17:27 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 18:37:37, 1400 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი ბაღდათში ინოვაციების ახალი ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

„ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია მეწარმეობის სულისკვეთების განვითარებისთვის. ეს აძლევს წვდომას უახლეს ტექნოლოგიებთან ჩვენს ახალგაზრდებს და აქედან იწყება ყველაფერი“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ბაღდათში, ინოვაციების ახალი ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

პირველმა  ვიცე-პრემიერმა ადგილობრივ ხელისუფლებასა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმატებული პროექტისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.  
„საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი არის მეწარმეობის სულისკვეთების განვითარება, ხოლო ამ სულისკვეთების განვითარებაში, რა თქმა აუნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა. ეს ეკოსისტემა არის სწორედ ის, საიდანაც იწყება ყველაფერი, ეს აძლევს წვდომას ჩვენს ახალგაზრდებს იმ უახლეს ტექნოლოგიებთან, რომელიც ჩვენ გვაქვს თბილისში. შესაბამისად, ინოვაციების ცენტრი, რომელიც გაიხსნა დღეს ბაღდადში, არის ადგილი, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ ყველა იმ სერვისის მიღებას, რაც ჩვენ დედაქალაქში გაგვაჩნია“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ინოვაციების ცენტრში, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ გახსნა,  მოსახლეობისთვის იქნება ყველა ის სერვისი, რაც თბილისის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოშია. აქ ჩატარდება პროგრამირების,  დიზაინის, მეწარმეობის და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ტრენინგები. გარდა ამისა, აქცენტი გაკეთდება დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაზე: ტექნოპარკის ყველა ღონისძიება პირდაპირი ეთერით ინოვაციის ცენტრებში გადაიცემა, შესაბამისად, მსურველებს საშუალება ექნებათ ვირტუალურად დაესწრონ ყველა ღონისძიებას, დასვან კითხვები და მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში. 

ბაღდათის ინოვაციების ახალ ცენტრში თბილისიდან ასევე  დისტანციურად ჩატარდება ტრენინგები, რომელსაც სპეციალურად მოწვეული  გამოცდილი და პროფესიონალი ტრენერები ჩაატარებენ.  ტრენინგებში ჩაერთვება თბილისში არსებული ლაბორატორიები: ჯეოლაბი, სიჯი მულტილაბი, გეიმ ლაბი და ფაბლაბები. საწყის ეტაპზე აქცენტი გაკეთდება ზოგადად მეწარმეობაზე, სტარტაპების შექმნასა და ფორმირებაზე, ეს საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას განვითარდნენ და მოემზადონ ისეთი პროექტებისათვის, როგორიცაა ,,სტარტაპ საქართველო“.

„იმერეთის რეგიონში ეს უკვე მეორე ცენტრია, პირველი გაიხსნა ხარაგაულში. ბაღდათის ცენტრი, შეიძლება ითქვას, უფრო მასშტაბურია, ტექნოლოგიურად უფრო დატვირთულია. ძალიან კარგი სინთეზია, რომ ამ შენობაში არის ბიბლიოთეკაც და ტექნოლოგიური ცენტრიც. შემდგომში დაგეგმილია ასევე დიდი ინოვაციების ცენტრის გახსნა ქუთაისში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს და მის გუნდს, ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, რომ ასე ზრუნავენ ჩვენი მომავალი თაობის განვითარებისთვის“ - აღნიშნა იმერეთის რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ცენტრში მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა  პროგრამირების ენების შესწავლას,  რაცახალგაზრდებს საშუალებას  მისცემს იქვე დასაქმდნენ და ადგილიდან იმუშაონ სხვა კომპანიებისთვის როგორც ადგილობრივ ისე გლობალურ ბაზარზე.

„ინოვაციის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემა გამოიყენოს ღია სივრცე როგორც მუშაობისთვის, ასევე შეხვედრებისა და დისკუსიებისთვის. მნიშვნელოვანია წვდომა ისეთ ტექნიკასთან, როგორიც მაგალითად 3D პრინტერია. ყველა მომხმარებელს გადამზადებული ტრენერები გაუწევენ კონსულტაციას. მათ შეეძლებათ სწორად ჩამოაყალიბონ იდეა, შექმნან ახალი ინოვაციური პროექტები და განავითარონ ეს სფერო ქვეყანაში. ადგილობრივი მოსახლეობისათვის ასევე მუდმივად ჩატარდება ვიდეოლექციები, სადაც მათ ჩართვის საუშუალება ექნებათ, რაც საშუალებას მისცემს მათ, გაიაზრონ საერთაშორისო გამოცდილება და მიიღონ შესაბამისი განათლება კონკრეტულ სფეროებში“ - აღნიშნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ.
ბაღდათის ინოვაციების ცენტრისთვის სამუშაო კადრები კონკურსის წესით შეირჩა, მენეჯერები და ტექნიკური სპეციალისტები თბილისის ტექნოპარკში გადამზადნენ და ტრენინგები გაიარეს სხვადასხვა ლაბებში.  

ცენტრში არის საერთო სამუშაო სივრცე,  საკონფერენციო დარბაზი ღონისძიებებისთვის და კომპიუტერული ტრენინგ-ოთახი. ცენტრი აღჭურვილია ასევე 3d პრინტერებით, ლეგო რობოტიქსით და მიკროელექტრონიკით.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება
პაპუაშვილი - ევროინტეგრაციის გზაზე „ოცნების“ ათწლიანი პროგრესის შემდეგ, უვიზო მიმოსვლის მეშვიდე წლისთავი ყველა მიღწევას გვახსენებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics