22:48 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 13:40:31, 4481 ნახვა

საზოგადოება
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომ ამავდროულად საქართველოს მოქალაქეც გახდეს (ინტერვიუ)

მოქალაქეობა - ეს  არის სამართლებრივი კავშირი ინდივიდსა და განსაზღვრულ სახელმწიფოს შორის, მიუხედავად პირის ეთნიკური წარმომავლობისა. სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეობის მოპოვება განსხვავებული წესებით ხდება.  განსაკუთრებით პოპულარულია მოქალაქეობის  საგამონაკლისო წესით მინიჭება.

სახელმწიფო  სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე განმარტავს, რომ  საგამონაკლისო წესით მოქალაქეობა მიენიჭება სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც აქვს დამსახურება საქართველოს წინაშე, ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება  სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. მისი თქმით, ქვეყნის წინაშე დამსახურება ფასდება თითოეული ადამიანის ბიოგრაფიით, მისი ცხოვრებისეული დეტალებით,  საქართველოს ინტერესებითა  და ისტორიით. ამასთან, გიორგაძე აღნიშნავს, რომ  სამართლებრივად ქვეყანასთან მოქალაქეობაზე  უფრო მტკიცე კავშირი არ არსებობს. მოქალაქეობის მინიჭების მინიმალური ვადა  1 თვეა, რა დროსაც თითოეული განცხადების შესწავლა სიღრმისეულად ხდება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  ხელმძღვანელის შეფასებით, ადამიანები, რომლებსაც ისტორიულად კავშირი ჰქონდათ საქართველოსთან, სამშობლოს უნდა დაუბრუნდნენ:

როგორ უნდა მოიპოვოს პირმა ორმაგი მოქალაქეობა, ვინ ადგენს კრიტერიუმებს, რომლის დაკმაყოფილებაც საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის არის აუცილებელი, რა შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა, ბრუნდებიან თუ არა საქართველოში წლების წინ წასული ემიგრანტები - ეს იმ  საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც „ექსპრესნიუსი" სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძეს ესაუბრა:

ბატონო სოსო, რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა აუცილებელი  იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ ამავდროულად  საქართველოს მოქალაქეობა (ე.წ. ორმაგი მოქალაქეობა)  მოიპოვოს? 

- საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების სხვადასხვა გზები არსებობს. განსაკუთრებით პოპულარულია მოქალაქეობის  საგამონაკლისო წესით მინიჭება, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება, რის პირობებსაც საქართველოს კონსტიტუცია ადგენს. კერძოდ, საუბარია კონსტიტუციის მე-12 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობა მიენიჭება სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც აქვს დამსახურება ქვეყნის წინაშე, ან მისთვის მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. ეს არის ის მთავარი ჩანაწერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი ადგენს.

როგორ ფასდება ქვეყნის წინაშე დამსახურება  და ვინ აფასებს ამას?

- ეს კრიტერიუმები  დაფუძნებულია თითოეული ადამიანის ბიოგრაფიაზე, მის ცხოვრებისეულ დეტალებზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე და ისტორიაზე, მათ შორის პოლიტიკურ-ისტორიულ-კულტურულ-სოციალურ პროცესებზე, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობდა. განსაკუთრებულად ხაზგასასმელია მაგალითად, 90-იანი წლები, როდესაც ქვეყანაში არსებული სოციალური, პოლიტიკური მძიმე ფონის გამო, ადამიანები ზოგჯერ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად იძულებული იყვნენ, რომ დაეტოვებინათ ქვეყნის ტერიტორია. ეს ადამიანები წასვლიდან დღემდე თავს აიდენტიფიცირებდნენ როგორც ქართველები. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ. ამის შემდეგ, როდესაც მათთვის მისაღები და სასურველი გარემო ჩამოყალიბდა ქვეყანაში, ისინი გამოთქვამენ სურვილს, რომ დაბრუნდნენ. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, საფუძველი და გარემოება, რა დროსაც არსებობს სახელმწიფო ინტერესი იმისთვის, რომ ასეთი ადამიანების უკან დაბრუნებას, სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციას, თუ ეს საჭიროა, ხელი შევუწყოთ. ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი. კიდევ ერთი ისტორიული პროცესი, რომელმაც ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების მიგრირებას, იყო  ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. საომარი მოქმედებები და იქ არსებული სოციალური გარემო, იძულებულს ხდიდა ადამიანებს, რომ მიეტოვებინათ სამშობლო. ეს არი იყო ის შემთხვევა, როდესაც ისინი უარს ამბობდნენ თავიანთ ქვეყანაზე. მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, იძულებული გახადეს, რომ ნების საწინააღმდეგოდ წასულიყვნენ სხვა ქვეყანაში. ჯერჯერობით არ ხერხდება, რომ ისინი თავიანთ სახლს დაუბრუნდნენ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ისიც დიდი საქმეა, რომ უბრუნდებიან დიდ  მშობლიურ ოჯახს, საქართველოს. ესეც არის სახელმწიფო ინტერესი. ძალიან საინტერესოა ისიც, რომ მათთან ერთად საქართველოში ბრუნდებიან მათი შვილები, რომლებიც საქართველოში არ დაბადებულან, მაგრამ მათაც იციან, რომ საქართველო მათი სამშობლოა და  თავს აიდენტიფიცირებენ,  როგორც ამ ქვეყნის შვილები.

არსებობს ასევე განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების სურვილს გამოხატავენ ის ადამიანები, რომლებიც საომარ მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას აფხაზეთსა და ოსეთში. ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული  ადამიანების ოჯახის წევრები მოგვმართავენ ხოლმე მოქალაქეობის თხოვნით. გარდა ამისა, არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც საქართველოსთან მანამდე არ ჰქონიათ კავშირი, მაგრამ მათი პიროვნება, მათი შესაძლებლობები, მათი განათლება ჩვენი ქვეყნისთვის არის საინტერესო. მაგალითად: სპორტსმენები, მეცნიერები, რომლებიც ჩამოდიან, რომ  შემდგომში საქართველოს სახელით მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა შეჯიბრებებში, ღონისძიებებში და ა.შ.

როგორ ხდება ნორმების დადგენა და ვინ იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე?

- საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონი ცალსახად ადგენს, რომ განცხადების მიღება, დამუშავება, საქმის წარმოება, შესწავლა, სხვადასხვა უწყებების საკითხის გავლა, არის სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ფუნქცია. იმისთვის, რომ სააგენტომ შეაფასოს პირი აკმაყოფილებს თუ არა დადგენილ კრიტერიუმებს, შექმნილია მოქალაქეობის საკითხთა კომისია.  კომისიაში შედიან წევრები ჩვენი სააგენტოდან, იუსტიციის სამინისტროდან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.  მას შემდეგ, რაც სხვა ქვეყნის  მოქალაქე მოგვმართავს მოქალაქეობის მინიჭებაზე, ჩვენ ვიწყებთ წარმოებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებთან შესაბამისობის თაობაზე. ეს  მოიცავს სხვადასხვა პროცედურებს, მათ შორის უნდა გადამოწმდეს, ხო არ არსებობს ისეთი გარემოებები, რაც წარმოადგენს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს. მათ შორის არის სახელმწიფო უსაფრთხოება, ხომ არ აქვთ ისეთ ორგანიზაციებთან კავშირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებას შეუქმნის პრობლემას, ხომ არ აქვს ისეთი დანაშაული ჩადენილი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ამ საკითხების გადასამოწმებლად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ერთის მხრივ შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას, ამოწმებს არქივში და არამხოლოდ არქივში დაცულ მასალებს ამ პიროვნების შესახებ, ინფორმაციის მოსაძიებლად და უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად მივმართავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურს, შსს-ს, საბოლოო ჯამში კი, მიღებული ინფორმაციის დამუშავება ხდება. თუ არსებობს თითოეული უწყებიდან დადებითი დასკვნა, რომ ამ პიროვნებას დანაშული არ აქვს ჩადენილი, ან არსებობს უარის თქმის საფუძველი, ამის შემდეგ საქმეს შეისწავლის სააგენტოს კომისია და ყველა ინფორმაციის შეჯამების შემდეგ საბოლოო დასკვნა ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. გასათვალისწინებელია, რომ სააგენტო თავის დასკვნაზე თვითონ არის პასუხისმგებელი- თუ სააგენტომ მიიღო უარყოფითი დასკვნა და უცხოელს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე,  ასეთ შემთხვევაში, სასამართლოში პასუხისმგებელია სააგენტო და არა პრეზიდენტი.

ის საკითხები რაც აღნიშნეთ, მოქალაქეობის მინიჭება და ა.შ. პროცედურულად რამდენი ხანი გრძელდება?

- მინიმალური ვადა არის 1 თვე. არსებობს სამთვიანი, ორთვიანი პროცედურები. 1 თვეზე უფრო ნაკლებ დროში შეუძლებელია. ერთთვიანი ეს არის დაჩქარებული პროცედურა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თითოეული განცხადების შესწავლა ხდება ძალიან დეტალურად და სიღრმისეულად.

ბრუნდებიან თუ არა საქართველოში წლების წინ წასული ემიგრანტები?

- დიახ. ეს პირობები და კრიტერიუმები  სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ მათი მომართვიანობა არის მაღალი, სხვებთან შედარებით ეს არის ძირითადი სეგმენტი, რომელიც ითხოვს საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას. კონკრეტული ციფრი შემიძლია გითხრათ, კერძოდ ეს არის 23 ათას 11 საქმე, როდესაც სააგენტომ დადებითი დასკვნით მიმართა პრეზიდენტს, რომ მათთვის მიენიჭებინათ საქართველოს მოქალაქეობა. 23 ათას 11 საქმიდან 86% იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ საქართველოში, ან ადრე იყვნენ  საქართველოს მოქალაქეები ან მათი ოჯახის წევრები არიან დაბადებული ან საქართველოს მოქალაქეები. ეს ცალსახად ადასტურებს იმას, რომ კომისიის მიდგომა ამ საკითხისადმი ძირითადად ორიენტირებულია იმ ადამიანების ქვეყანაში დაბრუნებაზე, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ საქართველოსთან. ვთლით, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ სამშობლოს.

პრაქტიკის თანახმად, უფრო მეტად რომელი ქვეყნის მოქალაქეები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს  საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით?

- იმისდა მიხედვით, რომ 90-იან წლებში საქართველოდან წასულები ძირითადად თავს იმკვიდრებდნენ პოსტ საბჭოთა სივრცეში, იყო ეს რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი თუ სხვა ქვეყნები,  შესაბამისად მომართვიანობაც ძალიან მაღალია ამ ქვეყნებიდან. ქართული დიასპორა იქ ძალიან დიდია.  ასევე შემდგომ პერიოდში, 90-იანი წლების დასასრულს და 2000-იან წლებში განსაკუთრებულად  აქტიური იყო მიგრირება ევროკავშირის ქვეყნებისკენ  და აშშ-შიც.

რა ძირითადი განსხვავებებია საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოს მოქალაქეების უფლება-მოვალეობებში ?

- ჩვენ ხშირად გვსმენია ცნებები, როგორიც არის სამშობლო, ეროვნება, ტერიტორიის აღქმა, სახელმწიფოსადმი დამოკიდებულება და ა.შ. ეს განსაკუთრებული ღირებულებებია ჩვენი ერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და თოთოეული მოქალაქისთვის. თუმცა იურისპრუდენციაში ამ ყველაფერს ჰქვია ქვეყანასთან სამართლებრივი კავშირი. ანუ საქართველოს მოქალაქე ეს ნიშნავს, რომ ქვეყანასთან არის სამართლებრივ კავშირში. შესაბამისად, ქვეყნისთვის, მისი მოქალაქე, მისი წევრი, არის ის, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ სახელმწიფო ზრუნავს და პასუხისმგებელია თითოეულ მის მოქალაქეზე, ასევე თითოეული მოქალაქე ვალდებულია, დაიცვას მისი კანონმდებლობა, მისი პრინციპები და ძირითადი ღირებულებები. აქედან გამომდინარე საქართველოს მოქალაქეობა ეს არის არამხოლოდ უფლება-მოვალეობები, სამართლებრივი ცნება, არამედ არის სოციალური, კულტურული, პოლიტიკური, ისტორიული კავშირი სახელმწიფოსთან და გაიგივება შენი თავის ამ ქვეყანასთან. ანუ ის, რომ ხდება ადამიანი საქართველოს მოქალაქე, ნიშნავს, რომ ის თავის თავს აკავშირებს ამ ქვეყანასთან და ერთი მხრივ წარმოეშვება ვალდებულებები ქვეყნის წინაშე, ხოლო მეორე მხრივ ქვეყანას წარმოეშვება მის წინაშე უფლებები. ამიტომ ამაზე უფრო მტკიცე კავშირს ქვეყანასთან სამართალი არ ითვალისწინებს. რაც შეეხება სხვა სამართლებრივ საფუძვლებს საქართველოში ყოფნის, ეს იქნება ბინადრობის ნებართვა თუ საქართველოს ვიზა, ისინი სხვადასხვა ტიპის უფლებებს წარმოშობენ. ეს შეიძლება იყოს ქვეყანაში გარკვეული ვადით ცხოვრება, ვიზა მაგალითად, შეიძლება იყოს სამთვიანი, ბინადრობის ნებართვა შეიძლება იყოს ხუთწლიანი, ეს გულისხმობს იმას, რომ ამ ადამიანებს აქვთ საქართველოში ცხოვრების უფლება. გარდა ამისა, საქართველოში ყველასთვის, განურჩევლად იმისა იქნება მოქალაქე თუ არა, აღიარებულია ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც დაცულია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის ვინც კი საქართველოს ტერიტორიაზე ექცევა. ვინაიდან ჩვენ ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ზედმიწევნით იცავს ადამიანის უფლებებს, ამ კუთხით სხვაობა ვერ იქნება. მაგრამ არსებობს ასევე რაღაც უფლებები, რომლებიც მხოლოდ მოქალაქეს აქვს. ეს შეიძლება იყოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, როგორც პასიური, ასევე აქტიური. ეს თემა არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი ჩენს ქვეყანაში, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე სხვა დონეზეც და მნიშნელოვანი საკითხია, იმიტომ, რომ საარჩევნო უფლებები დაკავშირებულია ასევე საქართველოს მოქალაქეობასთან.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics