16:34 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 13:30:18, 779 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროში ბიზნესდავებისათვის სპეციალიზებული კომერციული პალატების დაფუძნების საკითხზე სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინიტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებმა − საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა განიხილეს  სპეციალიზებული კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნის საკითხი, რომლებიც ბიზნესის საჭიროებაზე იქნება ორიენტირებული და საგადასახადო და ბიზნესდავებს სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტს. 
 
უწყების ინფორმაციით, რეფორმის მიზანი მართლმსაჯულების სისწრაფისა და ხარისხის ზრდაა კომერციული დავების მოგვარების საქმეში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის მკვეთრად გაუმჯობესებას, ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, მოცულობის ზრდას და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკისა და მისი ზრდის ტემპის შემდგომ ამაღლებას. 

რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი სამოქალაქო კოლეგიების განტვირთვა და საქმეთა დაგროვილი მოცულობის შემცირება იქნება.

პრეზენტაცია სპეციალიზებული პალატის საჭიროების, მისი იურისდიქციის, სასამართლო სისტემაში პალატის ადგილსა და მოსამართლეების თაობაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ წარადგინა.

 სხდომის მონაწილეებმა განიხილეს კომერციული სასამართლოს მოდელები, რომლებიც ევროპის მოწინავე ქვეყნებშია აპრობირებული, მათ შორის, ინგლისის, ირლანდიის, ჰოლანდიის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, გერმანიის, მაგრამ ასევე, აშშ-ის, დუბაის, სინგაპურისა და კანადის მაგალითები; იმსჯელეს კომერციული კოლეგიების იურისდიქციის საკითხებზე, მოსამართლეთა კოლეგიების შექმნის მექანიზმებზე და სხვ. 

ღონისძიების მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ საკითხზეც, თუ როგორ უნდა განიტვირთოს სასამართლო წვრილმანი დავებისაგან და მოისმინეს ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობის შედეგები.

სპეციალიზებული პალატის შექმნის პროცესს კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს, კონსულტაციას კი უწყებას შპს „Dechert Georgia“ გაუწევს, რომელიც საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული კომპანია „დეკერტის“ ფილიალია.

 „დეკერტი“ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ფუნქციონირებს და ის კარგად იცნობს კომერციულ სასამართლო სისტემებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში. „Dechert Georgia“   შეისწავლის და გააანალიზებს რეფორმის ყველა ეტაპს და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოამზადებს კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნის კონცეფციის სტრატეგიას, სამოქმედო გეგმასა და შესაბამის ნორმატიულ ბაზას.

კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნისათვის საჭირო საკანონმდებლო პაკეტი  საქართველოს პარლამენტს, სავარაუდოდ, 2017 წლის პირველ ნახევარში წარედგინება; პარალელურად დაიგეგმება მოსამართლეობის კანდიდატთა საზღვარგარეთ განათლების, გადამზადებისა და ტრენინგების პროგრამები კორპორატიულ, საგადასახადო და სავაჭრო სამართალში, აგრეთვე, სამართლის სხვა შესაბამის დარგებში.

კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო უწინდელი კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს უფლებამონაცვლეა. სხვა მსგავსი საბჭოების ანალოგიურად, იგი უწყებათაშორის სტრუქტურას წარმოადგენს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიები, აკადემიური და ბიზნესწრეები. 

საბჭოს მიზანი კერძო სამართლის ცალკეული მიმართულების რეფორმებისათვის წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავება და კანონპროექტების მომზადებაა.

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics