10:16 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-30 12:09:18, 1018 ნახვა

პოლიტიკა
კორნელი კაკაჩია: სასამართლო, როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი ხელისუფლების „აქილევსის ქუსლად“ რჩება (ინტერვიუ)

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ სასამართლო როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი ხელისუფლების „აქილევსის ქუსლად“ რჩება.

როგორც კაკაჩია აცხადებს, ხელისუფლება თვითკმაყოფილის მდგომარეობაში არ უნდა იყოს, რადგან იმისათვის, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელ მესამე შტოდ ჩამოყალიბდეს, ძალიან დიდი რეფორმებია ჩასატარებელი.

მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები, ევა გოცირიძის წარდგენა სტრასბურგის სასამართლოში, პრორუსული ძალების გააქტიურება, NDI-ს კვლევები, „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკა, რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება, - ამ და სხვა საკითხებზე „ექსპრესნიუსი“ ექსპერტს პოლიტიკის საკითხებში კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

ბატონო კორნელი, რას ფიქრობთ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სკანდალურ განცხადებებზე - არის თუ არა დღეს სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი?

- თუ პაპუაშვილის, მარგველაშვილისა და იმავე თინა ხიდაშელის განცხადებები დადასტურდა, ამას შეიძლება, საზოგადოებიდან ძალიან უარყოფითი რეაქცია მოყვეს. გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლების რიტორიკაა - ჩვენ ჩავატარებთ სამართლიან არჩევნებს და ა.შ.  ამ დროს მსგავსი ფაქტების კონსტატირება ხდება, ეს ხელისუფლების იმიჯს ხელს არ უწყობს. თავად სასამართლო წინა ხელისუფლების „აქილევსის ქუსლიც“ იყო. ძალიან დიდი რეფორმებია ჩასატარებელი, რათა სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელ მესამე შტოდ ჩამოყალიბდეს. მმართველი გუნდის განცხადებები, რომ მათ სასამართლო ხელისუფლება გარდაქმნეს, არ დასტურდება. თუნდაც იგივე საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი კრიტიკულად უყურებს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სასამართლო რეფორმებს. ხელისუფლება თვითკმაყოფილის მდგომარეობაში არ უნდა იყოს და შენიშვნები უნდა გაითვალისწინოს. ისინი ხელს თუ არ შეუწყობენ, არც გაფუჭებით უნდა დააშავონ რამე. ხელისუფლების უხეში ჩარევებით არ უნდა მოხდეს ამ თემით მანიპულირება.

ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში ევა გოცირიძის კანდიდატურა წარადგინა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. იმავე ანა დოლიძემ ევა გოცირიძეზე მაღალი ქულები აიღო...

- იმ დროს, როდესაც არჩევანი გაქვს ანა დოლიძესა და სხვა იურისტებს შორის და ამ დროს ნაკლებად ცნობილ პიროვნებას ირჩევ, რომელსაც არც გამოცდილება და არც კარგი იმიჯი არ აქვს, ეს საზოგადოებისთვის სიურპრიზია. ძირითადი პრობლემა იყო ის, რომ ანა დოლიძისგან განსხვავებით, ევა გოცირიძესთან ხელისუფლება უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. ანა დოლიძე კი, საკმაოდ დამოუკიდებელი პიროვნებაა და ის მთავრობას ადვილად არ დაემორჩილებოდა.

როგორ შეაფასებდით ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის პოლიტიკურ ნაწილს - რამდენად რეალურ ასახავს კონკრეტული პარტიებისადმი საზოგადოების განწყობას ?

- პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, როდესაც მოსახლეობის 57% გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცეს ხმა, ცოტა რთულია. ასეთ დროს პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა დაიჩემონ ვინ მოვა უმრავლესობით და ვინ გადალახავს ბარიერს. საზოგადოებრივი გამოკვლევა არ ნიშნავს, რომ არჩევნებზე მაინცდამაინც მსგავს შედეგებს ვიხილავთ. ამ ციფრების უკან ამომრჩეველია, რომელმაც, შესაძლოა, არჩევანი ბოლო მომენტში გააკეთოს. გარდა ამისა, ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსი აქვს და მისი გამოყენების შემთხვევაში, მმართველი გუნდის პროცენტები მოიმატებს. თუმცა, განცხადება, რომ ჩვენ აბსოლუტური უმრავლესობით მოვალთ - ცოტა გადაჭარბებული და სასაცილო თემაა. გარდა ამისა, ეს არჩევნები არაპოლიტიზირებულია. ახლა არჩევანი ორ ძალას შორის აღარ კეთდება.

NDI-ის კვლევის თანახმად, ამომრჩევლის  35%-ზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე გავლენას ეკლესიის ფაქტორი მოახდენს. როგორ შეაფასებდით ამ ვითარებას ?

- მთლიანობაში ეს 35% პროცესი ახალს არაფერს ამბობს, რადგან საქართველო საკმაოდ რელიგიური ქვეყანაა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რამხელა გავლენა აქვს მართმადიდებლურ ეკლესისიას პოლიტიკაზე. მთლიანობაში, დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ხელისუფლება და ეკლესია ერთმანეთის საქმიანობაში ზედმეტად არ უნდა ერეოდნენ. თუ მოძლიერდა ეკლესიის გავლენა ხელისუფლებაზე, ეს შეიძლება არ იყოს სასურველი. ეს ყოველივე როგორც ჩანს დამაფიქრებელია იგივე პოლიტიკური ძალებისთვის.

როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკას?

- „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკა ეკლეკტიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს. არიან ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ადამიანები და იგივე ნარჩემაშვილის მსგავსი ტიპაჟები. აი, ეს ნარევი ამ ეკლეკტიკას ქმნის. ნარჩენაშვილისა და ჩუგოშვილის ამომრჩევლები სხვადასხვა ტიპის ადამიანები არიან. მმართველი გუნდი სხვადასხვა სიგნალებს აგზავნის და ამით ცდილობს ფონს გავიდეს. ამაში გარკვეული რისკიც არსებობს. ჩანს, რომ „ოცნება“ კადრების სიმცირეს განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხმაურიანი განცხადებები გააკეთეს ახალ სახეებთან დაკავშირებით, მოლოდინი უფრო დიდი იყო, ვიდრე რეალობა. მნიშვნელოვანია ისიც, ახალი სახეები მოახდენენ თუ არა გავლენას „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებზე.

ბოლო პერიოდში, საქართველოში პრორუსული ძალები გააქტიურდნენ. ჩვენთან სტუმრად ორი რუსის დეპუტატი იმყოფებოდა. ამავდროულად, ქართველი პოლიტიკოსებიც აქტიურად დადიან რუსეთში. როგორ შეაფასებდით ამ პროცესს?

- მთლიანობაში საქართველოში პრორუსული  ძალების გააქტიურებას სერიოზულად ვერ შევხედავდი. ის ძალები, რომლებიც ამ პროცესებში არიან ჩართულნი, სერიოზულ აქტორებს არ წარმოადგენენ. ეს ადამიანები წარსული პოლიტიკოსები არიან და ეს მათი ბოლო გაბრძოლებაა. თუმცა, ხელისუფლება თვითკმაყოფილებას არ უნდა მიეცეს და ამ პროცესებს ყურადღება უნდა მაიქციოს. რუსეთის მხრიდან არ უნდა მოხდეს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა, იქნება ეს ფინანსური თუ პოლიტიკური, რათა არ დაირღვეს სამართლიანი პოლიტიკური გარემო. მით უმეტეს, რომ პოლიტიკურ პარტიებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღება ეკრძალებათ.

და ბოლოს, დღეს კავკასიაში და ზოგადად რეგიონში ძალიან დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. როგორ უნდა მოიქცეს ამ რთულ პერიოდში ჩვენი ხელისუფლება?

- ამ ვითარებაში ხელისუფლების ამოცანაა სტაბილურობა შეინარჩუნოს. ევროატლანტიკური მიმართულებით სხვლა უნდა გავაგრძელოთ და ვეცადოთ, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. შემდეგ უნდა დაველოდოთ შესაძლებლობების ფანჯრებს, რომელიც ცოტა ხანში აუცილებლად გამოჩნდება - იგივე ნატოს-თან და ევროკავშირთან დაკავშირებით. რაც შეეხება საომარ საფრთხეს, არ მგონია, ამ ეტაპზე რაიმე საფრთხე გვეუქრებოდეს, მაგრამ ყურადღებით უნდა ვადევნოთ მოვლენებს თვალი. 

 

ავტორი: ბესო კუნელაური




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრემიერი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
პენიტენციურ დაწესებულებებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო
როთი - მოვიწვიე ლევან იზორია, რათა მასთან დაგეგმილ „აგენტების კანონზე“ ვისაუბრო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics