04:39 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 11:42:02, 350 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო და საპატრიარქო მოსახლეობას მოუწოდებენ ბზის მოჭრისგან თავი შეიკავონ

პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორემ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ  ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს და  მოსახლეობას  მოუწოდეს თავი შეიკავონ ბზის მოჭრისგან.

"ბზობის დღესასწაულის ერთ-ერთი სიმბოლოა ბზა, რომელიც აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდი რაოდენობით იჭრება და იყიდება. კოლხური ბზა ენდემური სახეობაა, არის კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი და უძვირფასესი მცენარე. მის გაზრდას რამდენიმე ათეული წელი სჭირდება და ხასიათდება არეალის შემცირების ტენდენციით, რისი ერთერთი უმთავრესი მიზეზიც სწორედ უკონტროლო ჭრაა. ამის გამო, კოლხური ბზა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელებულ ბზის კორომებში უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში გამოვლინდა დაავადება - ე.წ.”ბზის სიდამწვრე”, აღნიშნული დაავადების გამო თითქმის მთლიანად განადგურდა აჭარის ტერიტორიაზე არსებული ბზის უნიკალური კორომები და იგივე საფრთხე ემუქრება ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე გავრცელებულ ბზებსაც.

 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მიმდინარე წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში განხორციელდება ბზის კორომების სატყეო პათოლოგიური გამოკვლევა მის მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში.

კოლხური ბზის გადაშენების რეალური საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მკაცრდება კონტროლი ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები.კერძოდ, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები, რაც დამოკიდებულია ბუნებრივი რესურსის უკანონო მოპოვების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაზე. საჯარიმო სანქციების ოდენობა მერყეობს ორასიდან ხუთას ლარამდე, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარის შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ერთის მხრივ, ბზის მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით და მეორე მხრივ, დიდი რაოდენობით ტოტების შეძენისაგან.

 

სხვადასხვა სანერგე მეურნეობებში სპეციალურად გამოყვანილი ბზა ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება და ჩვენი საერთო ძალისხმევით მივაღწევთ იმას, რომ ნაკლები ზიანი მივაყენოთ გარემოს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამკაცრებულია კონტროლი ველურად მზარდი კოლხური ბზის უკანონოდ მოპოვების აღკვეთის მიზნით. კოლხური ბზის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას 150–დან 500 ლარის ოდენობით. საჯარიმო სანქციასთან ერთად, ასევე გათვალისწინებულია გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება,  ხოლო თუ ზიანი არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო წინასწარ გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics