2017-10-18 11:17:09, 1222 ნახვა
სამხედრო
III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩაერთო
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. ქვედანაყოფმა ბაგრამის საავიაციო ბაზისა და მიმდებარე ტერიტორიის დაცვის ამოცანები II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონისგან უკვე სრულად ჩაიბარა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების და ავღანეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, ასევე სამოქალაქო პირთა ხსოვნას. პირად შემადგენლობას სიტყვით ტაქტიკური დაჯგუფების „ჯერონიმოს“ მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კრისტოფერ დემურემ და საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის მეთაურმა, მაიორმა აარონ ლენცმა მიმართეს. მათ 23-ე ბატალიონს საერთაშორისო ოპერაციით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და 31-ე ბატალიონს მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს. ცერემონიალს ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ უფროს სამხედრო წარმომადგენელთან, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილთან ერთად მისი ახალი შემცვლელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე და ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, ამერიკელი ორვარსკვლავიანი გენერალი ლეოპოლდო ქუინტასი დაესწრნენ. ღონისძიებაზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული კოალიციური ძალების მოქმედი ქვედანაყოფების მეთაურები, ქარაბაღისა და ბაგრამის პოლიციის უფროსებიც მოიწვიეს. ცერემონიალზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართველი სამოქალაქო პირებიც იმყოფებოდნენ. უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის 23-ე ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ბექა ამბროლაძეს „ბრინჯაოს ვარსკვლავი“, ხოლო პირად შემადგენლობას ამერიკული მედლები გადაეცა. ქართულმა მხარემ კი, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ამერიკელი სამხედროები „გენერალი კვინიტაძე“ , "ქაქუცა ჩოლოყაშვილი" , "საბრძოლო იარისათვის" და „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ მედლებით დააჯილდოვა. სამახსოვრო საჩუქები კოალიციური ძალების სხვა წარმომადგენლებმაც მიიღეს. III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, რიგით მეოთხე როტაციას, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 6 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.
(NS) ავტორი: , რუსეთს თავს დაესხა 50 დრონი, დაზიანდა ელექტრო ქვესადგურები, გაჩნდა ხანძარი ნავთობის საცავში
მედია - სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება
|
ომი უკრაინაშიუკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|