01:14 - 06 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 14:42:59, 968 ნახვა

საზოგადოება
სოციალურ ქსელში პეტიცია "მოვითხოვთ როსნეფტის სანქცირებას" გავრცელდა

სოციალურ ქსელში  პეტიცია სახელწოდებით-"მოვითხოვთ როსნეფტის სანქცირებას" გავრცელდა.

საქართველოს მოქალაქეები მოითხოვენ,   ხელისუფლებამ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის ნორმების აღსრულება უზრუნველყოს და კომპანია როსნეფტს, კანონით გათვალისწინებული სანქციები დააკისროს.

"2014 წლის 29 დეკემბერს ცნობილი გახდა რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის" მიერ „პეტროკასის" (Petrocas Energy International Limited) 49 პროცენტი წილის შეძენის შესახებ. პეტროკასი ფოთის პორტის ორ ნავთობტერმინალს ფლობს, რაც როსნეფტის ინტერესის ძირითად საგანს წარმოადგენს და რომლის საშუალებითაც კომპანია ამიერკავკასიაში საკუთარი არსებობისა და საქმიანობის არეალის გაზრდას გეგმავს.

როსნეფტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, დასავლეთის ეკონომიკური სანქციების ადრესატი გახდა, 2009 წლიდან, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მოპოვების მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შავი ზღვის შელფს საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით ამუშავებს.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვაო აკვატორიაში და კონტინენტურ შელფზე კრძალავს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოსგან ნებართვა ან ლიცენზირება სჭირდება.

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონი, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს აქვს თავის ხმელეთზე და კონტინენტურ შელფზე არსებული ნავთობისა და გაზის რესურსების ძებნა-ძიებისა და ექსპლუატაციის ექსკლუზიური და სუვერენული უფლება, სახელმწიფოს სპეციალურ ლიცენზიას მოითხოვს არამხოლოდ ნავთობისა და გაზის მოპოვების დროს, არამედ მათი ძებნა-ძიების შემთხვევაშიც. ასეთი სახის ლიცენზია როსნეფტს არ გააჩნია, რაც ნიშნავს იმას, რომ მის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა უკანონოა.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის გარდა, ოკუპირებული აფხაზეთის წყლებში როსნეფტის ოპერირება წინააღმდეგობაშია საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს 1982 წლის კონვენციასთან, რომელიც უცხოურ კომპანიას ავალდებულებს მოიპოვოს წინასწარი ნებართვა იმ სახელმწიფოსგან, რომლის ტერიტორიულ წყლებშიც ის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას აპირებს. როსნეფტი თავის საქმიანობას ახორციელებს არა თბილისის ნებართვის, არამედ 2009 წლის 26 მაისს ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მარიონეტულ მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 (2) მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია მიმართოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით",-ნათქვამია პეტიციის ტექსტში, რომელსაც უკვე 357 მოქალაქის  ხელმოწერა აქვს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯილი და მე მართლმადიდებელ ქრისტიანებს გულმხურვალე სურვილებს გიგზავნით
ილია მეორე - დაძაბულობის გამო სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონში ესწრებიან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics