18:20 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 22:11:33, 1908 ნახვა

პოლიტიკა
„საქართველო გამორჩეული ლიდერია და განსაკუთრებულ აღიარებას იმსახურებს“ - გერმანიის ბუნდესტაგის რეზოლუცია

გერმანიის ბუნდესტაგმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და მასში მონაწილე ქვეყნების შესახებ რეზოლუცია მიიღო.  

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, დოკუმენტში საუბარია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატზე, როგორც პროგრამაში მონაწილე ქვეყნების მოდერნიზაციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე. ამასთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის მომავალ სამიტზე, ბუნდესტაგის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ სამიტი ახალ იმპულსს შესძენს თანამშრომლობას და საშუალებას მისცემს ევროკავშირს ყველა წევრ ქვეყანასთან დიფერენცირებული თანამშრომლობის.

რეზოლუციაში ასევე საუბარია რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე და აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ცხადი გახდა, რომ რუსეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრი ქვეყნების საკუთარი გავლენის სფეროში მოქცევას ცდილობს და ამით მათ ევროკავშირთან დაახლოებას აფერხებს. სწორედ ამიტომ, ბუნდესტაგის ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან-სოციალური ფრაქცია შემუშავებული რეზოლუციით ხაზს უსვამს, რომ „პარტნიორი ქვეყნების მიერ ლეგიტიმურად მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ სუვერენულ უფლებებში ჩარევა დაუშვებელია. რუსეთი არ შეიძლება საფრთხედ იქცეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის, არამედ მათი ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული უნდა იყოს საერთაშორისო სამართლის ნორმებით".

რეზოლუციით გერმანელი პარლამენტარები აღნიშნავენ საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ქვეყნის დემოკრატიული რეფორმირების პროცესში. კერძოდ რეზოლუციაში აღნიშნულია: „საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანეს პროგრესს მიაღწია კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და საბაზრო ეკონომიკის სფეროში გატარებული რეფორმების კუთხით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1993 წლიდან გერმანიასთან არსებულმა მჭიდრო თანამშრომლობამ  სამართლის სფეროში, რამაც ქვეყანას ხელი შეუწყო აღნიშნული პროგრესის მიღწევაში. საქართველომ არაერთხელ აჩვენა, რომ კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით, იგი რეფორმებზე ორიენტირებული ქვეყანაა, რასაც ადამიანის უფლებების დარგში ქვეყნის ევროკავშირთან რეგულარულ დიალოგში ყოფნაც ნათელს ხდის. საქართველოს ასევე მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. კორუფციის დასამარცხებლად ქვეყანამ არაერთი ძირფესვიანი ადმინისტრაციული რეფორმა გაატარა, რომელთაგან სამაგალითოდ შეიძლება დასახელდეს პოლიციის რეფორმა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების გატარების კუთხით, საქართველო არის გამორჩეული ლიდერი და იმსახურებს განსაკუთრებულ აღიარებას", - აღნიშნულია ბუნდესტაგის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია საქართველოს მნიშვნელოვანი საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალი - „არსებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ნათლად ასახავენ ინვესტორების ნდობას ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების მიმართ", - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის უკანონო ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რაც გერმანელი დეპუტატების განცხადებით ართულებს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს „2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. რუსეთის მიერ ჩამორთმეულ საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 10 000 რუსი სამხედროა განთავსებული. რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხელშეკრულების საფუძველზე, რუსეთის არმიას მიუერთოს სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები, კიდევ უფრო ართულებს რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებას", - წერია რეზოლუციაში.

„აღსანიშნავია, რომ გერმანიის ბუნდესტაგში აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდამჭერი რეზოლუცია პირველად მიიღეს, იგი ინიცირებული იყო მმართველი კოალიციის მიერ ერთობლივად - ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი, ქრისტიანულ-სოციალური კავშირი და სოციალ-დემოკრატიული პარტია. გერმანიის ბუნდესტაგის მიერ რეზოლუციის მიღება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განმტკიცებას, კერძოდ კი, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ემსახურება“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

გერმანიის ბუნდესტაგის რეზოლუცია




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის
15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა
ოსტინი - აშშ უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics