00:23 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 20:11:16, 541 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელი: ჩვენ შევეცადეთ, რომ აბსოლუტურად ნატოს შესაბამისი სარდლობები გვყოლოდა

"ჩვენ შევეცადეთ, რომ აბსოლუტურად ნატოს შესაბამისი სარდლობები გვყოლოდა" - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობების შექმნა ჯარის ეფექტიანად მართვისთვის განხორციელდა.

„ეს იდეა ჩემი ნამდვილად არ არის, შეიარაღებულ ძალებში სარდლობების შექმნაზე დიდი მოთხოვნა იყო, თუმცა, გადაწყვეტილების მიღება ყოვნდებოდა. უშიშროების საბჭოს შევთავაზეთ ეს წინადადება და, საბედნიეროდ, მივიღეთ თანხმობა. ორივე სარდლობა უკვე ფუნქციონირებს. ჩვენ შევეცადეთ, რომ აბსოლუტურად ნატოს შესაბამისი სარდლობები გვყოლოდა და ერთი უჯრედი მაინც შეგვექმნა შეიარაღებულ ძალებში, რომლებიც შეიქმნებოდა ზუსტად ისე, როგორც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ხდება“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა მედიის წარმომადგენლებისთვის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს.

მინისტრმა ჟურნალისტებისთვის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე მოთხოვნა ჯარის პოპულარობაზე მიუთითებს.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართულ ჯარში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება არ განხორციელებულა. ჩვენ 2015 წლის ბოლოდან უკვე სამი გაწვევა გვქონდა და დაახლოებით 1000 სამხედრო მოსამსახურით შეივსო საკონტრაქტო სამსახური. აქ საუბარია სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც საკუთარი ნებით მოდიან ჯარში და ხელშეკრულებით, შესაბამისი ანაზღაურებით ემსახურებიან საკუთარ ქვეყანას... 2017 წელსაც, ანალოგიურად, სამი გაწვევა გვაქვს დაგეგმილი, იმიტომ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სჭირდება შევსება ახალი კადრებით, სჭირდება ახალგაზრდობა და მოთხოვნა არის ძალიან დიდი. დაახლოებით ათჯერ მეტ განცხადებას ვიღებთ ჩვენ, ვიდრე შეგვიძლია, რომ დავაკმაყოფილოთ. ეს, ჩემი აზრით, ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის, ჯარის პოპულარობაზე და იმაზეც, რომ ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეიარაღებულ ძალებს“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჰაუპტვახტები აღარ არსებობს.

„ქვეყანაში არსებობდა დახურული ობიექტები, რომელთანაც, პრინციპში, ადვოკატსაც არ ჰქონდა წვდომა, თუკი ამას ასე მიიჩნევდა საჭიროდ ზემდგომი. შეიძლებოდა, უბრალოდ, ტყვეობაში გყოლოდა სამხედრო მოსამსახურე, რამდენი ხანიც გინდოდა, ისე, რომ ამას ვერავინ გაიგებდა. საბედნიეროდ, ჩვენი ხელისუფლების დროს ასეთი რამ აღარ ხდებოდა, მაგრამ, თავისთავად, ინსტიტუციურად, ჰაუპტვახტის არსებობა ყოველთვის აჩენდა შესაძლებლობას, რომ სხვაგვარი პოლიტიკური ნების პირობებში ეს პრაქტიკა ისევ დაბრუნდებოდა“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მედიასთან ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს.

თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ მის მიერ დადებული პირობა შესრულებულია, გადაწყვეტილება მიღებულია და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჰაუპტვახტები აღარ არსებობს.
თავდაცვის მინისტრმა მედიასთან თანამდებობაზე დანიშვნის დროს დადებული სხვა დაპირებაც გაიხსენა, რომელიც დღეს ასევე შესრულებულია.

„მეორე დაპირება, რომელზეც პირველივე დღეს ვისაუბრეთ, იყო ის, რომ გავაუქმებდით სპეცუბნებს. ამისთვის მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება არ იყო საკმარისი და კანონმდებლობაში ცვლილებები იყო საჭირო. ამ წუთის მდგომარეობით ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სპეცუბნები აღარ არსებობს. სპეცუბნები გაუქმებულია შეიარაღებულ ძალებში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში აღარასდროს მოვა ხელისუფლება, რომელიც ამ საკანონმდებლო ცვლილებას შეცვლის“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, ღირსეული პარტნიორი“ სულ უფრო ფართო შესაძლებლობებს გააჩენს ქართველი სამხედროებისთვის“.

„სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ არის ყველაზე მთავარი, ღირშესანიშნავი და დიდი ღონისძიება. ჩემი მინისტრობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიმაჩნია ის, რომ საქართველოში პირველად ჩამოვიდა უპრეცედენტო რაოდენობის ამერიკული სამხედრო ტექნიკა და წვრთნებში პარტნიორი ქვეყნების უპრეცედენტო რაოდენობის სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა ჩვენს სამხედროებთან ერთად“,- ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ჩატარებული ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ მედიის წარმომადგენლებთან ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს. 

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, სწორედ, ამ ტიპის წვრთნებსა და პარტნიორობას ითხოვდა საქართველო წლების განმავლობაში ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების დროს.

„მეტი წვრთნა, მეტი პარტნიორი სამხედრო საქართველოს ტერიტორიაზე, მეტი თავდაცვისუნარიანობის საშუალებები, წვრთნები იმისთვის, რომ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თანამედროვე საშუალებებით გაიარონ სწავლება - ვრცელი მოლაპარაკებების შედეგად ეს მიზანი მიღწეულია და პროცესი იქნება შეუქცევადი - „ღირსეული პარტნიორი“ სულ უფრო ფართო შესაძლებლობებს გააჩენს ქართველი სამხედროებისთვის“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ უკვე დაწყებულია „ღირსეული პარტნიორი 2017“-ზე მუშაობა და ეს სწავლება კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, შემოდგომაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნის „Agile Spirit“-ის გამართვაც იგეგმება, რომელიც ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანი წვრთნაა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics