტები და მოლარეები სამუშაო საათს ამთავრებენ, მაღაზიიდან გასვლამდე მათ ჩანთებს უხსნიან და ამოწმებენ.

„თანამშრომლებს ჩანთას უმოწმებენ იმის შიშით, რომ რამე არ ჰქონდეს მოპარული. ეს ჩვენს თავმოყვარეობაზე მოქმედებს“, – აღნიშნა ერთ–ერთმა თანამშრომელმა.

როდესაც "ნიკორაში" თანამშრომლებს შრომით ხელშკერულებას უფორმებენ, თანამშრომლის ინფორმაციით, მათ პირობებს არ აცნობენ.

ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კი, კომპენსაციას არ უხდნიან.

ცნობისთვის, „შრომითი კოდექსის“ თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, დამსაქმებელს ეკისრება ვალდებულება, დასაქმებულს არანაკლებ ერთი თვის კომპენსაცია გადაუხადოს.

„ნიკორას“ თანამშრომლის თქმით, ზამთრის პერიოდში მაღაზიებში არ აქვთ გათბობა, ხელმძღვანელობა კი, მიზეზად პროდუქტის გაფუჭებისგან დაცვას ასახელებს.

„სრული მონათმფლობელური წყობაა. ზამთარში თანამშრომლებზე არავინ ზრუნავს. არ გვაქვს გათბობა, მიზეზად მოჰყავთ, რომ პროდუქცია გაფუჭდება. გათბობის ერთადერთი საშუალება მაცივრის მოტორიდან გამოსული სითბოა. ამის გამო თანამშრომლები ხშირად ავადმყოფობენ“, – აღნიშნა თანამშრომელმა და იქვე დასძინა, რომ ავადმყოფობის გამო, სამუშაო საათების გაცდენისთვის მათ ბიულეტინს არ უნაზღაურებენ.

„მოთხოვნა აქვთ, რომ მაღალი სტანდარტები დაინერგოს. თუმცა ეს თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულებას არ ეხება. ხელფასი მცირე გვაქვს, ჯარიმები დიდი. ოფიციალური შვებულება კი, არ გვაქვს. თანამშრომლები ერთმანეთის ხარჯზე ვისვენებთ“, – აღნიშნა თანამშრომელმა.

სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ 16 წელზე მეტია ფუნქციონირებს და ქართულ ბაზარზე 108 სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკორამ შეისყიდა გუდვილის „მარშე“, მაღაზიათა ქსელი „კი ბატონო“ და „ჰოპ მარტი“.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics