17:44 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 21:08:34, 2319 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა კონსტიტუციური ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ“ და „აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტები მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილა და მიიღო.

კონსტიტუციური კანონის პროექტები პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა.

„ჩვენ გვქონდა ოთხთვიანი სამუშაო პროცესი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, რა დროსაც არა მარტო მუხლობრივად და პუნქტობრივად, არამედ ძირითადი კანონის ახალი რედაქციის თითოეული ჩანაწერი სიტყვა-სიტყვით იქნა განხილული და დღეს გვჭირდება კიდევ ერთხელ, საბოლოოდ, ამ ტექსტის სიტყვა-სიტყვით განხილვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ კანონპროექტებზე საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა კანონპროექტების თავებსა და პუნქტებზე.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, კონსტიტუციის პრეამბულაში ცვლილებები არ შესულა, ხოლო მე-2 მუხლში, რომელიც სახელმწიფო სიმბოლოებს ეხება, ორი მნიშვნელოვანი დამატებაა: გაზრდილია სახელმწიფო ენის დაცვის სტანდარტი ორგანული კანონით და ასევე, გაზრდილია სახელმწიფო სიმბოლოების დაცვის სტანდარტი, კერძოდ, სახელმწიფო სიმბოლოების დამდგენი ორგანული კანონები გადაისინჯება საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისთვის განსაზღვრული წესით.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მე-3 მუხლს, რომელიც დემოკრატიის პრინციპს ეხება, ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპები ემატება, რომლის თანახმად: საყოველთაო არჩევნებით არჩეული ორგანოს მიმდინარე უფლებამოსილების ვადის კონსტიტუციით ან კანონით შემცირება ან გაზრდა დაუშვებელია. ერთ-ერთი ახალი პუნქტი კი, პოლიტიკურ პარტიებს შეეხება.

მე-5 მუხლზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციას ემატება ახალი მუხლი, რომელიც სოციალური სახელმწიფოს პრინციპებს ეხება, სადაც „ხაზგასმულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა ადამიანებისა და მოქალაქეების წინაშე“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის მე-2 თავის სტრუქტურა შეცვლია. „ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ეს თავი ადამიანის ღირსების უფლებით იწყება, რომელიც არის აბსოლუტური, ხელშეუვალი, მას იცავს სახელმწიფო და დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, მე-11 მულში ორი ახალი პუნქტია, რომელიც ქალისა და მამაკაცის თანასწორობას და შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებებს ეხება, რაც ნოვაციაა საქართველოს კონსტიტუციაში.

მისივე თქმით, მე-15 მუხლის პირველი პუნქტი, აგრეთვე, სიახლეა კონსტიტუციაში, რითიც ხაზგასმითაა დაცული ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების სივრცე.

პროექტის თანახმად, კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც ძირითადი უფლების რანგში განამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისგან.

მე-19 მუხლზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ მუხლს დაემატა ახალი ნორმა, რომლითაც განისაზღვრება, რომ მიწა არის განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი და ის შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. მისივე თქმით, გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციის 26-ე მუხლით გაზრდილია შრომის თავისუფლების დაცვის სტანდარტი, ხოლო 28-ე მუხლით ცალკეა უზრუნველყოფილი აკადემიური თავისუფლება.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 31 მუხლით, რომელიც საპროცესო უფლებებს შეეხება, მყარად არის დაცული ადვოკატების უფლებები, ხელშეუხებლობის გარანტიები და თვითორგანიზების უფლება.

მისივე თქმით, 33-ე მუხლში მნიშვნელოვანი დამატებაა, რომლის თანახმად, დაუშვებელია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების წინააღმდეგ პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, 35-ე მუხლში, რომელიც სახალხო დამცველთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს, 5-წლიანი ვადა შეცვლილია 6-წლიანი ვადით. გარდა ამისა, დამატებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა არ შეიძლება, ასევე, დადგენილია სახალხო დამცველის კვალიფიციური უმრავლესობით - 90 დეპუტატის გადაწყვეტილებით არჩევა. აღნიშნულ მუხლს ემატება იმუნიტეტის პრინციპიც.

პარლამენტის არჩევის წესზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბონუსის სისტემასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და ბონუსისთვის დაწესდა ზღვრები.

„37-ე მუხლი არის საკვანძო ნორმა, რომლითაც იცვლება საარჩევნო სისტემა. ძირითადი დებულებებით გათვალისწინებულია გადასვლა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც არა შემდგომი არჩევნებიდან, არამედ გარდამავალი დებულებების თანახმად იმის შემდგომი არჩევნებიდან ამოქმედდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ცვლილება. დღემდე ასეთი ცვლილება არც ერთ ხელისუფლებას არ განუხორციელებია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, პარლამენტის 150 წევრი აირჩევა პროპორციული წესით და მოქმედებს ე.წ. ბონუსის სისტემა, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული პარტია ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 38-დან 44%-მდე მიიღებს. „ამ შემთხვევაში, შეიძლება შეევსოს შესაბამის პარტიას მანდატები აბსოლუტურ უმრავლესობამდე“,-განმარტა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სტატუსი უცვლელია - ის არის სახელმწიფოს მეთაური, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და სახელმწიფო წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში.

პროექტის თანახმად: „საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 ხმოსანი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. სხვა ხმოსნებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვითა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით პროპორციულად განსაზღვრული კვოტების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის ეს რეგულაციები ამოქმედდება არა მომავლ წელს, არამედ მას შემდეგ, რაც 2018 წელს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება.

კანონპროექტის წარდგენისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თითოეულ მუხლთან დაკავშირებით გაზრდილია სტანდარტი: „ეს არის რეალური სურათი, რაც არის კონსტიტუციაში“.

პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, სიტყვით თანამომხსენებელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია გამოვიდა.

ეკა ბესელიამ პარლამენტის წევრებს კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით, მეორე მოსმენისთვის იურიდიული კომიტეტის დასკვნა და პოზიცია გააცნო. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დღევანდელ ხანგრძლივ საკომიტეტო განხილვაში მონაწილეობა მიიღო.

„ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი შესწორებები მეორე მოსმენისთვის, რომლითაც რამდენიმე საკითხი, რომელიც ეხებოდა პრინციპული საკითხებიდან გამომდინარე სამართლებრივ ნორმებს, კიდევ უფრო უკეთესად დარეგულირდა. მადლობა ყველას, ვინც ასე აქტიურად იყო ჩართული განხილვაში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, დეპუტატებს კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა მეორე მოსმენის შემდეგ დამატებით გადახედონ კონსტიტუციურ კანონპროექტს.

„ეს იქნება კარგი შესაძლებლობა მესამე მოსმენამდე კიდევ ვიმუშაოთ. ყველას მიეცემა შესაძლებლობა ამ ტექსტზე ერთად ვიმუშაოთ და ბევრი საკითხი შეიძლება რედაქციულად ისე ჩამოყალიბდეს მესამე მოსმენის დროს, რომ კიდევ უფრო უკეთესი სტანდარტი მივიღოთ“,-აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე მეორე მოსმენით წარმოადგინა „აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი, რის შემდეგაც შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები ცალკეულმა დეპუტატებმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გამოთქვეს.

დეპუტატების გამოსვლის შემდეგ, რიგგარეშე სხდომაზე, შემაჯამებელი სიტყვით პარლამეტის თავმჯდომარე გამოვიდა.

„დღეს ჩვენ გავდივართ ისტორიული პროცესის მეორე ეტაპს, რომელსაც ჰქვია ევროპული სტანდარტების, ევროპული ტიპის კონსტიტუციის შემუშავება, მიღება და დამტკიცება.

დღეს, ჩვენ მეორე მოსმენენით ვიღებთ ევროპული ტიპის კონსტიტუციას. არაერთხელ აღვნიშნეთ დღეს უკვე, რომ არამარტო კონსტიტუცია არის აგებული საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე, არამედ, თითოეული ჩანაწერი, თითოეული ნორმა ამ კონსტიტუციაში არის ზუსტად ამ სტანდარტებზე, საუკეთესო ევროპულ სტანდარტებზე აგებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი 115 ხმით, ხოლო „აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი 114 ხმით, ერთხმად მიიღო. 
ამით პარლამენტის რიგგარეშე სხდომამ მუშაობა დაასრულა.

საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი კონსტიტუციურ კანონპროექტს მესამე მოსმენით, მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics