16:47 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 18:02:55, 1582 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო: მოვუწოდებთ ჩვენს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2“-თან

საქართველოს საპატრიარქო სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან, არ მისცენ ინტერვიუ და მათ გადაცემებში მონაწილეობა არ მიიღონ.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, მათ წერილობით მიმართეს ტელევიზიის ხელმძღვანელს, რეაგირება მოეხდინა სიცრუის ტირაჟირების გამო (რასაც შეიძლება მსოფლიო საპატრიარქოსა და ჩვენს ეკლესიას შორის უსიამოვნება მოჰყოლოდა), თუმცა პასუხად მიიღეს „ღვთის მგმობი ახალი გადაცემა“.

 „17 მაისის შემდეგ ის ძალები, რომლებიც ეკლესიას კარგა ხანია უპირისპირდებიან, როგორც ჩანს, ახალი სიმწვავით იწყებენ რევანშისტული ქმედებების განხორციელებას, რაც ჯერჯერობით  ყველაზე მკვეთრად ,,რუსთავი 2”-მა გამოხატა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქომ წერილობით მიმართა აღნიშნული ტელევიზიის ხელმძღვანელს, რეაგირება მოეხდინა სიცრუის ტირაჟირების გამო (რასაც შეიძლება მსოფლიო საპატრიარქოსა და ჩვენს ეკლესიას შორის უსიამოვნება მოჰყოლოდა), სამწუხაროდ, იმავე საღამოს პასუხად მივიღეთ ღვთის მგმობი ახალი გადაცემა.

ამ ქმედებების სულისკვეთება ერთია, – სურთ ჩვენი საზოგადოება წარმოაჩინონ  თავისუფალი აზროვნების მოწინააღმდეგედ; (ამასთან, ,,თავისუფლებაში” ისინი უზნეობის და რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფის უფლებას გულისხმობენ), ხოლო ჩვენი ეკლესია, – პრორუსულ ძალად.

ვფიქრობთ, მათ არ ესმით, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკასთან დაკავშირებული, არც პრორუსულთან და არც – პროდასავლურთან. გადაცემები კი იმდენად ცინიკური და უტიფარია, რომ ხალხის საერთო აღშფოთებას და ქვეყანაში დაძაბულობას იწვევს.

თვალში საცემია ის ფაქტიც, რომ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ძირითადად  მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მრევლისადმი ვლინდება. შერჩევითი სამართლით მოქმედი უმეტესი ნაწილი უფლებადამცველთა და არასამთავრობო სექტორისა კი ასეთ სერიოზულ ფაქტებზე დუმილს არჩევენ. არც ხელისუფლებას აქვს სათანადო კანონები და სტრატეგია შემუშავებული,  რაც საერთო დაუცველობისა და უსამართლობის მკვეთრ განცდას ბადებს.

მიუხედავად იმისა, რომ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის კვართის მცველ და ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში საჯაროდ შეურაცხყვეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ყოვლადწმინდა მარიამი, ამასთან, ვრცელდება ცილისმწამებლური განცხადებები, ჩვენ მაინც მოვუწოდებთ მრევლს, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს, რადგან მავანთა სურვილი სწორედ შფოთისა და არეულობის შემოტანაა და მათ მიზნის განხორციელებაში ხელი არ უნდა შევუწყოთ.

პირველ რიგში, მოვუწოდებთ ჩვენს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ფასეულობები.

ასევე მივმართავთ საქართველოში მყოფ საერთაშორისო ორგანიზაციებს და იმ უცხოელ დონორებს, რომლებიც  დასავლური ღირებულებების ჩვენს ქვეყანაში გავრცელებას უწყობენ ხელს, – დაანახეთ საზოგადოებას, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნების წესის  და მათი რელიგიური გრძნობების უგულვებელყოფა, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ არასწორი წარმოდგენა და განწყობები.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას,  გადადგან ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა შეიქმნას საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა სახის  მექანიზმები და გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა, რომ ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე.

შევთხოვთ ღმერთს, ,,უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics