19:46 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 19:12:34, 549 ნახვა

საზოგადოება
საქართველომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული ქვეყნებს შორის - პირველ კალათაში გადაინაცვლა

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლისათვის გატარებული ღონისძიებებით საქართველო ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს შორის მოხვდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშშია ნათქვამი. საქართველომ 1-ლ კალათაში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მთავრობა სისტემატურად ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით საქართველო ადგილს იკავებს ევროკავშირის  ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა:  ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, ლიტვა, ჩეხეთი, პოლონეთი და სხვა.

 
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შედეგები იუსტიციის სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა და შრომის, ჯანმრთლეობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ წარადგინეს. 

აშშ-ის სახელმწიფო ანგარიშში პოზიტიურად ფასდება როგორც ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, ისე პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და თანამშრომლობის კუთხით გატარებული ქმედებები. აღნიშნულია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ ითვალისწინებს საკმაოდ მკაცრ სანქციებს ტრეფიკინგის დანაშაულისთვის, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია და პოზიტიურად ხაზგასმულია ტრეფიკიორების მიმართ მკაცრი სასჯელების  გამოყენების პრაქტიკა.  განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკანონმდებლო ბაზის განვითარებას, კერძოდ, მიგრაციის შესახებ კანონის მიღებას, მიგრაციის 2016-2020 წლების სტრატეგიისა და 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებას, რომლებიც არალეგალურ მიგრაციასა და  ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხებსაც მოიცავს.
 
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულია პროგრესი ტრეფიკინგის სრულწლოვან და არასრულწლოვან მსხვერპლთათვის შეთავაზებულ სხვადასხვა სახის სერვისზე, თავშესაფრებსა და კომპენსაციაზე, ყურადღებაა გამახვილებული მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინატორებზეც, რომლებიც ტრეფიკინგის გამოძიების პირველივე წუთებიდან ჩაერთვებიან საქმეში, კონსულტაციებს გაუწევენ ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულებს, მიაწვდიან მათ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით. 
 
აშშ პოზიტიურად აფასებს კანონს მიუსაფარი ბავშვების შესახებ, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და რომელიც უკვე დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. კანონი სხვა საკითხებთან ერთად ეფექტურად იცავს ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე ბავშვებს ძალადობისა და ტრეფიკინგისაგან.  
 
ანგარიშში საუბარია საინფორმაციო კამპანიაზე, რომელსაც სახელმწიფო არასამთავრობო სექტორთან ერთად ტრეფიკინგის ეფექტური პრევენციისათვის ატარებს. აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სულ უფრო აქტიურად მონაწილეობს მასში როგორც ფინანსური, ისე ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსის მხრივ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს იუსტიციის სამინისტროს მიერ პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად ყოველწლიური საგრანტო კონკურსის პრაქტიკას. 

შთამბეჭდავი წარმატებაა აღნიშნული შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობაში. ანგარიშში ხაზგასმულია წინა წლებთან შედარებით დაწყებული გამოძიებების გაზრდილი მაჩვენებელი, რაც მოწმობს შემთხვევების გამოვლენის და პროაქტიული გამოძიებების გაძლიერებას. ასევე, ხაზგასმულია ტრეფიკინგის მომიჯნავე მუხლებით დაწყებული გამოძიებების რიცხვის მატება, კერძოდ, მუხლი 171, რომელიც ითვალისწინებს არასრულწლოვნის ჩაბმას ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში, ასევე,  პროსტიტუციის იძულება და ხელშეწყობასთან დაკავშირებული მუხლები. საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ყურადღება გამახვილებულია პოლიციური თანამშრომლობაზე, რომლის გაფართოების ფარგლებშიც, მნიშვნელოვანი წარმატებები იქნა მიღწეული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის კუთხით. გარდა ამისა,  გაიზარდა პოლიციის ატაშეების რიცხვი.  

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროგრესი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში  უწყებათაშორისი საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგია, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და რომლის შემადგენლობაში შედიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.
 
საქართველოს მოხვედრა პირველ კალათაში უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსთვის შემდეგი მიზეზების გამო:

აღნიშნული შეფასება პოზიტიურად აისახება საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესზე, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ამერიკის შეერთებული შტატების შეფასება და პირველ კალათაში საქართველოს მოხვედრა კიდევ უფრო მეტად  შეუწყობს  ხელს პროცესის წარმატებას. 
სახელმწიფოს ეფექტური ბრძოლა ტრეფიკინგის წინააღმდეგ, მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოში როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე სრულწლოვანი თუ არასრულწლოვანი უცხოელებისთვის შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამერიკის სახელწმფიო დეპარტამენტის ეს შეფასება, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებისთვის. აღნიშნული ანგარიში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოქალაქისთვის კარგი სიგნალია, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიჩნევისა და მოგზაურობისათვის. 
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ  ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით ორგანიზებული და სათანადო პოლიტიკით რეგიონის დონეზეც საქართველო დადებითადაა შეფასებული, რაც ასევე მნიშვნელოვანია რეგიონში ქვეყნის უსაფრთხო როლის ხაზგასმისათვის. 
 
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტრეფიკინგის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით ყოველწლიურად მსოფლიოს 188 სახელმწიფოს აფასებს. შეფასება ისეთ ძირითად კომპონენტებს ეფუძნება, როგორიცაა: სახელმწიფოს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა და ტრეფიკინგის კუთხით პარტნიორობა მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

საქართველოს 2013 წლიდან 2016 წლამდე ადგილს იკავებდა მეორე კალათში. განხორცილებული რეფორმების და შესრულებული რეკომენდაციების შედეგად, 2015 წელს  ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics