13:44 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 16:19:02, 2290 ნახვა

პოლიტიკა
NDI: წინასაარჩევნო გარემო გამოწვევებზე მიუთითებს, თუმცა დემოკრატიული პროცესების გაძლიერების შესაძლებლობას იძლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციამ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ოქტომბერში დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისს აფასებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველო ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მდიდარი დემოკრატიული მონაპოვრით უახლოვდება. მათივე შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ბევრი მიღწევით იამაყონ, მათ შორის დინამიური პოლიტიკური გარემოთი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ძლიერი მხარდაჭერით.

„თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში დელეგაცია ორ პარალელურ და განსხვავებულ საქართველოს - დიქოტომიას წააწყდა, რამაც შესაძლოა პოლიტიკური პროცესებისადმი ნდობა შეარყიოს. პირველი, რომელიც დანახულია მმართველი პარტიის ქართული ოცნების ლიდერებისა და თანამდებობის პირების მიერ და მეორე, რომელიც დელეგაციასთან შეხვედრის დროს აღწერა ყველა სხვა ჯგუფმა: ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და დამკვირვებლები, ყველა სხვა საპარლამენტო და არასაპარლმენტო პარტია და კანდიდატი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მედია ორგანიზაციები.

პირველი ჯგუფის მიხედვით, არსებობს მხოლოდ მცირე დემოკრატიული გამოწვევები, მედიისა და პოლიტიკური გარემოს თავისუფლება უზრუნველყოფილია, სასამართლო საქმეების განხილვა სწრაფად და მიუკერძოებლად ხდება და რეფორმები ყველა მხარის ჩართულობით ხორციელდება. ყველა სხვა ჯგუფი, რომელსაც დელეგაცია შეხვდა, განსხვავებულ რეალობას აღწერს: მიმდინარეობს ძალაუფლების კონსოლიდაცია, დავების გადაწყვეტისას ხდება კანონის არათანაბარი და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმები ქართული ოცნების პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება, პარტიები და კანდიდატები არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან, ალტერნატიული მოსაზრებების გამოთქმისთვის ხდება მედია გარემოს შევიწროება, ასევე ადგილი აქვს არაფორმალურ მმართველობას და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩარევის გზით. შეხედულებების ამგვარმა მკვეთრმა განსხვავებებმა, შესაძლოა, გავლენა იქონიოს საზოგადოების ნდობაზე და დროთა განმავლობაში მოქალაქეების გაყოფასა და არასტაბილურობას შეუწყოს ხელი.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მოქალაქეებს მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული თავისი ლიდერებისა და ინსტიტუტების მიმართ და წარმატებული საარჩევნო გამოცდილების გაგრძელებას მოელიან. მათი ამბიციების გათვალისწინებით, დელეგაციამ რამდენიმე ძირითადი გამოწვევა და შესაძლებლობა გამოყო. საარჩევნო ადმინისტრაცია პროცესში ჩართულ თითქმის ყველა მხარეში ნდობით სარგებლობს, თუმცა რჩება სფეროები, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს. არჩევნების დღესთან ახლოს სამი წინააღმდეგობრივი რეფორმა მიმდინარეობს, რომელსაც საკმარისი გამჭირვალობა და ჩართულობა აკლია.

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რომელიც მრავალი წელია საქართველოში პრობლემად რჩება, დღესაც დიდი გამოწვევაა. მედიას უჭირს საზოგადოებისთვის სანდო და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება საარჩევნო სუბიექტების შესახებ, მაშინ როდესაც პლურალისტური პოლიტიკური დისკუსიებისთვის საეთერო სივრცის შემცირება შეინიშნება. ამასთანავე, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია საარჩევნო გარემოში მტრული დამოკიდებულებების გაღვივებას უწყობს ხელს.

2017 წლის არჩევნები მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს კანდიდატებს და პარტიებს, აქცენტი გააკეთონ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მოსახლეობა იმედგაცრუებულია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მათი მოლოდინები ვერ გამართლდა“, - განაცხადა NDI-ის დელეგაციამ.

დელეგაციამ რიგი რეკომენდაციები შეიმუშავა, მათ შორის: უფრო ინკლუზიური და კონსენსუსზე დაფუძნებული საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმების პროცესის უზრუნველყოფა; პოლიტიკური პარტიების მიერ საერთო ქცევის წესებზე შეთანხმების აუცილებლობა, რაც ხაზს გაუსვამს არაძალადობრივი კამპანიის ჩატარების მზაობას; პარტიების შიდა ქცევის წესებისა და პრაქტიკის შეცვლა, რათა მეტი ქალი კანდიდატების მოზიდვა მოხდეს; პარტიულ სიებში ქალთა მინიმუმ 30 პროცენტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დათვლისა და შეჯამების პროცედურებზე ტრენინგების ჩატარება; დეზინფორმაციის შესუსტების კონკრეტული სტრატეგიების შემუშავების აუცილებლობა; მომხდარი ძალადობის შემთხვევების მიუკერძოებელი და დროული გამოძიება; ადგილობრივი მედია საშუალებებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერის გაზრდა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ქეთრინ ნუნი, ირლანდიის სენატის თავმჯდომარის მოადგილე და სპიკერი ბავშვთა და ახალგაზრდების საკითხებზე; დევიდ კრამერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში; იანუშ ონიშკევიჩი, პოლონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პარლამენტის ყოფილი წევრი; ლორა თორნტონი, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი; მარია ბაბიჩი, დამოუკიდებელი ექსპერტი საარჩევნო საკითხებზე; მელისა მუსიო, NDI-ის საქართველოს, თურქეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პროგრამების დირექტორი; და მაიკლ მაკნოლტი, NDI-ის საარჩევნო პროგრამების უფროსი მენეჯერი.

17-21 ივლისის პერიოდში დელეგაცია თბილისში შეხვდა: ფართო პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელ კანდიდატებსა და პარტიებს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) წევრებს; სახელმწიფო აუდიტის სამსახურს; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას; პრეზიდენტს; პრემიერ მინისტრს; საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წარმომადგენლებს; შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს; სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მათ შორის საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფებს; პარლამენტის წევრებს; მედიის წარმომადგენლებს; საერთაშორისო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

აღნიშნული ვიზიტი NDI-ის სადამკვირვებლო მისიის პირველი ღონისძიებაა. აგვისტოში ქვეყანას ინსტიტუტის გრძელვადიანი დამკვირვებლები ეწვევიან. ამას გარდა, არჩევნების დღისთვის საქართველოს NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია ეყოლება.

სადამკვირვებლო დელეგაციას “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გომელაური - შსს ყოველდღიურ რეჟიმში, აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას
გომელაური ელისაშვილზე - ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა - დაველოდოთ გამოძიებას
გომელაური - სამსახურის გაძლიერების მიზნით, იგეგმება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის რეფორმა
გომელაური - შსს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, პარტნიორ უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გეგმავს და ერთვება სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიაში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics