11:37 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 10:34:37, 777 ნახვა

პოლიტიკა
თბილისი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს

თბილისში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია  გაიხსნა, რომელსაც ეუთოს წევრი ქვეყნის 700–ზე მეტი სტუმარი ესწრება.  ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მიმართა.

გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიების მნიშვნელობა შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყურადღების ცენტრში მოექცევა.

„სიმბოლური დამთხვევაა, რომ სწორედ წელს, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს აღნიშნავს, ჩვენ ვმასპინძლობთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას. ჩვენ დიდად ვაფასებთ საპარლამენტო ასამბლეის ფორმატს და, ზოგადად, მის წვლილს ეუთოს საქმიანობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყურადღების ცენტრშია. მოგეხსენებათ, დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, საქართველო გახდა ეუთოს მონაწილე ქვეყანა და აქტიურად ჩაერთო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით,"–განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ეუთო, ტრადიციულად წარმოადგენდა ორგანიზაციას, სადაც მიიღებოდა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გათვალისწინებით, ევროპას დღეს სჭირდება ძლიერი და  ქმედითი ეუთო, რომელიც  არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხებს.

„ეს მთლიანად ეხება საქართველოში შექმნილ ვითარებასაც. დღეს, ჩვენს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მიუხედავად, საქართველოში ეუთოს მისია აღარ არსებობს. დამეთანხმებით, ამგვარი ვითარება სრულიად მიუღებელია. ამასთან, ეუთოს სივრცე და, კერძოდ, სამხრეთი კავკასიის რეგიონი, აღმოჩნდა ჩვეულებრივი შეიარაღების შემზღუდავი საერთაშორისო მექანიზმის გარეშე. შედეგად, მივიღეთ შეიარაღების უკონტროლო ზრდა სამხრეთ კავკასიაში. სიტუაციის სტაბილიზება და შემდგომი გართულების თავიდან აცილება მხოლოდ ყველა საერთაშორისო მექანიზმის, მათ შორის, უპირველესად, ეუთო-ს აქტიური ჩართულობით არის შესაძლებელი,"–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ტრიბუნიდან მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამძიმარი თურქ ხალხს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალთა გაერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო  უკვე წლებია თავისუფალი მსოფლიოს გვერდით დგას ტერორიზმთან ბრძოლაში და საქმით დაამტკიცა, რომ არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის როლზე და სინანული გამოთქვა ბრიტანელი ხალხის არჩევანის გამო. მისი თქმით, მშვიდობისა და თანამშრომლობის ევროპულ პროექტს ალტერნატივა არა აქვს და ის აუცილებლად გაგრძელდება.

„დღეს ევროკავშირი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან და ძლიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირს მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად დღევანდელი სერიოზული სირთულეებისა - ვგულისხმობ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას - ევროკავშირის ძალა და სიმტკიცე, სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება.  მე პატივს ვცემ ბრიტანელი ხალხის არჩევანს, თუმცა მინდა სინანულიც გამოვხატო,"–განაცხადა პრემიერმა.

საქართველო პრემიერ–მინისტრის განმარტებით, დღეს, 1-ელ ივლისს, ძალაში სრულად შევიდა ასოცირების ხელშეკრულება. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ  ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში თვისებრივად ახალი ეპოქა იწყება, რაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაა.

„ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის გააზრებული არჩევანია, რადგანაც ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ეს არის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა. მინდა გითხრათ, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ამ ეტაპზე ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. მოლოდინები საქართველოში ძალიან დიდია. უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული ჩვენი - ზოგჯერ მტკივნეული - ევროპული ტრანსფორმაციის გზაზე. ერთი მხრივ, მოსახლეობა დაინახავს, რომ ევროპულ არჩევანს ხელშესახები სარგებელი მოაქვს. მეორე მხრივ კი, დაუბრკოლებელი კავშირები ჩვენს საზოგადოებებს შორის დიდ წვლილს შეიტანს ევროპული ღირებულებებისა და იდეების გაზიარებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.  სწორედ ამიტომ, გამოვთქვამთ იმედს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება,"–აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა, რომ დღეს, საქართველოს  ტერიტორიები ოკუპირებულია. მისი განმარტებით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ცდილობს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაციას: აღდგა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, გვარდება გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემები. პრემიერ–მინისტრის თქმით, რუსეთის მიმართ პრაგმატული კურსის მიუხედავად, სერიოზული საფრთხეები რჩება აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ; ხდება ხელოვნური ბარიერების აღმართვა და მიმდინარეობს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაცია, რაც უარყოფითად აისახება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივაზე.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ეუთოს საპრალამენტო ასამბლეის სესიის ტრიბუნიდან  გიგა ოთხოზორიას სასტიკ მკვლელობაზე ისაუბრა.

„აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებს და ჰუმანიტარული მდგომარეობის სიმძიმეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ახლახან, სოფელ ხურჩაში,  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შეუიარაღებელი ქართველი მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობა. აღნიშნული ინციდენტები სერიოზულ რისკებს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოებას. ეს გამოწვევები და რისკები ახალი ხედვების შემუშავებისა და ერთობლივი ქმედების აუცილებლობას გვკარნახობს,"–განაცხადა პრემიერმა.

გამოსვლის დასასრულს გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებისა და სტაბილური განვითარებისთვის განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს  შეეხო და ამ პროცესში ეუთოს, მისი დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. პრემიერი მიიჩნევს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების  პროცესების სრული გამჭვირვალობა საქართველოს ხელისუფლების პრესტიჟის საქმე და ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის ტესტია.

„საქართველოს მთავრობა არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა წლევანდელი არჩევნებიც ასევე ღია, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, რითაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს წინსვლას დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად წელს კიდევ უფრო მეტი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია გვყავს მოწვეული.  იმედს გამოვთქვამთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა,  რომელიც ტრადიციულად წარმოადგენს ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ და კომპეტენტურ სადამკვირვებლო მისიას, წლევანდელ არჩევნებზეც სათანადოდ იქნება საქართველოში წარმოდგენილი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან ერთად. მზად ვართ, მივიღოთ დამკვირვებელთა მაქსიმალური რაოდენობა, რათა უზრუნველვყოთ საარჩევნო პროცესების სრული გამჭვირვალობა. გულწრფელად გეტყვით: ეს ჩვენი ხელისუფლების პრესტიჟის საქმეა, საბოლოოდ კი - ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის ტესტია და, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ტესტს ღირსეულად  ჩავაბარებთ,"–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები, ვიცე-სპიკერები და კანონმდებლები დაესწრნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი დამატებით 27-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა
როთი კობახიძეს - გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი!
სოფელ დიღომში სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics