03:03 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 13:50:46, 1153 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა: ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტებში სპორტს ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს

აჭარის მთავრობა აჭარაში სპორტის განვითარებისა და ახალი სპორტსკოლის პროექტების შესახებ  ინფორმაციას ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით,  რეგიონისთვის სპორტი და სპორტის განვითარება ერთ-ერთი მნიშვენელოვანია მიმართულებაა არა მარტო ჯანსაღი თაობის აღზრდის თვალსაზრისით, არამედ სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხით.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს გამოვეხმაუროთ სპორტის განვითარების თემას აჭარაში. სპორტი და სპორტის განვითარება ჩვენი რეგიონისთვის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა არა მარტო ჯანსაღი თაობის აღზრდის თვალსაზრისით, არამედ სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხითაც. ჩვენი სპორტსმენები სხვადასხვა სპორტულ სახეობებში მოწინავე ადგილზე არიან როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სპორტსმენებს შორის, იმარჯვებენ სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურნირებში.

 ამიტომაც ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტებში სპორტს ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს. ასევე მნიშვნელოვანია სპორტული ტურიზმის განვითარებაც.

 რეგიონის ხელმძღვანელობას აქვს პრეტენზია და სურვილი იმისა, რომ ჩვენმა რეგიონმა და ქალაქმა არაერთ საერთაშორისო დონის სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლოს.

 სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით რეგიონში რამდენიმე მასშტაბური პროექტის განხორციელება უკვე მიმდინარეობს.  ამ ეტაპზე ბათუმში, ყინულის სასახლის მიმდებარედ, დაწყებულია მულტიფუნქციური სპორტის სასახლის კომპლექსის მშენებლობა, რომლის დარბაზები ჯამში 3100 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სპორტული ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში  დასრულდება და ობიექტი წელსვე უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს ხელბურთში. გარდა ამისა, რეგიონი ემზადება ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადისთვის, რომელსაც  2018 წელს ბათუმი უმასპინძლებს.

რაც შეეხება სასპორტო სკოლას,  რომლის ირგვლივ ბოლო პერიოდში არაერთგვაროვანი შეფასებები გავრცელდა,  კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სკოლის ადმინისტრაციული,  ე.წ ბასკოს შენობა არ არის პრივატიზებული (მისი გასხვისება არც სამომავლოდ იგეგმება), ის არ ექვემდებარება დემონტაჟს და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.

აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ინვესტორ კომპანიაზე სასპორტო სკოლის უკან არსებული ორი სპორტული დარბაზის ტერიტორია გაასხვისა. სანაცვლოდ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ლეონიძის ქუჩაზე ახალი თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი ააშენოს. ახალ კომპლექსში, პრივატიზებულ ორ ფლიგელში სხვადასხვა სექციაში მოღვაწე სპორტსმენები გააგრძელებენ საქმიანობას“,-აცხადებენ აჭარის მთავრობაში.  

ამასთან, მათივე ცნობით, მთავრობის გადაწყვეტილებით,  ქალაქში უკვე ათწლეულების განმავლობაში არსებული კიდევ ერთი პრობლემა მოგვარდება ლეონიძის ქუჩაზე ახალ სპორტულ ცენტრში საცურაო აუზიც აშენდება, სადაც სინქრონული ცურვისა  და წყალბურთის სექციები დაიდებენ ბინას, რაც სპორტის ამ სახეობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

„მშენებლობისთვის აუცილებელი პროცედურები დაწყებულია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უკვე არსებობს შენობის პირველადი პროექტი, რომელიც საბოლოო სახეს უახლოეს პერიოდში, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ პროექტის შესყიდვისა და მშენებელი კომპანიის გამოსავლენად შესარჩევი ტენდერები გამოცხადდება, რის შემდეგაც უკვე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

რაც შეეხება სპორტის იმ სექციებს, რომლებიც დემონტაჟს დაქვემდებარებულ ორ დარბაზში გადიან წვრთნებს, აქაც ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ვიდრე არ მოხდება სპორტსმენების დროებით ალტერნატიულ ფართში განთავსება, სექციების ტექნიკურად სრულად გამართვა, საშხაპეებისა და გამოსაცვლელების სრული აღჭურვა,  შენობების დემონტაჟი არ განხორციელდება. ლეონიძის ქუჩაზე ახალი სპორტული ცენტრის აშენებამდე კი სპორტსმენების სხვა შენობებში განთავსების ხარჯებს შპს „ორბი ჯგუფი" 18 თვის განმავლობაში დაფარავს. აღნიშნული საკითხი უკვე გაწერილია კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებში, რომლის მიხედვითაც ბათუმში უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციის განხორციელება იწყება. საუბარია ჯამში 350 მლნ. ლარამდე ღირებულების მასშტაბურ პროექტზე, რომლითაც 1000-ზე მეტი მუდმივი ახალი სამუშაო და 4500-ზე მეტი განთავსების ადგილი გაჩნდება ქალაქში. პროექტი ბათუმში პირველი ქვეითად მოსიარულეთა ხიდის მშენებლობასაც ითვალისწინებს, რაშიც 1 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ხიდი, გარდა იმისა, რომ  მოძრაობას განტვირთავს, ქალაქის ზღვისპირა ნაწილს კიდევ უფრო გაალამაზებს.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, ინვესტორი ასევე 10 მეტრი სიგანის ახალი საავტომობილო გზის მოწყობას უზრუნველყოფს, რომელიც გმირთა ხეივანს  დავით ხახუტაიშვილის ქუჩასთან დააკავშირებს.  საავტომობილო გზა გარე განათებით აღიჭურვება.

კომპანია ასევე იღებს ვალდებულებას ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა მოაწყოს. პროექტი ასევე სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის, ღია სპორტული მოედნის,  საგამოფენო დარბაზის, რესტორნების, კაფეების და ბავშვთა გასართობი ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს.

სპორტის ხელშეწყობის მიზნით, აჭარაში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელების პროცედურები მიმდინარეობს. საუბარია წმინდა საფეხბურთო ტიპის საერთაშორისო დონის სტადიონის მშენებლობაზე, რომელიც 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. გარდა სპორტული მნიშვნელობისა, პროექტს უდიდესი ეკონომიკური დატვირთვა აქვს. სპორტულ ჩემპიონატებთან ერთად,  სამომავლოდ ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ჩატარება იქნება შესაძლებელი, რაც ქალაქის აღნიშნულ ნაწილს კიდევ უფრო განავითარებს.

სრულად ვაცნობიერებთ, რომ ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინვესტიციის ხარჯზე უნდა იზარალოს რომელიმე სპორტსმენმა თუ ზოგადად რეგიონის სპორტმა.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სპორტი ჩვენი ხელისუფლებისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ამ დარგის განვითარებისათვის. რეგიონის ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სპორტი კიდევ უფრო განვითარდეს და ამ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა და სპორტსმენებმა ღირსეულ პირობებში გააგრძელონ ვარჯიში, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებებსა თუ ჩემპიონატებში და უფრო ასახელონ ჩვენი რეგიონი და ქვეყანა“,-აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

(NS) 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics