19:30 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 17:03:30, 1042 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
პრეზიდენტი რომის პაპს: ვიმედოვნებ, თქვენი ვიზიტი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მძლავრი გზავნილი იქნება

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რომის პაპს, ფრანცისკეს, საქართველოში ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, რომლის თანადგომითაც აღნიშნული  ვიზიტის განხორციელება მოხერხდა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს  ვატიკანის სახელწმიფოს მეთაურს,  რაც ამ ორ ქვეყანას შორის   განსაკუთრებულ ურთიერთობებზე მიუთითებს.

"დამოუკიდებლობის  აღდგენიდან დღემდე, ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ვატიკანის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ გვახსოვს  ეს თანადგომა როგორც მშვიდობის, ასევე განსაცდელის  პირობებშიც. მათ შორის 2008 წელს, რუსეთის სახმედრო აგრესიის დროს.

თქვენო უწმინდესობავ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ თანადგომისა და საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე  მხარდაჭერისთვის!

მომავალ წელს ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების  დამყარების 25 წლის იუბილეს  ვიზეიმებთ, თუმცა ჩვენი ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის. პირველი ვიზიტი ვატიკანიდან საქართველოში ჯერ კიდევ  მე-12 საუკუნეში გაიმართა და მას შემდგომ ჩვენს შორის  კულტურული და პოლიტიკური კავშირები ჩამოყალიბდა.

სიმბოლურია, რომ პირველი ქართული ბეჭდური წიგნი 1629 წელს რომში გამოიცა კათოლიკე მისიონერების მიერ, ეს იყო ქართულ-იტალიური ლექსიკონი და ქართული ანბანი, რომელიც ერთ-ერთია მსოფლიოს 14 ძირითად დამწერლობას შროის. ასევე მე-17 საუკუნეში კათოლიკე მისიონერთა დახმარებით გამოიცა ქართული ენის მეცნიერული გრამატიკა.

საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სულხან-საბა ორბელიანის მისიას ევროპაში, როემლმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაზე და კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოაჩინა  ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფება",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მანვე რომის პაპს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო:

"თქვენ იმყოფებით ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რომელიც  დღეს უცხო ქვეყნის სამხედრო აგრესიის მსხვერპლია. ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი  ოკუპირებულია  და მოსახლეობის თითქმის 15% დევნილადაა ქცეული. ამ ადამიანებს წაართვეს საცხოვრებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ეთნიკურად ქართველები არიან!

ჩვენგან სულ რაღაც 40-ოდე კილომეტრში, გავლებულია მავთულხლართები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას, მეზობლებს, ნათესავებს ერთმანეთთან ურთიერთობას უკრძალავს!

ჩვენგან სულ რაღაც 40-ოდე კილომეტრში მოსახლეობა ყოველდღე ხედავს ძალადობას, ადამიანის გატაცებას, მკვლელობას და შეურაცხყოფას!

ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვეძებთ  კონფრონტაციის გზებს, ჩვენ ვეძებთ გზებს ჩვენი ქვეყნის  დეოკუპაციისა და  მშვიდობისთვის!

დევნილი მოსახლეობის დაბრუნება  ჩვენი უპირველესი ამოცანაა. პოლიტიკური კონიუნქტურის გამო,  ადამიანები არ უნდა იტანჯებოდნენ და მათ  უნდა დაუბრუნდეთ საკუთარ სახლებში ცხოვრების უფლება.

პოლიტიკოსებს განსაკუთრებული მისია გვაკისრია ღვთისა და ერის წინაშე. ჩვენ ვალდებულები ვართ, შევქმნათ პირობები ადამიანთა ღირსეული ცხოვრებისა და განვითარებისთვის. ეს მისია ვერ განხორციელდება მშვიდობიანი მოსახლეობის  უფლებების დარღვევით და მეზობელი ქვეყნის ოკუპაციით! ჩვენ უნდა შევებრძოლოთ არა ერთმანეთს, არამედ პრობლემებს, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს თანამემამულეებსა და საზოგადოების კეთილდღეობას ემუქრება.

ორ დღეში კაცობრიობა  თანამედროვეობის ერთ-ერთ  მნიშვნელოვან მოვლენას, გერმანიის გაერთიანებას აღნიშნავს. ეს გაერთიანება საერთაშორისო თანამეგობრობის  ერთიანობითა და ჩართულობით  გახდა შესაძლებელი, კაცობრიობამ მოახერხა ძალადობის გარეშე გადაეჭრა ურთულესი პოლიტიკური პრობლემა და აღედგინა ისტორიული სამართლიანობა.

ეს მაგალითი შთამბეჭდავია ჩემი ქვეყნისთვისაც და მჯერა, რომ საერთაშორისო ჩართულობით, ერთიანობით, არაღიარების მტკიცე პოლიტიკითა და აგრესიის დაუშვებლობით უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და მშვიდობა ჩვენს რეგიონში.

გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტრატეგიული მოთმინების გზა, აუცილებლად მიგვიყვანს ქვეყნის გაერთიანებამდე!

თქვენო უწმინდესობავ, თქვენი საქართველოში ჩამობრძანება კიდევ ერთი მოწოდებაა მშვიდობისკენ. იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი გააძლიერებს არა მხოლოდ  ვატიკანისა და საქართველოს თანამშრომლობას, არამედ იქნება მძლავრი გზავნილი ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის  უზრუნველსაყოფად",-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics