17:07 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-23 10:50:25, 1927 ნახვა

პოლიტიკა
სამოქალაქო სექტორი სოციალურ კამპანიას „კონსტიტუცია უთანასწორობისთვის - არა Liberty Act-ს“ იწყებს

სხვადასხვა არასამთავრობო, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კვლევითი ცენტრები და დამოუკიდებელი მოქალაქეები იწყებენ სოციალურ კამპანიას „კონსტიტუცია უთანასწორობისთვის - არა Liberty Act-ს“. როგორც აღინიშნა, კამპანია საქართველოს კონსტიტუციაში 2011 წელს, ყოველგვარი საზოგადოებრივი განხილვების გარეშე შეტანილი, 94-ე მუხლის ამოღებას უკავშირდება, რომელიც „ეკონომიკური თავისუფლების აქტის სახელითაა“ ცნობილი.

მათ მიაჩნიათ, რომ:

-აღნიშნული აქტი წარმოადგენს არადემოკრატიულ, არაჰუმანურ სამართლებრივ დოკუმენტს, რომლის ანალოგი არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ გვხვდება და რომელთა არსებობაც შეუძლებელს ხდის საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და საყოველთაო კეთილდღეობის პოლიტიკის გატარებას. 
 
კონსტიტუციის 94-ე მუხლით და „თავისუფლების“ აქტით, სახელმწიფო სამართლებრივად და პოლიტიკურად იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას საკუთარი მოქალაქეების წინაშე, უზრუნვლყოს ეკონომიკური განვითარებისა და თანაბარი გადანაწილების ფუნქცია. 

-კონსტიტუციის 94-ე მუხლი და „თავისუფლების“ აქტი უზრუნველყოფს მონოპოლისტებად ქცეული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, კაზინოების, სასტუმროების, დეველოპერების და სხვათა ხელშეუხებლობას, მშვიდად აკეთონ თავიანთი ბიზნესი, გათავისუფლდნენ ყოველგვარი სოციალური და ეკონომიკური პასუხისმგებლობებისგან სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე.
არასამთავრობო, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კვლევითი ცენტრები და დამოუკიდებელი მოქალაქეები  წერილით მიმართავენ  საკონსტიტუციო კომისიის წევრებს და მოუწოდებენ, საკონსტიტუციო კომისიის სხდომათა დახურვამდე, გამოიყენონ ისტორიული შესაძლებლობა, რათა არ დაუშვან ქვეყნის კონსტიტუციაში ანტისახალხო მუხლის არსებობა. 

„2010 წელს საქართველოს პარლამენტმა არსობრივი განხილვისა და დისკუსიის გარეშე მიიღო კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი, რომელიც კრძალავს გადასახადის განაკვეთის გაზრდასა და ახალი გადასახადის შემოღებას რეფერენდუმის გამართვის გარეშე. იმავე ცვლილებების მიხედვით, რეფერენდუმის ინიცირების უფლება მხოლოდ მთავრობას ენიჭება. ამ ჩანაწერით უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს - საქართველოს პარლამენტს - ერთმევა უფლება, განსაზღვროს ქვეყნის ეკონომიკური და საგადასახადო პოლიტიკა. 

თავდაპირველად, უნდა აღვნიშნოთ, რომ მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის კონსტიტუცია არ შეიცავს გადასახადის ზრდის შეზღუდვის შესახებ ჩანაწერს. ამასთან, ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის კონსტიტუციაში მითითებულია, რომ საგადასახადო პოლიტიკა კანონმდებლობით განისაზღვრება. მეტიც, ევროპის არაერთი ქვეყნის კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს გადასახადის საკითხზე რეფერენდუმის გამართვას. 

საყოველთაოდ გაზიარებულია მოსაზრება, რომ დემოკრატიული კონსტიტუცია, როგორც სახელმწიფოებრივი ერთობის ფუძემდებლური დოკუმენტი, არ უნდა განსაზღვრავდეს კონკრეტულ ეკონომიკურ პოლიტიკას - ეკონომიკურ და საგადასახადო საკითხებზე დისკუსია მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია. ასეთი ჩანაწერის არსებობა კონსტიტუციას იდეოლოგიურად შებოჭილ დოკუმენტად აქცევს და საფუძველშივე გამორიცხავს ხალხის მიერ კონსტიტუციურ დებულებათა პატივისცემასა და მათდამი ერთგულებას.

ისტორიულად, წარმომადგენლობით დემოკრატიაში პოლიტიკური ბრძოლის უმთავრესი არენა სწორედ ეკონომიკური და საგადასახადო პოლიტიკაა. დემოკრატიული არჩევნების დროს, მოქალაქეების არჩევანის ფორმირება - მათ შორის და უმთავრესად - პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური ხედვების საფუძველზე ხდება. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილებათა ნუსხიდან საგადასახადო საკითხების ამოშლა კი წარმომადგენლობით დემოკრატიას პლებისციტური მმართველობისკენ გადახრის, რაც აფერხებს დემოკრატიული სისტემის კონსოლიდაციას ახალი დემოკრატიის ქვეყნებში.

ამასთან, გადასახადების ზრდის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ზღუდავს წარმომადგენლობითი პოლიტიკური ორგანოების შესაძლებლობას, ეკონომიკური განვითარების სრულყოფილი გეგმა გააჩნდეთ და იზრუნონ რესურსების ქმედით და სამართლიან განაწილებაზე. ასევე, ასეთი აკრძალვა ეწინააღმდეგება საგადასახადო პოლიტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს - მაგალითად, მოქნილობას - და პარლამენტს ართმევს უნარს, სოციოეკონომიკურ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება ჰქონდეს. ეკონომიკის მართვის ქმედითი მექანიზმები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სწორედ ისეთი განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისთვისაა, როგორიც საქართველოა.

ამ არგუმენტების გათვალისწინებით, დაუშვებლად მიგვაჩნია საქართველოს კონსტიტუციაში დარჩეს გადასახადის რეფერენდუმის გარეშე ზრდის აკრძალვის ჩანაწერი. მოვუწოდებთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, გამოიყენონ ისტორიული შესაძლებლობა და უარი უთხრან ანტისახალხო მუხლის კონსტიტუციაში დატოვებას. მზად ვართ, ამ საკითხის საზოგადოებრივ განხილვაში მონაწილეობა მივიღოთ“,-ნათქვამია საკონსტიტუციო კომისიის წევრებისადმი მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის; საზოგადოებრივი კვლევის ცენტრი; სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი; ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაცია; მედიაპორტალი European.ge; ბანკები და ფინანსები ; სოციალური აზრის ფორუმი; ევროპული არჩევანი საქართველოსთვის; ურბანული კვლევების ცენტრი; ქალები სამართლიანობისათვის; სახალხო ეკონომიკის მოძრაობა; უხილავი შრომა; საქართველოს პროგრესული ფორუმი; საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირი; იმერეთის მეტალურგიული პროფკავშირი; რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი; მასწავლებელთა პროფკავშირი; ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირი; ურბან - რეაქტორი; აუდიტორია 115; ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი; სახელოსნო პრაქსისი; Docomomo საქართველო; RED ფონდი (Research Education Development Foundation)

22 აპრილიდან სოციალურ ქსელში გააქტიურდება კამპანიის გვერდი, სახელად „კონსტიტუცია თანასწორობისთვის - არა Liberty Act-ს“ , სადაც შესაძლებელ იქნება კამპანიის შესახებ ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიღება. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფინანასთა სამინისტრო - ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისთვის საქართველო ADB-სგან 2024 წელს, დაახლოებით, 23.2 მლნ ევროს მიიღებს
რიჟვაძე - სოციალური პროექტის, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, უახლოეს პერიოდში 582 ოჯახი უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას
რიჟვაძე - 29 აპრილს გაიმართება საერთო სახალხო შეკრება, სადაც ცხადად გამოჩნდება თუ სად დგას საქართველო, ქართველი ხალხი, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ტრადიციული ფასეულობები
ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics