11:15 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-30 18:52:09, 2470 ნახვა

საზოგადოება
რა მექანიზმებით ებრძვის სახელმწიფო ბრაკონიერებს და რამდენად ხშირია უკანონო ნადირობის ფაქტები

ბრაკონიერობა - დანაშაული, რომელიც ცხოველების, ფრინველებისა და თევზების სხვადასხვა სახეობებს ანადგურებს.

მიუხედავად უკანონო ნადირობის წინააღმდეგ არსებული სანქციებისა, ბრაკონიერობის ფაქტები საქართველოში მიანც ფიქსირდება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად,  2013 წლიდან დღემდე უკანონო ნადირობის 2 160 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2 140, ხოლო სისხლის სამართლის 20 ფაქტია. სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ბრაკონიერების სამიზნე სახეობებს განეკუთვნებიან დათვები (2013-დან დღემდე მოკლულია 4 ინდივიდი), ჯიხვები  (მოკლულია 3 ინდივიდი), შვლები (მოკლულია 6 ინდივიდი). ბრაკონიერების სანადირო სახეობებს ასევე განეკუთვებიან გარეული ღორები, კურდღლები და არჩვები. რაც შეეხება ფრინველებს, სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მწყერია. (2013 წლიდან დღემდე, 171 ინდივიდია მოკლული). ბრაკონიერების სამიზნე სახეობებია ასევე ხოხობი, ქედანი, ბაკლანი, ჩხართვი, ტყის ქათამი და ა.შ.

„ექსპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა მექანიზმებით ებრძვის სახელმწიფო ბრაკონიერებს და როგორი ტიპის ჯარიმა ან სასჯელი მოქმედებს მათზე. ამის გასარკვევად ჩვენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსს მაია ჩხობაძეს გავესაუბრეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ არსებობს ორმაგი საჯარიმო სანქცია.

„ბუნებრივ რესურსებთან მიმართებაში გვაქვს ორმაგი საჯარიმო სანქცია. პირველი: ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია, კერძოდ 86-ე მუხლი ითვალისწინებს უკანონო ნადირობასთან დაკავშირებულ სანქციებს, იმის მიხედვით, თუ სად, როგორ და რომელი იარაღით მოხდა ნადირობა. ეს საჯარიმო სანქცია 500-დან 1500 ლარამდე მერყეობს. უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებულია გარეული ცხოველი, საჯარიმო სანქციას თან ემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანი. ეს არის თანხა, რომელიც გამოთვლილია, თითოეული სახეობა ცოცხალი, რომ ყოფილიყო და არ მოეკლათ, რა სარგებელს მოუტანდა გარემოს. გარემოსათვის მიყენებული ზიანი ემატება საჯარიმო სანქციას, და ჯამში დაკისრებული თანხა საკმაოდ მაღალი გამოდის, რომელიც უნდა გადაიხადოს თუნდაც მაგალითად ერთი გარეული ღორის მოკვლაზე.

რაც შეეხება იმას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომას, ეს ხდება მაშინ, როდესაც, სახეზე მნიშვნელოვანი ზიანი გვაქვს. მნიშვნელოვანი ზიანი არის იმ შემთხვევაში, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 2000 ლარს აღემატება. მნიშვნელოვანი ზიანი დგება, საკმაოდ მალე, რადგან თუ ორი ინდივიდი არის მოკლული უკვე სისხლისამართლის პასუხისმგებლობა დგება, რომელიც გამოსწორებად სამუშაოებს, ან პატიმრობას ითვალისწინებს. ამიტომ, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, საკმაოდ მაღალი საჯარიმოა“, - განაცხადა მაია ჩხობაძემ.

მისივე განმარტებით, საჯარიმო სანქცია გარემოსთვის მიყენებულ ზიანთან ადეკვატურია.

განსხვავებულად ფიქრობენ „მწავანე ალტერნატივაში“ და აცხადებენ, რომ „გარემოს დაცვის სამინისტროს აღნიშნულ სტატისტიკას არ უნდა ვენდოთ“.

ჩვენთან საუბარში ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორმა ირაკლი ვაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს არსებული ჯარიმა და სასჯელი პრევენციას ვერ ახდენს.

„ცალკეულ შემთხვევაში ჯარიმა არის ნაკლები, ცალკეულ შემთხვევაში არის ზედმეტად დიდი. ეს ისე უნდა იყოს გაკეთებული, რომ ადეკვატური იყოს პრევენციის გამოწვევის თვალსაზრისით. როგორც წესი, გარემოს დამცველები ჯარიმის დადებას ერიდებიან და ფაქტობრივად გამოვლინება არის თითქმის არარსებული. სტატისტიკას, რომ გადავხედოთ, უკანონო ნადირობის 100-150 შემთხვევაა, რომელიც ძირითადად გადამფრენ ფრინველებზე ხორციელდება. სერიოზული გამოვლინებები, პრაქტიკულად ერთი, ორია, და მაშინაც კი დაუსჯელები რჩებიან. ხშირად სასამართლომდე წესიერად არ მიდის ეს საქმე და ადეკვატურად დასჯა არ ხდება“, - აცხადებს ირაკლი ვაჭარაშვილი.

მისი თქმით, ქვეყანაში დაუცველობის სინდრომია და უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენა, ხშირ შემთხვევაში არ ხდება.

„შარშან ალგეთში, დაცულ ტერიტორიაზე 10 ადამიანი დააკავეს, მოკლული ჰყავდათ ორი ღორი. 10-დან 3 პიროვნებას იმ წუთში თოფი არ ჰქონდა და შესაბამისად სასამართლომ აღნიშნული ფაქტი დარღვევად არ აღიარა. "მერე რა, რომ აკრძალულ ადგილას იმყოფებოდნენ, ტყე-ტყეა". რამდენიმე წლის წინ, ეროვნული პარკის რეინჯერი, მერაბ არევაძე ბრაკონიერებმა მოკლეს, 6 კაციდან მხოლოდ 1 დაიჭირეს და ისიც ორ წელიწადში გამოუშვეს. შემდეგ ეს პიროვნება, ბრაკონიერობის ფაქტზე ისევ დააკავეს. როდესაც ადამიანს, საკუთარ თანამშრომელს ვერ იცავენ, ბუნებას რანაირად დაიცავენ“, - განაცხადა ვაჭარაშვილმა.

მისივე განცხადებით, კანონის აღსრულების თვალსაზრისით პრობლემა არსებობს და კონკრეტული საქმის გამოძიება, ხშირ შემთხვევაში „უფრო სიღრმეში არ მიდის“.

„კანონის აღსრულება უფრო უკეთესად უნდა ხდებოდეს. როდესაც ხედავენ რომ სადღაც არის დათვის ბელი დატყვევებული, ჯარიმას წერენ ცხოველის უკანონოდ ფლობაზე, მაგრამ უფრო სიღრმეში არ მიდის ამ საქმის გამოძიება. დათვის ბელი თავისით ხომ არ მოვიდოდა, ან რესტორანში ან მონასტერში. ხდება ისე, რომ დედა მოკლეს და ბელი წაიყვანეს იქედან, ამისთვის კი არავინ დაუსჯიათ. შეგიძლიათ გადახედოთ რამდენი დათვის ბელი არის ტყვეობაში და თუ არის იმდენი შესაბამისი სისხლის სამართლის საქმე აღძრული დათვის უკანონო მკვლელობაზე, რა თქმა უნდა არ არის. ეს დაახლოებით ისეთივეა - ვიღაცამ იპოვოს ადამიანის მოჭრილი ფეხი, და სისხლის სამართლის საქმე არ აღძრას ამ მკვლელობაზე, არამედ აღძრას რაღაც ფესაცმლის დაკარგვაზე“, - აღნიშნა ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორმა.

თუმცა, გარემოს დაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ საჯარიმო სანქცია საკმაოდ მაღალია და ხშირ შემთხვევაში მას შემაკავებელი ფუნქცია აქვს.

„მაღალი საჯარიმო სანქციები ზოგ შემთხვევაში აქვს შემაკავებელი ფუნქცია, ზოგჯერ არა. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ნადირობის პროცესში ჯარიმდება არამხოლოდ ის ადამიანი, რომელიც სუფთა ბრაკონიერია და მისთვის ნადირობა გართობას წარმოაგენს, ასევე ჯარიმდებიან ადამიანები, რომლებთაც მეტი შემოსავალი არ აქვთ და ოჯახის რჩენის მიზნით, ზოგჯერ იძულებული ხდებიან, რომ ინადირონ. მსგავსი ფაქტები სამწეუხაროდ ხშირია. მე არ ვთვლი, რომ საჯარიმო სანქცია დაბალია. ვთვლი, რომ ის დღეის მდგომარეობით ადეკვატურია. მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობა განაპირობებს იმას, რომ დღეს ადამიანები დებართვის გარეშე ბედავენ და მიდიან სანადიროდ“, - განაცხადა მაია ჩხუბაძემ და კანონის ფარგლებში ნადირობის გზები განმარტა.

„დღეს კანონიერად ნადირობის ყველანაირი გზა არსებობს. გადამფრენ ფრინველებზეც შეგვიძლია კანონიერად ვინადიროთ, მათზე სანადიროდ უნდა ავიღოთ 10 ლარიანი ქვითარი და მთელი 6 თვე ამ 10 ლარის ფარგლებში შესაძლებელია ნადირობა. აუცილებლად უნდა გვქონდეს შსს-ს მიერ გაცემული თოფის ფლობისა და ტარების დამადასტურებელი დოკუმენტიც. თუ მაინც და მაინც გარეულ ცხოველზე გვინდა ნადირობა, არსებობს სამონადირეო მეურნეობები, რომლებიც კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებშია“, - დასძინა მან.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა ცხელი ხაზის, 153-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„153 - არის ცხელი ხაზი, რომელზეც უკანონო ნადირობის ფაქტის დაფიქსირებისთავანავე ყველა მოქალაქემ უნდა დარეკოს. ზარის განხორციელება ყველა ოპერატორიდან უფასოა. ნებისმიერ ფაქტის დარღვევის აღმოჩენისთანავე, უნდა თქვან - სად და რა ხდება. მობილური ჯგუფი, რომელიც 24 საათის განმავლობაში პატრულერებს, შეტყობინების მიღების თანავე, შესაბამისად რეაგირებს", - განაცხადა ვაჭარაშვილმა.

ამასთან, მაია ჩხობაძეს თქმით, აღნიშნულ ნომერზე მოსახლეობა ძალიან ხშირად რეკავს, „ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებამ გარემოზე ზრუნვა აქტიურად დაიწყო“.

ცნობისთვის, საქართველოში ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დაიწყება.

 

ირაკლი კუნჭულია




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა
ნინო თანდილაშვილი - კლიმატის ცვლილება არ არის საზოგადოების ცალკეული ნაწილის გამოწვევა, ეს საყოველთაო პრობლემაა და მასთან გამკლავება ერთიან ძალისხმევას საჭიროებს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 440 790-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთში ულტრა სწრაფი ინსულინის დეფიციტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics