18:23 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 23:28:41, 711 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი ”სტარტაპ საქართველოს” ფინალისტებს: თქვენი გამარჯვებით დღეს საქართველოა გამარჯვებული

თქვენი გამარჯვებით დღეს საქართველო არის გამარჯვებული, რადგან თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დასაყრდენი,-ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა "სტარტაპ საქართველოს" ფინალისტებს.

ინოვაციური ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიურ კომპონიეტს 51 ფინალისტი ჰყავს.

მაღალტექნოლოგიურ კომპონენტის დახურვის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო და ფინალისტებს გამარჯვება მიულოცა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყანას ჰყავს "სტარტაპ საქართველოს" ფინალისტები. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროგრამა წაახალისებს ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთებას და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, წამოიწყონ თავიანი საქმე.

"ეს არის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა, ინოვაციურად მოაზროვნე საქმიან ადამიანებს ეძლევათ საშუალება, მოიპოვონ დაფინანსება სრულიად ახალი მეთოდოლოგიით, ყველანირი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ იდეის კრიტერიუმებზე დაყრდნობით. მე მოხარული ვარ, რომ დღეს ამდენი ახალგაზრდის ანთებულ თვალებს ვხედავ. მინდა, ყველას მოგილოცოთ დღეს აქ ყოფნა, ფინალისტობა. ეს პროგრამა, რომელიც გახლავთ მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის შემადგენელი ნაწილი, არის, ჩემი აზრით,  ყველაზე მნიშვნელოვანი. პროგრამა ახალისებს სამეწარმეო სულისკვეთებას, ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, წამოიწყონ საკუთარი საქმე და შეცვალონ მთელი თაობის აზროვნება. დღეს შესაძლებელია კარგ იდეაზე დაყრდნობით, ინოვაციური იდეის მოფიქრება და ბიზნესის წამოწყება საქართველოში, არა მხოლოდ საბანკო სექტორის, არამედ "სტარტაპ საქართველოს" მეშვეობით,"-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ფინალისტებს სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნებათ. მანვე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო პროგრამის შემუშავებასა და მის განხორციელებაში.  

"დღეს გვყავს 51 ფინალისტი, აქედან საბოლოოდ შეირჩევა 20, მაგრამ ყველანი უკვე არიან გამარჯვებულები, იმიტომ რომ მათ ექნებათ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. მინდა, მადლობა გადავუხადო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების  სააგენტოს, საპარტნიორო ფონდს პროგრამის ბრწყინვალედ განხორციელებისთვის, ასევე საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებმაც ეს პროგრამა გახადეს შესაძლებელი. საერთაშორისო ექსპერტებმა შეადარეს ჩვენს ქვეყანაში სტარტაპების დინამიკა ევროპული ქვეყნებისას და მათი მოსაზრებით, საქართველოში საკმაოდ მაღალი დინამიკაა, რაც  ძალიან გვახარებს. ფინალისტებს შორის იმყოფებიან დედა-შვილი, ბაბუა და შვილიშვილი. ფინალისტების იდეების სპექტრი არის ძალიან ფართო,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პროექტ ,,სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში უკვე 720-ზე  მეტი განაცხადი შემოვიდა. 150-მდე განაცხადიდან 51 საუკეთესო, "სილიკონის ველის" საერთაშორისო ექსპერტებმა შეაფასეს. 51 ფინალისტიდან დღეს გამოვლინდა 20 გამარჯვებული, რომელთაგან თითოეული 100 000 ლარით დაფინანსდება. სლოვაკეთის ელჩმა რუდოლფ მიხალკამ 5 გამარჯვებულს სლოვაკეთში ერთკვირიანი სტაჟირების სერთიფიკატები გადასცა. ფინალისტებს „სტარტაპ საქართველოს" სიმბოლო გადაეცათ, რომელიც ტექნოპარკში დამზადდა.

მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, ბირთვული ფიზიკა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რობოტიკა, ნახევარგამტარები და ტელეკომუნიკაცია. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც   ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე - კანონის მეორე მოსმენაზე საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics