09:23 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 14:20:05, 767 ნახვა

მიხეილ ჯანელიძე: ევროკავშირის სტანდარტების დასანერგად საქართველოს 6-პუნქტიანი გეგმა აქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, დღევანდელ გლობალურ და ცვალებად სამყაროში უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები ევროპის ტერიტორიაზე მარტივად მოგზაურობდნენ, ვინაიდან ევროპაში უვიზო მიმოსვლა თავისუფალ სამყაროში დაუბრკოლებელ გადაადგილებას ნიშნავს.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი თავის წერილში წერს. 

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, უვიზო მიმოსვლის შემოღება ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ჯანელიძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის.

"ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილება ერთ-ერთია იმ ხელშესახებ სიკეთეთაგან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების შედეგად ღებულობენ. სასიხარულოა, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი სწორად აღიქვამს ევროკავშირს, მის ჭეშმარიტ ღირებულებებს და მასთან დაახლოების შედეგად მიღებულ სარგებელს“, -აღნიშნულია მიხეილ ჯანელიძის წერილში. 

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ევროკავშირის კონკრეტული პროექტების, პროგრამებისა და დახმარების შესახებ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ხორციელდება და მომავალში კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს. 

"ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის კი, ჩვენ გვჭირდება რომ ქვეყანა მაქსიმალურად მოემზადოს პრაქტიკული თვალსაზრისით - დანერგოს ევროკავშირის სტანდარტები და მაქსიმალურად დაუახლოვდეს  ევროკავშირს.

ეს შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური და ყოვლისმომცველი ხედვისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებით. ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა და მზად ვართ ძალისხმევა არ დავიშუროთ მის განსახორციელებლად. გეგმა ეფუძნება 6 ძირითად მიმართულებას:

1.    ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების წარმატებით განხორციელება, რაც უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობის და ინსტიტუციური პრაქტიკის მაქსიმალურ მიახლოებას ევროპულთან;

2.    ევროკავშირის სპეცილიზირებულ სააგენტოებთან, რომელთა წევრობაც სავალდებულოა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, მაქსიმალური ინტეგრაცია. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენმა სააგენტოებმა მიიღონ მაქსიმალური ტექნიკური დახმარება და ცოდნა ევროპელი კოლეგებისგან, გაძლიერდნენ ინსტიტუციურად და ამასთანავე, მიაღწიონ მაქსიმალურ თავსებადობას ადრეულ ეტაპზე;

3.    ევროკავშირის მოქმედ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტურობის გაზრდა, საქართველოს მოქალაქეებისა და პოტენციური ბენეფიციარების მაქსიმალური ინფორმირება, მათში მონაწილეობის შესაძლებლობების გაფართოება და ახალი სასარგებლო პროგრამების მოძიება და მათში მონაწილეობა. აღნიშნული დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს მიიღონ მეტი პრაქტიკული სარგებელი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისგან, მოხდეს მეტი ინტეგრაცია ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობითა და ევროპულ ფონდებთან წვდომით;

4.    ევროკავშირის სტრუქტურებთან მოლაპარაკებების სტადიიდან თანამშრომლობის სტადიაზე გადასვლა, რაც გულისხმობს ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან საქართველოს სტრუქტურების რეგულარულ დიალოგს სექტორალური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების საკითხებზე. ეს აამაღლებს ჩვენს ცნობადობას ევროპული სექტორალური პოლიტიკის წარმოების შესახებ და გააჩენს ახალ შესაძლებლობებს საქართველოს სექტორების განსავითარებლად ევროპული პოლიტიკის შესაბამისად და ასევე, მათი რესურსების ეფექტური გამოყენებით;

5.    თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაღრმავებული დიალოგი, რაც მოგვცემს საშუალებას უკეთ იქნას შეფასებული ჩვენი როლი საერთო ევროპულ უსაფრთხოებაში და გვქონდეს მაქსიმალური კოორდინაცია ევროპულ უსაფრთხოებისა და თავდაცვით სტრუქტურებთან ჩვენი და რეგიონის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ასევე, ჩვენი სისტემები იყოს მაქსიმალურად თავსებადი. საქართველო, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობაში, 2014 წლიდან აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის მისიებში.  საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2016 წელს, ევროკავშირმა საქართველო პირველად მოიხსენია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალურ სტრატეგიაში. დოკუმენტში საქართველო განსაზღვრულია რეგიონულ ლიდერად და აღნიშნულია, რომ საქართველოს წარმატება მშვიდობიანი და სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების კონტექსტში, სტიმულს აძლევს  პოზიტიური ცვლილებების პროცესს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში;

6.    პოლიტიკურ, საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ინტეგრაციასთან ერთად, მოხდეს ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირის შიდა ბაზართან, რაც გულისხმობს სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და საკომუნიკაციო ინტეგრაციას, რასაც მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი ექნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის განვითარებული თანამშრომლობა ცხადყოფს, რომ ევროკავშირის და საქართველოს ინტერესები სინქრონიზებულია და ეფუძნება საერთო ღირებულებებს, რაც საფუძველია იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი", - წერს საგარეო მინისტრი. 

შეგახსენებთ, რომ ხვალიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics