19:39 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 19:02:23, 2288 ნახვა

საზოგადოება
„შეგვრჩება ჩაწკრიალებული დოკუმენტები და უცოდინარი თაობა“ - პედაგოგები პრობლემებზე საუბრობენ

კერძო სკოლათა ავტორიზაციის პროცესი იწყება, რომელიც გულისხმობს  სკოლის შესაბამისობის დადგენას  გარკვეული სტანდარტების მიხედვით. უფრო კონკრეტულად, იგი არის  საგანმანათლებლო  დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის ფარგლებშიც  მოწმდება დაწესებულების  საგანმანათლებლო პროგრამების, მატერიალური და  ადამიანური  რესურსების შესაბამისობა  სახელმწიფოს მიერ  დადგენილ სტანდარტებთან.

მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც სკოლებს უწევთ, პედაგოგებისთვის ნაწილობრივ გაუგებარია.  მასწავლებელები ფიქრობენ, რომ ავტორიზაციის სტანდარტები გადასახედია. მათი აზრით, უნდა შემუშავდეს  ისეთი სტანდარტები, რომლებიც  სკოლებში სწავლების  ხარისხს რეალურად გამოავლენს და ამავე დროს, პედაგოგებს  მუშაობაში ხელს არ შუშლის.

კერძოდ, რა პრობლემებს აწყდებიან მასწავლებლები სავალდებულო პროცედურების შესრულებისას, - „ექსპრესნიუსი“  რამდენიმე კერძო სკოლის პედაგოგს გაესაუბრა, რომლებმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავეს.

„მასწავლებელს მოეთხოვება  ყოველი კონკრეტული ნაბიჯისთვის დოკუმენტის შექმნა. ეს დოკუმენტები ძირითადად არაფრის მომცემია და სწავლების ხარისხსს არანაირად არ  ამაღლებს. მხოლოდ და მხოლოდ იწვევს  მასწავლებლის დროის და ენერგიის  ფუჭად ხარჯვას. ეს დრო და ენერგია  პირველ რიგში  მოსწავლეს აკლდება. რამდენიმე წელიწადში  სახელმწიფოში განათლების  ისედაც დაბალი დონე, კიდევ უფრო  დაბლა დაიწევს. შეგვრჩება ჩაწკრიალებული  დოკუმენტები და უცოდინარი თაობა“,-აცხადებს  თბილისში მდებარე ერთ-ერთი კერძო სკოლის პედაგოგი.

 მისივე განმარტებით, მაგალითად, თითოეული შემაჯამებელი  სამუშაოს ანალიზი, რომლის გაკეთებაც  სავალდებულოა,  მასწავლებლის  მხრიდან ბევრ შრომას მოითხოვს.

კერძოდ, მასწავლებელმა შემაჯამებელი სამუშაოს  შემოწმების დროს,  უნდა გამოიყენოს როგორც  განმსაზღვრელი,  ისე განმავითარებელი შეფასება:

„ანუ, ქულასთან ერთად სამუშაოს უნდა ერთვოდეს  სიტყვიერი კომენტარი  წერილობით. ეს ყველაფერი ადრეც კეთდებოდა და საკმაოდ ხარისხიანად, მაგრამ ზეპირად და მოსწავლესთან  უშუალო ურთიერთობის დროს, უფრო ხარისხიანად  ვახერხებდით იმ ხარვეზების  აღმოფხვრას, რაც სამუშაოში გამოვლინდებოდა“,-ამბობს  პედაგოგი და აქვე განმარტავს,  რომ ეს  ყველაფერი მხოლოდ ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებული არ არის, არამედ აღნიშნულის კეთება მათ ჩვეულებისამებრ უწევთ.  უბრალოდ, მასწავლებლების თქმით, სკოლა ავტორიზაციას  ვერ გაივლის, თუ მათ  ზემოთ ხსენებული და ასევე  სხვა სახის  სამუშაო შესრულებული არ ექნებათ:

მასწავლებელმა  უნდა გამოიყვანოს  შემაჯამებელი სამუშაოს საშუალო ქულა მთლიანი კლასისთვის, გამოკვეთოს  კლასის ძლიერი და  სუსტი მხარეები, დასახოს  გზები, სუსტი მხარეების აღმოსაფხვრელად და ასევე შექმნას დოკუმენტი, რომელიც ამ ღონისძიებებს ასახავს, მიუთითოს  სტანდარტები, რომელსაც უნდა მიაღწიოს კლასმა  შემაჯამებელი სამუშაოს შედეგებით, აღწეროს, რომელ სტანდარტს როგორ მიაღწია და ა.შ.

„ამ საკითხში  ჩვენი განათლების მესვეურების  ფანტაზია შეუზღუდავია. ეს ერთი კონკრეტული მაგალითია. ნებისმიერი სხვა საკითხიც ზუსტად ასეა გაწერილი და ამ ყველაფრის წერილობით დაფიქსირების შემდეგ, პედაგოგს  ბავშვთან სამუშაოდ  დრო ნამდვილად აღარ დარჩება. თუ ეს მიდგომა არ შეიცვალა და მასწავლებელს არ მიეცა  თავისუფლად მუშაობის საშუალება, მაშინ, ვფიქრობ,  მასწავლებლების უდიდესი ნაწილი  სკოლას დატოვებს და შეგვრჩება  თითოეულ სკოლაში რამდენიმე „მოსე მწერალი“ ნამდვილი მასწავლებლის ნაცვლად.

მართალია, ეს ყველაფერი  გაკვეთილზე არ კეთდება და შეიძლება თქვან, რომ მოსწავლეს  დრო არ დააკლდება, მაგრამ კარგი გაკვეთილის ჩატარებას პედაგოგის მხრიდან სასწავლო პროცესის წინასწარ დაგეგმვა და ბევრი ღონისძიების გატარება სჭირდება, რისთვისაც მათ დრო აღარ აქვთ“,-აღნიშნა პედაგოგმა.

კერძო სკოლის მასწავლებლები ასევე პრობლემატურ საკითხად მიიჩნევენ იმ შაბლონებს, რომლებსაც მათ უწესებენ. საუბარია წლის დასაწყისში გაწერილი გეგმის  ზუსტ დაცვაზე:

„გაკვეთილი ცოცხალი პროცესია და აქ  წლის დასაწყისში გაწერილი  გეგმის ზუსტი დაცვა შეუძლებელია. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ სასწავლო პროცესი დაუგეგმავად და ქაოსურად მიმდინარეობდეს, თუმცა ასეთი  შეზღუდვა მასწავლებლის თავისუფლების და ასეთი „დოკუმენტომანია“ სკოლისთვის აშკარად დამღუპველია. დარწმუნებული ვართ, თითოეული  მათგანიც, ვინც ამ დოკუმენტებს ამოწმებს, ზუსტად ასევე ფიქრობს“,-ამბობენ პედაგოგები და აქვე დასძენენ, რომ კერძო სკოლის მასწავლებლებს სახელმწიფო არანაირად არ უდგას გვერდში:

„მათი ხელფასები გაცილებით მცირეა, ვიდრე  საჯარო სკოლების მასწავლებლების.  არ იღებენ  ზაფხულის   შვებულების ანაზღაურებას, სერთიფიცირებული მასწავლებლები არ იღებენ  დანამატს სახელმწიფოსგან. მათ მინისტრთან შეხვედრაზეც კი არავინ ეპატიჟება (სხვათაშორის, პირველი ახალი წელი იყო, როცა განათლების  მინისტრისგან, ამ შემთხვევაში ალექსანდრე ჯეჯელავასგან, კერძო სკოლის პედაგოგებმა საახალწლო მილოცვა მიიღეს). არც იმას ითვალისწინებენ, რომ კერძო  სკოლებს შედეგები  კარგი აქვთ და, ალბათ, ეს  არ კმარა მათი მუშაობის შესაფასებლად“,-განმარტავენ მასწავლებლები.

აღნიშნულ საკითხზე „ექსპრესნიუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულ პროფესორს, ექსპერტს განათლების საკითხებში  გიორგი გახელაძეს გაესაუბრა. მისი თქმით, ავტორიზაციის სტანდარტები   ცვლილებას ნამდვილად  საჭიროებს, თუმცა ის მასწავლებლების წუხილთან ნაკლებადაა დაკავშირებული:

„დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები, როგორც  ადამიანური რესურსების ნაიწლში, ისე  პროგრამულ ნაწილში, ბუნებრივად და მეტწილად ეყრდნობა სხვა საგანმანათლებლო სტანდარტებს- ეროვნულ სასწავლო გეგმას, როგორც პროგრამული ნაწილის განსაზღვრას, და ახლა უკვე მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემას, როგორც მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის და მისი შესრულების მარეგულირებელ დოკუმენტს. ამ დოკუმენტების შექმნა და წარმოება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში  არის ბუნებრივი რამ, რადგან თუ ხარისხის ზრდაზე ვფიქრობთ, ნებისმიერ ორგანიზაციაში, სამუშაო აღწერილობა, ფუნქცია და პროფესიული სტანდარტი ცნობილი უნდა იყოს. საქმიანობის შედეგიანობის შეფასება-შეჯამების კრიტერიუმები უნდა არსებობდეს, ასევე- ამ აღწერის დადასტურება. ამ დოკუმენტირებას როგორ ვაკეთებთ, ეს დროს გვაკარგვინებს თუ არა და რამდენად ხშირად გვიწევს ამის კეთება, ეს სხვა საკითხია.

ბევრად უფრო მეტი ნამდვილად ბიუროკრატიული და შეიძლება ნაკლებშედეგიანი სადოკუმენტო და ფურცლის საქმე ეკისრებათ მასწავლებლებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის სქემით, რომელიც ავტორიზაციას რომ თავი დავანებოთ, თუ სქემაში ჩართულები არიან, ეს ვალდებულებები ისედაც ეხებათ. პლუს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დოკუმენტების, ხშირ შემთხვევაში, ბევრი ზედმეტი დოკუმენტის წარმოება. აი, ეს ქმნის უხერხულობას, მაგრამ ავტორიზაციის სტანდარტი, როგორც მთლიანად საგანმათლებლო დაწესებულების, ორგანიზაციის სტანდარტი, ვერ აუვლის გვერდს როგორც ეროვნულ სასწავლო გეგმას, ისე მასწავლებლის პროფესიის მარეგულირებელ დოკუმენტებს. თუ ისინი  ცუდია და წუხილს იწვევენ, მაშინ უნდა შეიცვალოს ავტორიზაციის სტანდარტი. სკოლების ავტორიზაციის სტანდარტი თავისი სტრუქტურით, შინაარსით, მიმართებით სხვა საგანმანათლებლო სტანდარტებთან, რაზეც ვისაუბრეთ, თავსთავად ავტორიზაციის პროცედურა, შემფასებელთა კვალიფიკაცია, მიმაჩნია, რომ არის ნამდვილად შესაცვლელი. მართალია ნელი ტემპებით, მაგრამ ამ სტანდარტების, ისევე როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტის ცვლილებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით ცვლილება ნამდვილად საჭიროა. შესაცვლელია იმ თვალსაზრისით, რომ ის  სკოლების მუშაობის, მათი ხარისხიანობის პოტენციალის მხოლოდ ძალიან მცირედ ნაწილს გვაჩვენებს. ფურცლებს ძალიან ლამაზად აკეთებენ, მაგრამ ჩვენ ავტორიზაციის სტანდარტი და პროცედურა არ გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ ის, რაც ფურცელზე ძალიან ლამაზდ უწერიათ ხოლმე სკოლებს, დავრწმუნდეთ მართლა ასეა თუ არა“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ გიორგი გახელაძემ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრშიც აღნიშნავენ, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტის ცვლილებაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ის იმ პრობლემებს არ ეხებარომლებზეც მასწავლებლები საუბრობენ:

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტის ცვლილებაზე მუშაობა დაიწყო, რომ ევროპულ სტანდარტს დაუახლოვდეს.ის რა პრობლემაც მასწავლებლებს აქვთ, ცალსახად არის ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი, რომელიც ჩვენ არ გვეხება. ეს სამინისტროს პრეროგატივაა“,-განუცხადესექსპრესნიუსს“  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

განათლების სამინისტროში კი ამბობენ, რომ  ამ კუთხით ჯერ არაფერი იგეგმება.

კერძო სკოლები, როგორც აღვნიშნეთ,  ვალდებულნი არიან, შეასრულონ აღნიშნული მოთხოვნები, ვინაიდან სხვა შემთხვევაში ავტორიზაციას ვერ გაივლიან და  სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ ექნებათ.

რაც შეეხება საჯარო სკოლებს, მათ ავტორიზაციის ვადა 5 წლით გაუხანგრძლივდათ.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, 2014 წლის 1 იანვრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ, ან რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს – უფლება მიეცათ, 2020–2021 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა. 2020–2021 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ სკოლების ეტაპობრივი ავტორიზაცია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
​„ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისაკენ სწრაფვაში“ - ზურაბიშვილი ნაუსედას ესაუბრა
ევროპარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი მოამზადეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics