18:10 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 11:32:07, 1231 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი - შემოქმედების თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია

პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც კულტურის შესახებ საქართველოს კანონსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებები შედის, სახალხო დამცველი კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ და შემოქმედების თავისუფლების შემზღუდველად აფასებს.

კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ბოლო მოვლენების, კერძოდ, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სისხლის სამართლის დანაშაულად მიჩნევის ინიციატივებისა და „აიისას“ საქმის გათვალისწინებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული ინიციატივების ტენდენცია იკვეთება, რაც უაღრესად სამწუხაროა.

„ზემოაღნიშნული კანონპროექტი ძირითადად იმეორებს კანონში უკვე არსებულ, ე.წ. „მკვდარი ნორმის“ მოძველებულ და გამოხატვის თავისუფლებასთან შეუსაბამო რედაქციას. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით არც ერთი უწყება არაა უფლებამოსილი ხსენებულ ნორმაზე დაყრდნობით შეზღუდოს შემოქმედების თავისუფლება. კანონპროექტის მთავარი სიახლე კი შეზღუდვის ახალი კანონის სახით გაფორმება და აღსრულების მექანიზმზე მითითებაა, რაც უკვე ხელშესახებად და პრაქტიკაში გამოყენებადად აქცევს მას. საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად აცხადებს, რომ „შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია“, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ერთადერთი, სადაც შესაძლებელია ჩარევა, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებაა და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გავრცელება ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს. კონსტიტუციის ახალი რედაქციით უფლების შეზღუდვის უფრო მაღალი სტანდარტი დადგინდა და მიეთითა უფლების მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების მეშვეობით შეზღუდვის შესაძლებლობის შესახებ. კანონპროექტი კი ითვალისწინებს შემოქმედებით პროცესში ჩარევისა და შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურის შესაძლებლობას, რაც წინააღმდეგობაშია კონსტიტუციით დადგენილ აბსოლუტურ აკრძალვასთან. რაც შეეხება შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებას, კონსტიტუცია ადგენს შეზღუდვის ერთადერთ საფუძველს („სხვათა უფლებები“), თუმცა კანონპროექტი უფრო შორს მიდის და ვრცელ ჩამონათვალს გვთავაზობს, რაც ასევე აცდენილია კონსტიტუციურ სტანდარტს“, - აცხადებს სახალხო დამცველი. 

მისივე განცხადებით, საყურადღებოა, რომ შემოთავაზებული ნორმის („შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა“) მოქმედების არეალი საკმაოდ ფართოა და მისი რეგულირების ქვეშაა ნებისმიერი საშუალებით და ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული ფასეულობა, რაც კანონპროექტის ეფექტის მასშტაბურობას უსვამს ხაზს.

„სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს კანონპროექტი აღნიშნული სახით და მიიჩნევს, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ტექსტში შემდეგი ცვლილებების შეტანა:
1. ნორმიდან ამოღებული უნდა იქნეს შემოქმედებით პროცესში ჩარევისა და შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურის შესაძლებლობა, როგორც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მყოფი;
2. შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვის საფუძველი არ უნდა გასცდეს კონსტიტუციაში მითითებულ „სხვათა უფლებებს“;
3. კანონმა უნდა მოიცვას „სხვათა უფლებებში“ ნაგულისხმევი საფუძვლების ამომწურავი ჩამონათვალი, რათა შესაბამისობაში მოვიდეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით დადგენილ სტანდარტებთან. ეს გულისხმობს შემოქმედების თავისუფლების მხოლოდ ნათელი დაგანჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით შეზღუდვის შესაძლებლობას და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს;
4. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ლეგიტიმური მიზნის განხორციელებისაკენ, კრიტიკულად აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი; 
5. ამასთან, „კულტურის შესახებ“ კანონში პირდაპირ უნდა აისახოს უფლების შეზღუდვის ტესტი, რისი მაგალითებიც არსებობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში“, - აცხადებს სახალხო დამცველი. 

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი მის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს კანონპროექტში ასახავს და აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მყარ შესაძლებლობებს შექმნის.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics