05:59 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 21:54:19, 536 ნახვა

სამხედრო
ხიდაშელი: ქართული სპეცოპერაციების ძალები მალე ნატოსთან თავსებადი დანაყოფი გახდება

ქართული და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს სპეცოპერაციების ძალების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მომავალში საქართველო მიიღებს ნატოსთან აბსოლუტურად თავსებად და ოპერირებად სპეციალურ დანაყოფებს.

„სპეციალურ ძალებთან დაკავშირებით ჩვენ ზუსტად იმავე რელსებზე ვართ დღეს, როგორც ეს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემთხვევაში ხდება. აღნიშნულ საკითხზე უკვე საბოლოოდ დასრულდა მოლაპარაკებები პოლონურ მხარესთან. გასულ წელს ჩემი და პოლონეთის თავდაცვის მინისტრის შეხვედრის შედეგად დავგეგმეთ პროცესი, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული სპეცოპერაციების ძალების ანალოგიურ რელსებზე გადაყვანამდე, ანუ ნატოსთან თავსებად შეიარაღებულ ძალებამდე. ეს არის წელიწადნახევრიანი პროექტი ინტენსიური წვრთნებით, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ სექტემბერში ვნახავთ სპეციალური ძალების ერთ-ერთ ასეთ წვრთნას აქ, საქართველოში. ეს პროცესი 2017 წელს ქართული სპეციალური ოპერაციების ძალების ნატოს სპეცძალებთან სრული ინტეგრაციით უნდა დასრულდეს. ისევე, როგორც იმ ერთი ასეულის შემთხვევაში, ჩვენ მომავალში მივიღებთ ნატოსთან აბსოლუტურად თავსებად და ოპერირებად შეიარაღებული ძალების კიდევ ერთ სტრუქტურას თუ დანაყოფს საქართველოში,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მინისტრმა იქვე განაცხადა, რომ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების უდანაშაულობა დასტურდება როგორც საქართველოში, ისე ცენტრალურ აფრიკაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით.

„ჩვენი მოთხოვნაა ერთადერთი - ზუსტად იმავე ტრიბუნიდან, იმავე ფორმით მოხდეს ახალი განცხადების გაკეთება, როგორც მოხდა ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბრალის დადება. უნდა ითქვას, რომ ეს არ შეესაბამებოდა სიმართლეს და იყო შეცდომა. მაქვს ფაქტობრივი მიზეზი მჯეროდეს, რომ ეს არის ტყუილი. დღეს ეს ფაქტობრივი მიზეზი უკვე დადასტურებულია, დადასტურებულია მოკვლევით საქართველოში და ასევე იმ საგამოძიებო მოქმედებებით, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ეთიოპიაში და საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს აფრიკის კავშირში ვახტანგ ჯაოშვილს: „მიმღები ქვეყნიდან ჩვენ საგამოძიებო ჯგუფთან თანამშრომლობის მიმართ დიდი ენთუზიაზმი არ ყოფილა, მაგრამ, სწორედ ჩვენი ელჩის დამსახურებაა, რომ მან ყველაფერი გააკეთა და მათ შორის შეუძლებელიც, იმისთვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო „ძალადობის მსხვერპლთან“ გასაუბრება და ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება“.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, გაეროს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრებისას გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის საკითხზეც იმსჯელა, თუმცა, თავდაცვის მინისტრის პირობა ასეთია - „სანამ ეს ბრალდება ჰაერში ჰკიდია, შეუძლებელია ვილაპარაკოთ რაიმე თანამშრომლობაზე ორგანიზაციასთან, რომელსაც შეუძლია ასე მარტივად ბრალი დასდოს მთელ შეიარაღებულ ძალებს უმძიმეს დანაშაულში და შემდეგ არაფერი არ მოხდეს. არ ვაპირებთ, რომ ეს პროცესი ასე დავასრულოთ. ჩემი მოთხოვნა არის სრულიად ცალსახა და ეს ჩვენ ვუთხარით გაეროს გენმდივნის მოადგილეს, რომელიც კურირებს სამშვიდობო მისიებს - ვითხოვთ ბოდიშს და ამ ინფორმაციის უარყოფას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ჟურნალისტებთან უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო მისიებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ქართული ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს მოამზადებს. ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში მონაწილეობისთვის ქართული ოცეულის გაგზავნას უკვე დაუჭირა მხარი საქართველოს პარლამენტმა.

„დიდი ხანია საერთაშორისო მისიებში ვმონაწილეობთ, მაგრამ განსაკუთრებულობა და პირველობა ამ საქმის ის არის, რომ ჩვენი ოცეული პირველად მიემგზავრება არა როგორც ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალები მისიის განსახორციელებლად, არამედ როგორც საწვრთნელი კომპონენტი. ეს ოცეული ცენტრალურ აფრიკაში მიემგზავრება იმისთვის, რომ გაწვრთნას და მოამზადოს ცენტრალური აფრიკის შეირაღებული ძალები, ზუსტად ისე, როგორც წლების წინ ჩამოდიოდნენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ყველას ერთობლივი წარმატებაა: „ეს იმ ტიპის წარმატებაა, რომლითაც ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ. ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების თვისობრივად ახალი მონაპოვარი. მინდა, მივულოცო მათ და მთელ საქართველოს. ამ ტიპის აღიარება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ნატოში გაწევრიანების გზაზე. სწორედ ასეთი მიღწევების შედეგად დგება ხოლმე მომენტი, როდესაც რაღაც უბრალოდ გარდაუვალია და სწორედ ამ გზაზე ვართ ჩვენ. როდესაც ვამბობთ, კარიდან თუ ვერ შევალთ ფანჯრიდან შევალთ, სწორედ ამას ვგულისხმობთ - ვიყოთ ისეთი ტიპის მზადყოფნაში, როდესაც შეუძლებელი იქნება უბრალოდ სხვა პასუხის მიღება“.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს სერიოზული განაცხადი აქვს გაკეთებული გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობაზე. სწორედ ამ მიზნით, აშშ-ში ვიზიტისას თავდაცვის მინისტრი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა და სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის ახალი ფორმატი და შესაძლებობები განიხილა.

ხიდაშელის განცხადებით, არსებული პროექტის გეგმის მიხედვით შესრულების შემთხვევაში ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს სულ მალე კიდევ ერთი ქართული ასეული შეემატება.

„თქვენ იცით, რომ 22 მაისს საქართველოში სერტიფიცირება გაიარა პირველმა ქართულმა ასეულმა. საკმაოდ სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, მე-12 ბატალიონის ასეული უკვე არის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ოფიციალური ნაწილი. პორტუგალიაში, ამერიკაში, რუმინეთში და ბალტიისპირეთში არსებობენ მსგავსი შენაერთები და საჭიროების შემთხვევაში მზადყოფნაში არიან, მონაწილეობა მიიღონ ნატოს მისიებსა და ამოცანებში. ზუსტად ასევეა სრულ მზადყოფნაში ერთი ქართული ასეული. ჩვენ დავიწყეთ მეორე ასეულის ანალოგიურ სისტემაზე გადაყვანის პროცედურები და გარწმუნებთ, რომ თუ ყველაფერი პროექტის მიხედვით წავიდა, ჩვენ კიდევ ერთი დანაყოფი შეგვემატება, რომელსაც ანალოგიური ამოცანების შესრულება შეეძლება,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თინათინ ხიდაშელმა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის გეგმებსა და სტრატეგიულ ურთიერთობაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული ფორმატი მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც სტრატეგიული სატრანზიტო ფუნქციის ქვეყნისთვის.

„ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ამოცანის, სტრატეგიული საჭიროების - საქართველოს, როგორც სტრატეგიული სატრანზიტო ფუნქციის გაზრდისთვის ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული ფორმატი მნიშვნელოვანია. ყველა პროექტი, რომელიც ამ სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში განხორციელდება და რომლის ფოკუსირებასაც ჩვენ გაზსადენებისა და ნავთობსადენების დაცვაზე მოვახდენთ, სწორედ, ჩვენი როგორც სტრატეგიული სატრანზიტო ქვეყნის ამოცანების სრულფასოვან შესრულებას მოხმარდება. ივლისში დაგეგმილია საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი მემორანდუმის ხელმოწერა, რომელზეც ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. საუბარი იქნება სამი ქვეყნის ერთობლივ წვრთნებზე, ღონისძიებებზე, სწორედ სტრატეგიული ნავთობ და გაზსადენების დაცვისთვის. საქართველოსთვის შავ ზღვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, სტრატეგიული სატრანზიტო ფუნქცია, რომლის გამოც ჩვენ ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ ჩვენი პარტნიორებისთვის“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მინისტრმა ნატო-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე, კერძოდ კი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ვარშავის სამიტის შემდეგ, JTEC-ს ოფიციალურად დადასტურებული, სერტიფიცირებული ერთობლივი სასწავლო ცენტრის სტატუსი ექნება.

„JTEC გასული წლის აგვისტოში ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გავხსენით. მისი სტატუსის მოპოვებისთვის ერთი წლის განმავლობაში ვიბრძოლეთ. JTEC ეს არის ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი და თუ ის არის ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი, მას უნდა ჰქონდეს ადგილი ნატოს სტრუქტურაში, ის უნდა იყოს იმ ერთიანი სისტემის ნაწილი, რომლითაც ნატოს წევრი ქვეყნები ანალოგიურ ცენტრებში ანალოგიურ სწავლებებს ახორციელებენ. ეს არ იყო მარტივი პროცესი, მაგრამ ესეც იქნება ვარშავის სამიტის ერთ-ერთი მონაპოვარი. ჩვენ ვარშავის სამიტიდან დავბრუნდებით ლეგალიზებული JTEC-ით ნატოს სისტემასა და ნატოს სტრუქტურაში. ეს იქნება პირველი შემთხვევა ნატოს ისტორიაში, როდესაც მას არაწევრ ქვეყანაში ექნება ოფიციალურად დადასტურებული, სერტიფიცირებული სასწავლო ცენტრი“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მინისტრმა მნიშვნელოვანი ყურადღება შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობის საკითხზე გაამახვილა.

„ყირიმის ოკუპაციის შემდეგ მთელმა მსოფლიომ, მათ შორის ნატომაც, ბუნებრივია, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ შავ ზღვაზე ბალანსი შეიცვალა და, შესაბამისად, შეიცვალა უსაფრთხოების გარემო. შეფასებები ამ თვალსაზრისით თანხვედრაშია თბილისში, ბრიუსელში, რუმინეთში, თურქეთში, ვაშინგტონში და ყველგან. თუმცა, განსხვავებები იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ შექმნილ სიტუაციას, შეცვლილ გარემოს, შეცვლილ უსაფრთხოების გამოწვევებს. სწორედ, ამ საკითხით ვიყავით დაკავებულები მთელი წლის განმავლობაში, რომ პასუხი უფრო მეტად სასარგებლო ყოფილიყო საქართველოსთვის და ქვეყანა რაც შეიძლება მეტად ყოფილიყო ამ პასუხის მონაწილე“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ დღეს ნატოში ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზე და ამ საქმიანობის აბსოლუტური სრულფასოვანი მონაწილე არის საქართველო.

„ნებისმიერი კონცეპტი, რომელიც ვარშავაში დამტკიცდება შავ ზღვასთან დაკავშირებით, იქნება საქართველოსთან ერთად. იმის მიუხედავად, საქართველო ნატოს წევრი არის თუ არა. ეს არის ის მიმართულება და გამოწვევა, რომელზეც ჩვენ ცალსახად ვთქვით, რომ არ არსებობს შავი ზღვის უსაფრთხოება, არ არსებობს წარმატებული პროექტი შავ ზღვაზე, თუ მისი მონაწილე არ არის საქართველო. ამ თვალსაზრისით, პრაქტიკულად, სრულ თანხვედრას მივაღწიეთ განწყობებში, გეგმებსა და დამოკიდებულებაში. შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩვენ ყველა ერთად დავიწყებთ მუშაობას კონკრეტულ გეგმებზე... ჩვენი მოთხოვნა მარტივია, თუკი ამ უსაფრთხოების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება შავ ზღვაზე პატრულირება, მაშინ ამ პატრულირებაში ჩაერთვება საქართველო. როგორც შედიან გემები ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის პორტებში, იმავე სიხშირით, იმავე გზის ნაწილად უნდა შემოდიოდნენ საქართველოს პორტებში“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მონიტორინგი რომელიც ზღვაზე განხორციელდება სრულმასშტაბიანი უნდა იყოს საქართველოშიც და შავ ზღვაზე უსაფრთხოების სურათი, რომელსაც უყურებენ ნატოს წევრი ქვეყნები, სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი საქართველოსთვის.

„ამოცანა არის სრულიად ცალსახა და მარტივი, ყველა ღონისძიებაში, რომელიც დაიგეგმება ნატოში შავ ზღვასთან დაკავშირებით, ჩართული უნდა იყოს საქართველო. ამ თემებზე სიტყვიერად მიღწეული შეთანხმებები უნდა აისახოს დოკუმენტებშიც“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მინისტრის ინიციატივით, ქართული ჯარი ქართული პროდუქტით იკვებება და ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია ქართულ ეკონომიკაში რჩება. თინათინ ხიდაშელმა სამხედრო მოსამსახურეების კვების თემაზე ქართული მედიის წარმომადგენლებთან ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის მინისტრად დანიშვნის დღიდან, ქართული ეკონომიკის დახმარება მისი ერთ-ერთი პირველი ამოცანა იყო და მან ეს დანაპირები შეასრულა.

„გასულ წელს გამოვაცხადეთ ტენდერები და ამ წლიდან ჯარში მთლიანად ქართული ხორცი შემოვიტანეთ. ამან საშუალება მოგვცა, რომ ჩვენი ბიუჯეტის დაახლოებით 40 მილიონი, რომელიც მანამდე გაყინული ხორცის იმპორტზე მიდიოდა, ქართულ ეკონომიკაში დაგვეტოვებინა. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ივლისის შუა რიცხვებიდან ქათამიც მთლიანად იქნება ქართული. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გაჩნდება ქართულ ბაზარზე. თუ ჩვენი მეწარმეები და ფერმერები მოინდომებენ და შესაბამისად იშრომებენ, კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მიიღებენ და უფრო მეტი თანხა დარჩება საქართველოში“, - აღნიშნა თავდაცის მინისტრმა.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ქართულ ეკონომიკაში უფრო მეტი თანხა შევიდეს, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. „ჩვენი ამოცანაა, ქართულ ბაზარზე ჯარის კვებაზე დახარჯული თანხები დაახლოებით 90%-მდე ავიყვანოთ და მხოლოდ იშვიათი პროდუქტი, რომელიც უბრალოდ არ იწარმოება ქვეყანაში, შემოვიტანოთ უცხოეთიდან. ყველაფერი დანარჩენი ჩვენ შეგვიძლია საქართველოში ვიყიდოთ და დავეხმაროთ ქართველ გლეხს“,- განაცხადა ხიდაშელმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics