19:21 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 12:35:36, 648 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი „OGP“-ის გლობალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით პარიზში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ რიგით მეოთხე გლობალური სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

სამიტი 2016 წლის 7 დეკემბერს გაიხსნება. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. პრეზიდენტი გახსნით ცერემონიას პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ თანათავმჯდომარესთან, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორ მანიშ ბაპნასთან ერთად წარუძღვება. გახსნით ცერემონიაზე სიტყვით წარდგება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

წლევანდელი სამიტის მთავარი მოვლენაა ღია მმართველობის პარიზის დეკლარაციის ხელმოსაწერად გახსნა. დეკლარაცია შედგება კოლექტიური ვალდებულებებისგან ღია მმართველობის სხვადასხვა თემატიკაზე. მთავრობებს/არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ შეუერთდნენ ერთ ან რამდენიმე ვალდებულებას, რომელთა შესრულება ღია მმართველობის რეფორმების წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს. სამიტზე საქართველო დეკლარაციის ხუთ კოლექტიურ ვალდებულებას შეუერთდება, ესენია: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალშემოქმედების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მექანიზმების გაუმჯობესება, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება მთავრობის ღიაობის მისაღწევად და, აგრეთვე, ვალდებულება, რომელიც კლიმატთან დაკავშირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებას ითვალისწინებს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება „OGP“-ის მმართველი კომიტეტის შეხვედრა. საქართველოს კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს. საქართველო კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობს როგორც პარტნიორობის ახლად არჩეული თანათავმჯდომარე ქვეყანა. კომიტეტი პარტნიორობაში ახალი წევრების მიღებისა და „OGP“-ის ოთხწლიანი სტრატეგიის განახლების შესახებ იმსჯელებს.

სამიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლა დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიებაზე, მათ შორისაა: პანელი გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ; მაღალი რანგის მრგვალი მაგიდა ორგანიზებული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ; პანელი ღია მმართველობის რეფორმების კოორდინაციისა და სწორი მართვის შესახებ.

სამიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდება სამანტა ფაუერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს გაეროში. შეხვედრაზე განიხილება საქართველოს, როგორც პარტნიორობის თანათავმჯდომარის და მომავალ წელს − თავმჯდომარე ქვეყნის, გეგმები პარტნიორობის განსავითარებლად. ელჩი, როგორც „OGP“-ის დამფუძნებელი ქვეყნის წარმომადგენელი, მინისტრს დღემდე დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებს. 

სამიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მომხსენებელი, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სანიკიძე. იგი მონაწილეობას მიიღებს სესიაში − „ღია მმართველობა ევროპაში: იმპლემენტაცია ევროკავშირისა და არაევროკავშირის ქვეყნებში“; სიტყვით წარდგება პანელზე − „მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის გაძლიერება“; მონაწილეობას მიიღებს „OGP“-ის ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომლის დაფუძნებაში საქართველომ აქტიურად ითანამშრომლა და მას დიდ ბრიტანეთთან ერთად ხელმძღვანელობს.

ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი 9 დეკემბერს შემაჯამებელი პლენარული სხდომით დაიხურება.

ცნობისთვის, „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს „OGP“-ს შეუერთდა და არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმაც განახორციელა. საქართველოს მთავრობას კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს.

ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესებს ეროვნულ დონეზე იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. უწყება კოორდინაციას უწევს ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ქვეყნის მასშტაბით საჯარო კონსულტაციების გამართვას, „ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის“ ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებასთან ინტენსიური კონსულტაციების წარმართვას.

საქართველოს, როგორც პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის, წარმატების დადასტურებაა ის, რომ 2014 წელს იგი − „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს. 2017 წლის ოქტომბრიდან საქართველო წამყვანი თანათავმჯდომარე გახდება ერთი წლის ვადით.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics