14:34 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 18:10:47, 2567 ნახვა

პოლიტიკა
გოგი თოფაძე: რუსეთის ლიდერებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ პოზიცია ეცვლებათ (ინტერვიუ)

პოლიტიკური პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერი გოგი თოფაძე "ექსპრესნიუსთან" ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ 4-წლიანი მმართველობის დროს, ხელისუფლების მთავარი მიღწევა იყო ის, რომ მან პირადად, როგორც ბიზნესმენმა იგრძნო, რომ არავინ არაფერს არ წაართმევს.

გარდა ამისა, თოფაძის აზრით, ადამიანებს აღარ აყაჩაღებენ, აღარ ეშინიათ სიტყვის თავისუფლების და ეს ყოველივე უკვე ძალიან დიდი მიღწევაა. აპირებენ თუ არა "მრეწველები" წინასაარჩევნოდ სხვა პარტიებთან გაერთიანებას, უნდა ჩატარდეს თუ არა ქორწინების შესახებ რეფერენდუმი, ეს იმ საკითხთა მოკლე ჩამონათვალია, რომელზეც "ექსპრესნიუსი" "მრეწველების" თავმჯდომარეს, გოგი თოფაძეს ესაუბრა.

-ბატონო გოგი, აპირებთ თუ არა არჩევნების წინ რომელიმ პარტიასთან გაერთიანებას?

ჯერჯერობით, ჩვენი პარტია არჩევნებისთვის მარტო ემზადება. თუმცა, სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დღეს 6 საათამდე ცნობილი გახდება რომელიმე პარტიასთან შევმქნით თუ არა წინასაარჩევნო ალიანსს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ და იმ პარტიებს, რომლებთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებისადმი ერთნაირი ხედვა გვექნება. 2012 წელს კოალიციის მთავარი მიზანი იყო იმ უბედურების - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან მოშორება და ამ მიზნისთვის სხვადასხვა იდეოლოგიის ხალხი გავერთიანდით. 3-4 პარტიასთან ვაწარმოებთ ახლა მოლაპარაკებას და შედეგები 6 საათამდე გახდება ცნობილი. კონკრეტულ სახელებს ვერ გეტყვით, რადგან ვინც ამ გაერთიანებაში ვერ აღმოჩნდება, ის შეიძლება შეურაცხყოფილი დარჩეს.

-როგორ შეაფასებებდით წინასაარჩევნო გარემოს?

ნუ დაუჯერებთ თქვენს კოლეგა ჟურნალისტებს, რომლებიც ისეთ სურათს ქმნიან, რომ ვითომ, არჩევნები გაყალბდება. ეს არის ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლა. მინდა გითხრათ, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდება და არ იქნება ის სიტუაცია, რაც ჩვენს ქვეყანაში 1995 წლიდან დაწყებული 2012 წლით დამთავრებული იყო. არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ცივილურ ქვეყანას ეკუთვნის. ჩვენ, "მრეწველები", რა თქმა უნდა, გადავლახავთ საარჩევნო ბარიერს. წინასაარჩევნოდ იმის გამო არ ვაქტიურობდით, რომ პარტიებთან შესაძლო გაერთიანების საკითხი უნდა მოგვეგვარებინა. მოვალთ პარლამენტში და იმ საკითხებს განვიხილავთ, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. მაგალითად, ის, რომ ერთსქესიანთა ქორწილი დაუშვებელია, არ შეიძლება რუსეთის ლანძღვა და ა.შ. არ უნდა მოვატყუოთ ადამიანები, რომ ჩვენ ნატო-ში მიგვიღებენ. დღევანდელი ხელისუფლების ლანძღვა არის უსინდისობა. მომავალი ოთხი წელი გადამწყვეტი იქნება და საქართველოს მოსახლეობა ამ ყოველივეს იგრძნოს.

-რას თვლით ოთხწლიანი მმართველობის განმავლობაში ხელისუფლების ყველაზე დიდ მიღწევად?

კოალიციის ოთხწლიანი მმართველობის დროს, ყველაზე დიდი მიღწევა იყო ის, რომ მე როგორც ბიზნესმენმა ვიგრძენი, რომ არავინ არაფერს არ წამართმევს. აქამდე მოასწრეს და ძალიან ბევრი წამართვეს. არავინ არავის არ აყაჩაღებს, ციხეში ადამიანებს წამების შემდეგ ბიზნესს არ ათმობინებენ და ეს ძალიან დიდი მიღწევაა. გარდა ამისა, ხალხს სჯერა, რომ არჩევნები პატიოსნად ჩატარდება. ამასთან თითოეული ადამიანისთვის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა. ჩვენი ინიციატივით მოხდა მთიანი რეგიონის განვითარებისთვის შესაბამისი კანონის მიღება. ჩვენი ტელევიზიები ამ ყველაფერს ობიექტურად არ ასახევენ და ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი არ კეთდება. 50 სოფელში წყალი, დენი, ინტერნეტი, გაზი და გზა გავიყვანეთ. ჩვენი ბრალია, რომ ჩვენი ტელევიზია არ გვაქვს და ეს ყველაფერი ნაკლებად შუქდება. ბევრი რამ გავაკეთეთ და ბევრიც გასაკეთებელია.

-რა იყო ხელისუფლების მთავარი შეცდომა?

მე ვთვლი, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ძალიან დიდი ჰუმანიზმი გამოვიჩინეთ და ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა. მათ დიდი დანაშაული ჩაიდინეს ქვეყნის წინაშე და უფრო კრიტიკულები და პრინციპულები უნდა ვყოფილიყავით.

-წინასაარჩევნოდ გქონდათ თუ არა ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაცია და არჩევნების მერე აპირებს თუ არა ყოფილი პრემიერი პოლიტიკაში დაბრუნებას?

რაც საარჩევნო ორომტრიალი დაიწყო, ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტი არ მქონია და არც შევაწუხებ თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა. თუმცა, იქამდე ცალკე ვხვდებოდი და სხვადასხვა თემაზე ძალიან ხშირად გვისაუბრია. დამისახელეთ თუ გეგულებათ საქართველოში ადამიანი, ვინც წინა ხელისუფლებას მოგვაცილებდა. ივანიშვილი არის გულდამწვარი პატრიოტი, რომელსაც ქვეყნის ფეხზე დაყენება სურს. დაახლოებით, ვიცი ამ ადამიანის სამომავლო გეგმები. ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება. პარლამენტში როდესაც შევალთ, არის საკითხები, რომელზეც პრინციპული პოზიცია გვაქვს, მაგრამ დაახლოებით ვიცი ბევრ საკითხში "ოცნების" პოზიცია და მათთან აუცილებლად ვითანამშრომლებთ.

-თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ, რათა ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ?

ნატო ჩვენ ვერასდროს გვიშველის დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ჩვენს გამო მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება. რუსეთი საქართველოს ნატო-ს არ დაუთმობს. რაც შეეხება ჩვენს პერსპექტივას, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და ის დაჩაგრული არ უნდა იყოს, არ უნდა ვიყოთ სიღარიბეში. ალბათ, აგუგუნდება ჩვენი საწარმოები, აგუგნდება სოფლის მეურნეობა და ეკონომიკური სიძლიერე როდესაც გაგვიჩნდება, ყველას მოუნდება ჩვენთან მოსვლა. რუსეთის ლიდერების უკანასკნელი გამოსვლებიდან ვხედავთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ პოზიცია ეცვლებათ. შეიძლება ამ მხრივ ნაბიჯები გადავდგათ, მაგრამ არა ლანძღვით. რამდენიც რუსეთის გაღიზიანება გამოვიწვიეთ, იმდენი ნახევარი კილომეტრით გადმოგვიწიეს საზღვარი. ეს არის სიგნალი, რომ მოვუკლოთ გამაღიზიანებელ ტონს და მოლაპარაკებები დავიწყოთ. მხოლოდ გაძლიერებულ საქართველოს და მართმადიდებლურ ქვეყანას შეუძლია გაერთიანდეს. ჩვენ მართმადიდებლები ვართ, რაღაც სექტები კი "შემოგვიგდეს", მაგრამ ეს დივერსიაა. ჩვენ შეგვიძლია, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გავხადოთ ერთიანი და ნეიტრალური.

-როგორ ფიქრობთ, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა?

კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს, ქორწინება ეს ქალისა და მამაკაცის ერთობაა და ამ თემის ერთ-ერთი წამომწევები ჩვენ ვიყავით. დავიარეთ მთელი საქართველო და ამ იდეის მოწინააღმდეგე ადამიანი ვერ ვნახეთ. ის რაც პრეზიდენტმა ქართულ საზოგადოებას აკადრა, საკუთარ თავს დააბრალოს. 200 000 კაცის და ახლა უკვე მათი რიცხვი ნახევარ მილიონამდეც გაიზარდა, იგნორირება პრეზიდენტის მხრიდან არის დანაშაული. თუ საქართველოში 200 000 ლგბტ ადამიანი იქნება და არა ამ იდეის მომხრე, მაშინ ჩვენ უკვე სხვა პრობლემის წინაშე დავდგებით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლანდსბერგისი - საქართველოს დანიშნულების ადგილი ევროპაა
კალაძე მილერის განცხადებაზე - გამორიცხულია, ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონის ფარგლებს სცდება
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით, შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის წესის შემუშავების პროცესში ასოციაციები ჩაერთვებიან
სააკაშვილი - საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics