17:03 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 19:03:40, 655 ნახვა

ეკონომიკა
2014 წლის მეოთხე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 625.9 მილიონი დოლარი შეადგინა

2014 წლის მეოთხე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 625.9 მილიონი დოლარი (1.1 მლრდ ლარი, მეოთხე კვარტლის მშპ-ს 13.8 პროცენტი) შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში წამყვანი წვლილი ტრადიციულად საქონლით ვაჭრობას შეაქვს. 2013 წლის გაუმჯობესების შემდეგ საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2014 წელს კვლავ მზარდი იყო და მეოთხე კვარტალში წლიური 25.0 პროცენტიანი მატების შედეგად 1.3 მლრდ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტის წლიური ზრდის ტემპი უარყოფითი იყო და 20.0 პროცენტს გაუტოლდა. ექსპორტზე უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონში განვითარებული მოვლენები. მეოთხე კვარტალში არ გაზრდილა იმპორტი და 2.3 მლრდ აშშ დოლარი (4.1 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტის შემცირებისა და უცვლელი იმპორტის შედეგად სავაჭრო ბალანსი მნიშვნელოვნად (25 პროცენტით) გაუარესდა წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2014 წლის მეოთხე კვარტალში იგი წლიურად 5.3 პროცენტით შემცირდა და 244.0 მლნ აშშ დოლარს (440.1 მლნ ლარს) გაუტოლდა. აქედან,  მომსახურების ექსპორტი 0.4 პროცენტიანი წლიური კლებით 693.0 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) იყო, ხოლო მომსახურე¬ბის იმპორტი 2.5 პროცენტი ზრდით 449.0 მლნ აშშ დოლარს (809.8 მლნ ლარი) შეადგენდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა (313.6 მლნ აშშ დოლარი ანუ 565.7 მლნ ლარი), 1.4 პროცენტი წლიური ზრდით.
დადებითი იყო შემოსავლის ბალანსი 2014 წლის მეოთხე კვარტალში და მან 52.9 მლნ აშშ დოლარი (95.4 მლნ ლარი) შეადგინა. შემოსავლის დადებითი სალდო მეოთხე კვარტალში განპირობებული იყო საინვესტიციო შემოსავლების (ძირითადად პირდაპირ ინვესტიციებზე) დებეტის კლებით. შემოსავლის კრედიტმა 259.8 მლნ აშშ დოლარი (468.6 მლნ ლარი) შეადგინა და 8.6 პროცენტით ნაკლები იყო 2013 წლის მეოთხე კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტი კი მნიშვნელოვანი, 39.8 პროცენტიანი, კლებით 206.9 მლნ აშშ დოლარს (373.2 მლნ ლარს) გაუტოლდა.
შემცირდა მიმდინარე ტრანსფერები, მიმდინარე ანგარიშის მსხვილი დადებითი კომპონენტი. მეოთხე კვარტალში წლიურმა კლებამ 9.6 პროცენტი შეადგინა და  339.9 მლნ აშშ დოლარს (613.1 მლნ ლარს) გაუტოლდა. კლება მეტწილად განაპირობა მუშაკთა გზავნილების 15.1 პროცენტიანმა შემცირებამ. 377.1 მლნ აშშ დოლარი (680.2 მლნ ლარი) იყო კვარტლის განმავლობაში მიღებული, ხოლო 37.2 მლნ აშშ დოლარი (67.1 მლნ ლარი) გაცემული ტრანსფერები.
კაპიტალური ტრანსფერების წმინდა შემოდინებამ მეოთხე კვარტალში 44.8 მლნ აშშ დოლარი (80.7 მლნ ლარი) შეადგინა.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეოთხე კვარტალში 288.7 მლნ აშშ დოლარი (520.7 მლნ ლარი) შეადგინა1, რაც მშპ-ს 6.4 პროცენტია. მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძირითადად ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, მშენებლობის და საფინანსო სექტორებში განხორციელდა.
2014 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოდგენილია შემდეგი სახით: სააქციო კაპიტალმა შეადგინა მთლიანი ინვესტიციის 75.1 პროცენტი, რეინვესტირებულმა შემოსავალმა - 5.9 პროცენტი, ხოლო სხვა კაპიტალმა - 19.0 პროცენტი.
პორტფელის ინვესტიციების სალდომ 14.8 მლნ აშშ დოლარი (26.6 მლნ ლარი) შეადგინა. როგორც აქტივებში, ასევე პასივებში ცვლილებები უმნიშვნელო იყო.
სხვა ინვესტიციების სალდო 2014 წლის მეოთხე კვარტალში 333.9 მლნ აშშ დოლარს (602.2 მლნ ლარს) შეადგენდა. კვარტალის განმავლობაში უმნიშვნელოდ შემცირდა აქტივები. ამასთან, გაზრდილი იყო ვალდებულებები 326.7 მლნ აშშ დოლარით (589.3 მლნ ლარი) მისი ყველა კომპონენტის ზრდის გამო.
სარეზერვო აქტივები 2014 წლის მეოთხე კვარტალში ოპერაციული ცვლილებით 34.9 მლნ აშშ დოლარით (62.9 მლნ ლარით) გაიზარდა და 2.7 მლრდ აშშ დოლარი (5.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 3.3 თვის იმპორტს უზრუნველყოფს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში „საქართველოს ბანკის“ Ads Manager-ს შეასწავლიან
კობახიძე - ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე - ეს არის ინდიკატორი, ამ ადამიანებს სინამდვილეში რა ამოძრავებთ
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics