07:02 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 21:17:54, 479 ნახვა

საზოგადოება
საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ დღეს მეორე სხდომა გამართა

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ დღეს მეორე სხდომა გამართა. სხდომას იუსტიციის მინისტრი − უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე − თეა წულუკიანი უძღვებოდა. შეხვედრაზე მოისმინეს წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია.

კომისიამ იმსჯელა რეკომენდაციის პროექტზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში  ყველა კანდიდატს საშუალებას მისცემს უზრუნველყოფილ იქნენ თანაბარი პირობებით, განათავსონ ბეჭდური სააგიტაციო მასალა, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში.

გარდა ამისა, კომისიამ იმსჯელა საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოცემული რეკომენდაციის ხელახლა გამოცემაზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებს - არ შეუშალონ ხელი ერთმანეთს აგიტაციაში, რათა ყველა პარტიას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა გასწიოს აგიტაცია და წარადგინოს საკუთარი  პროგრამა.

ამასთან, გუშინ, იუსტიციის სისიტემის 5500-ზე მეტმა თანამშრომელმა, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, მეილის საშუალებით მიიღო ინსტრუქცია წინასაარჩევნო პერიოდში საჯარო მოხელის ქცევის წესების შესახებ. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ მოუწოდა უწყებებს მსგავსი ინსტრუქცია მისცენ მათ სისტემაში დასაქმებულ ყველა საჯარო მოხელეს. მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ასეთივე ინსტრუქციას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირებიც.  

თავისუფლი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მომდევნო სხდომა 10 აგვისტოს გაიმართება. ამავე დღეს სერვისების განვითარების სააგენტო წარმოადგენს საარჩევნო სიის დაზუსტების პროექტის შედეგებს და გაწეული საქმიანობის ანგარიშს.

კომისიაში შემავალი უწყებები პოლიტიკურ პარტიებთან 24-საათიან რეჟიმში ხაზზე არიან ცხელი ხაზის თუ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რათა მათ ინფორმაციის მოწოდება მარტივად შეძლონ. თეა წულუკიანის განცხადებით, კანონის თანახმად, კომისია ორ კვირაში ერთხელ იკრიბება, ხოლო სექტემბრის დასაწყისიდან კომისიის წევრთა შეხვედრები კვირაში ერთხელ შედგება.

აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი კომისიის უფლებამოსილებაში არ შედის საარჩევნო კოდექსის ან რომელიმე კანონის ხარვეზების გამოსწორება, ასევე, არჩევნების გამოცხადების დროის, თარიღის ან სხვა საკითხების განხილვა. კომისიის უფლებამოსილება ძალიან ვიწრო, მაგრამ   მეტად მნიშვნელოვანია − პარტიებისთვის  კონკურენტუნარიანი,  მშვიდი გარემოს შექმნა, რათა  ძალოვანი სტრუქტურები იცავდნენ საარჩევნო გარემოს, ხელს უწყობდნენ პარტიებს, რომ მათ მშვიდ გარემოში  გაუწიონ ერთმანეთს კონკურენცია, ხალხს მისცენ არჩევანის  თავისუფლება და  არ მოხდეს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. 

უწყებათაშორისი კომისია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა და მან პირველი სხდომა 13 ივლისს გამართა.  მისი მიზანი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაა.

შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების;  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.

უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. საერთო ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 41 რეკომენდაცია შეიმუშავა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics