06:58 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-24 14:55:10, 937 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

საქართელოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია სლოგანით "ვეძებთ ლიდერებს ტუბერკულოზისაგან თავისუფალი მსოფლიოსათვის" გაიმართა.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ბათუმის მერიისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

კონფერენციაზე განხილული იქნა ტუბერკულოზის გლობალური და ეროვნული პასუხი. მოეწყო ინიციატივის - ნულოვანი ტუბერკულოზი აჭარის რეგიონში წარდგენა, რომლის მიზანია ადგილობრივ საჭიროებაზე მორგებული ყოვლისმომცველი ღონისძიებების განხორციელების, დამატებითი რესურსებისა და პარტნიორების მობილიზაციის გზით შეიქმნას ტუბერკულოზის დამარცხების შესაძლებლობა ე.წ. „ელიმინაციის კუნძული“, რაც ხელს შეუწყობს ტუბერკულოზის გავრცელების შემცირებას აჭარის რეგიონში და მთლიანად საქართველოში.

1982 წლიდან ყოველწლიურად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზის მსოფლიო დღე იმ თარიღთან დაკავშირებით, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა (1882). მისმა აღმოჩენამ საფუძველი დაუდო ტუბერკულოზის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს მსოფლიოში 10,4 მილიონ ადამიანს დაუდგინდა ტუბერკულოზი და 1,7 მილიონი გარდაიცვალა ამ მიზეზით, რომელთა 95% მოდის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე. 2016 წელს ტუბერკულოზით დაავადდა დაახლოებით 1 მილიონი ბავშვი და გარდაიცვალა - 250 000. განსაკუთრებულ საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის წარმოადგენს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი MDR-TB. მსოფლიო მასშტაბით 2016 წელს დარეგისტრირდა 490 000 შემთხვევა. ტუბერკულოზი ითვლება მთავარ მკვლელად აივ ინფიცირებული პირებისათვის და 2016 წლის მონაცემებით მისი ხვედრითი წილი შეადგენს 40%-ს. 2000-2016 წლებში ტუბერკულოზის დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შედეგად შესაძლებელი გახდა 53 მილიონი ადამიანის გადარჩენა.

საქართველოში უკანასკნელ წლებში აღინიშნება ტუბერკულოზის გავრცელების კლების ტენდენცია. წინასწარი მონაცემებით 2017 წელს, საქართველოში, ყველა ფორმის ტუბერკულოზის 2913 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის 2131 ახალი შემთხვევაა. სახელმწიფოს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით საქართველოში ხელმისაწვდომია ეფექტიანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიყენება ტუბერკულოზის სწრაფი დიაგნოსტიკის მეთოდი GeneXpert აპარატების მეშვეობით. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში უზრუნველყოფილია ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებზე მგრძნობელობის კვლევა სრულად და ასევე, ტესტირება აივ-ინფექციასა და C ჰეპატიტზე. ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომია ხარისხიანი მედიკამენტები, ახალი ტუბსაწინააღმდეგო წამლების ჩათვლით.

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დონორ ორგანიზაციებთან - აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ასევე სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, ექიმები საზღვრების გარეშე, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციები, ეპიდემიოლოგები, არასამთავრობო სექტორი და პაციენტთა სათემო ორგანიზაციები, ერთიანდება ტუბერკულოზის დასამარცხებლად. ტუბერკულოზის ეპიდემიის დასრულება 2030 წლისათვის არის გაეროს მდგრადი განვითარების ჯანმრთელობის სამიზნე. 2018 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში დაგეგმილია გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრა, სადაც მრავალი სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. ამ შეხვედრის შედეგი იქნება ამბიციური პოლიტიკური დეკლარაციის მიღება სახელმწიფოთა მეთაურების მიერ, რითაც გაძლიერდება აქტივობები და ინვესტიციები ტუბერკულოზისაგან თავისუფალი მსოფლიოს მისაღებად და მილიონობით სიცოცხლის გადასარჩენად.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics