17:51 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 13:01:23, 634 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების განსაზღვრის წესი არაკონსტიტუციურად სცნო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა 73 ერთმანდატიანი მაჟორტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს.

კერძოდ, სადავო ნორმების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებისათვის თითოეული მუნიციპალიტეტი, თბილისის გარდა, წარმოადგენდა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქს, ხოლო თბილისში  იქმნებოდა 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

„საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მუნუციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა, ხოლო სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, შეძლებისდაგვარად, თანაბარი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად.

მოსარჩელეების მოსაზრებით, მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმები არ იყო თანაბარი ძალის მქონე. კერძოდ, საარჩევნო ოლქებში არ იყო რეგისტრირებული თანაბარი რაოდენობის ამომრჩეველი. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თანაბარი გავლენა მოეხდინათ არჩევნების შედეგებზე. მაგალითად, საბურთალოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 128 545 ამომრჩეველი ირჩევდა ერთ მაჟორიტარ დეპუტატს, იმ დროს, როდესაც, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა მხოლოდ 5 810 ამომრჩეველი. ამდენად, ყაზბეგის ამომრჩევლის ხმა 22-ჯერ უფრო წონადი იყო, ვიდრე საბურთალოს საარჩევნო ოლქის ამომრჩევლის ხმა, რაც აშკარად მეტყველებდა სისტემის დისკრიმინაციულობაზე.

მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ ამომრჩეველთათვის არათანაბარი შესაძლებლობების მინიჭება, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, - საარჩევნო უფლებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა საყოველთაო საარჩევნო უფლების მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ იგი, თავისთავად, არ მოითხოვს რომელიმე კონკრეტული საარჩევნო სისტემის მოდელის ჩამოყალიბებას, თუმცა აუცილებელია, არსებულმა საარჩევნო სისტემამ უზრუნველყოს ხალხის ნების თავისუფალი და თანასწორი ასახვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფორმირების პროცესში. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია, თავად განსაზღვროს როგორც პროპორციული, ისე  მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მოდელები და თავისებურებები იმ პირობით, რომ ამ პროცესში დაცული იქნება საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებისას, წარმოიშობა ფაქტობრივი სირთულეები და, შესაძლოა, შეუძლებელი აღმოჩნდეს საარჩევნო ოლქების იმგვარი გადანაწილება, რომ ამომრჩევლების ხმებს აბსოლუტურად იდენტური „წონა“ ჰქონდეს. თუმცა, ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ ასეთი უთანასწორობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. ამასთანავე, სასამართლომ არ გამორიცხა, რომ გარკვეული რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე, კანონმდებელმა შემოიტანოს ტერიტორიული წარმომადგენლობის ელემენტები, ასევე, საარჩევნო ოლქების მუნიციპალურ ერთეულებზე მიბმა, შესაძლოა საარჩევნო ოლქების საზღვრებით მანიპულირების საფრთხის პრევენციასაც ისახავდეს მიზნად, თუმცა ამან არ უნდა გამოიწვიოს იმგვარი უთანასწორობა, რომ გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებული ამომრჩევლების ხმების გავლენა ზომაზე მეტად შემცირდეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმების მიღებით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ოლქები მექანიკურად დაუკავშირა მუნიციპალიტეტებს, ისე, რომ არ გაითვალისწინა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა. საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სხვადასხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული იყო ამომრჩეველთა მკვეთრად განსხვავებული რაოდენობა. შესაბამისად, საარჩევნო ოლქები და მანდატები იმგვარად იყო გადანაწილებული, რომ ერთ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმა რამდენჯერმე უფრო მეტად „ფასობდა“ ვიდრე - მეორე ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი გადახრა ხმათა თანაბრობის პრინციპიდან და არათანაზომიერად დაამცრო ამომრჩეველთა დიდი ნაწილის გავლენა საარჩევნო პროცესებზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (თანასწორობის უფლება) და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან (საყოველთაო საარჩევნო უფლება) მიმართებით“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics