17:03 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 00:05:19, 2376 ნახვა

პოლიტიკა
დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ

დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ შგამგზავრებას შეძლებენ.

"ექსპრესნიუსმა" მოამზადა იმ მონაცემების ნუსხა, რომელიც უვიზო რეჟიმის ამოქმედების დროს საქართველოს მოქალაქეებს დასჭირდებათ. კერძოდ, რა პირობები უნდა დაიცვან საქართველოს მოქალაქეებმა, რა სანქციები ემუქრებათ უვიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში და რომელ ქვეყნებში შეძლებენ ისინი უვიზოდ მოგზაურობას.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანას და შენგენის კანდიდატ 4 ქვეყანას მოიცავს.

წევრი ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი. არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია. კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია. გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია. ამ ქვეყნების ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს.

რაც შეეხება შენგენის ზონაში დარჩენის ხანგრძლივობას - უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები. უფრო კონკრეტულად კი, მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ. მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრეინინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. უვიზო რეჟიმი არ შეეხება ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით. ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს უნდა მიმართონ.

ამასთან, საქართველოს მოქალაქეს 90 დღიან პერიოდში შენგენის ტერიტორიაზე მრავალჯერადი შესვლა შეუძლია, თუმცა საჭიროა ვიზიტის ხანგრძლივობა არ აღემატებოდეს ჯამში 90 დღეს უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში.

რაც შეეხება საბუთებს, საქართველოს მოქალაქეებს მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი დასჭირდებათ, რომლის მოქმედების ვადა არ უდნა იყოს 6 თვეზე ნაკლები საქართველოში დაბრუნების დღისთვის. ევროკავშირის/შენგენის ზონაში ბიომეტრიული პასპორტის გარეშე უვიზოდ შესვლა შეუძლებელია.

სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები შენგენის ტერიტორიაზე შესვლისას საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრიულ პასპორტს მოსთხოვენ და მგზავრობის მიზნით დაინტერესდებიან.

უფრო კონკრეტულად კი, მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა შეიძლება შემდეგი სახის საბუთები მოგთხოვოთ:

ტურიზმი და დასვენება:

  • უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.

მონაწილეობა კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში და ა.შ.

  • იმ ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.

          ნათესავების, მეგობრების მონახულება

  • მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
  • იმ პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.).

 მკურნალობა

  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (თანხა ნაღდი სახით, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.)

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების ვალდებულებებს შენგენის ტერიტორიაზე ყოფნისას, მათ შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული შესვლისა და ყოფნის წესები, ადგილობრივი კანონმდებლობა, საავტომობილო მოძრაობის წესები  და საზოგადოებრივი წესრიგი უნდა დაიცვან. ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე დეპორტაციას (გაძევება)დაექვემდებარება ან/და ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება, რასაც ყოველთვის მოსდევს 5 წლამდე პერიოდით ქვეყანაში შესვლის აკრძალვა.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დავარღვევთ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესებს:

  • ქვეყანაში 90 დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი რეადმისიას (საქართველოში დაბრუნებას) დაექვემდებარება. ამასთან, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს შეეზღუდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე პერიოდით. ალტერნატივის სახით, შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები/ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში, ან შენგენის ტერიტორიაზე;

ცნობისთვის, შენგენის/ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად საქართველოს მოქალაქე:

  • არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას, ან შიდა უსაფრთხოებას;
  • არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომლებსაც აკრძალული აქვთ ზემოხსენებული ქვეყნებიდან მინიმუმ ერთ ქვეყანაში შესვლა;
  • არ უნდა იყოს ნასამართლევი შენგენის/ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მინიმუმ 1 წლით;
  • არ უნდა იყოს ქვეყნიდან გაძევების (დეპორტაცია) ან უკან დაბრუნების (რეადმისია) შესახებ გადაწყვეტილების ობიექტი;
  • არ უნდა არსებობდეს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის, ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები.

"ექსპრესნიუსი" საქართველოს ყველა მოქალაქეს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ულოცავს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics