14:59 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 15:14:51, 880 ნახვა

ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სამეგრელოს რეგიონში მედიატური გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, 3-5 ივლისს ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მედიატური გაიმართა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს პირადად გააცნო სამინისტროს მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები - შეღავათიანი აგროკრედიტის, აგროდაზღვევის, სურსათის უვნებლობის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, სამინისტროს ლაბორატორიისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობების ხელშეწყობის მიმართულებებით. მედიატური სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე ერთ-ერთი მსხვილი დონორის, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

მედიატურის ფარგლებში, მონაწილე ჟურნალისტებმა ორი ახალი საწარმო - „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსებული „სტიმორის წარმომადგენლობა საქართველოში“, ახალი თანამედროვე ტიპის სასათბურე მეურნეობა და თადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი“ - თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს.

„ექსპლუატაციაში ამჟამად 3 ჰექტარის სასათბურე მეურნეობაა, სექტემბრიდან ექსპლუატაციაში შევა კიდევ 2.5 ჰექტარი და იანვარში კიდევ 3.5 ჰექტარი მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა და კიდევ 10 ჰექტარი ე.წ. გვირაბები, სადაც შესაძლებელი იქნება მოვიყვანოთ ყველა სახეობის მწავანილი. ორ ეტაპში ჩადებულია 6.5 მილიონი დოლარი და კიდევ ამავე ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ. ვართ „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ბენეფიციარები და სახელმწიფომ ორი მილიონი დოლარის სესხის პროცენტი დაგვიფინანსა და ასევე გვეხმარება მესამე ეტაპზე, სადაც დაფინანსებული იქნება უკვე 6 მილიონის სესხის პროცენტი“, - განუცხადა ჟურნალისტებს „სტიმორის წარმომადგენლობა საქართველოში“ პროექტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კოპალეიშვილმა. „2014 წელს ჩავერთეთ სოფლის მეურნეობის თანადაფინანსების გადამამუშავებელ საწარმოთა პროგრამაში, რის შედეგადაც შევიძინეთ მანქანა-დანადგარები. საწარმოში სულ დასაქმებულია 50-მდე თანამშრომელი. სამომავლოდ სრული დატვირთვით მუშაობისას 100-მდე ადამიანი დასაქმდება“, - აღნიშნა „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის“ დამფუძნებელმა.

ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჟურნალისტები შპს „მექანიზატორის“ აბაშის სერვისცენტრში შპს „მექანიზატორის“ წარმოების გუთნების გამოცდას დაესწრნენ. გამოცდაზე წარმოდგენილი იყო ვენახის კულტივატორ-გამაფხვიერებელი, პლანტაჟის გუთანი და საკიდი გუთანი. ჟურნალისტები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ზუგდიდის საველე სადგურის საქმიანობასაც გაეცნენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი ზუგდიდში მიმდინარე წლის მარტში გაიხსნა. მისი მომსახურების არეალი მთელ რეგიონს მოიცავს და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს ყველა სახის მომსახურება - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით ადგილზე მიიღონ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ზუგდიდის საველე სადგური ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკაზე მუშაობს. უახლოეს მომავალში ზუგდიდის ლაბორატორია გახდება რეგიონში თხილის ლაბორატორიული კვლევების ცენტრი, სადაც დაინერგება როგორც თხილის ნაყოფის მიკრობიოლოგიური და ქიმიური, ასევე თხილის მცენარის ფიტო-სანიტარიული კვლევები (მავნებლის იდენტიფიცირება და მცენარის ორგანოების დაავადებების დიაგნოსტირება). მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებმა სენაკში, სოფელ ნოსირში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „დკ-ქოლგა“ დაათვალიერეს, რომელსაც მიღებული აქვს ENPARD - ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარებისთვის გრანტი, თანადაფინანსებით. კოოპერატივის საქმიანობა მოიცავს მემცენარეობას, სასათბურე მეურნეობას, მებოსტნეობას, მეხილეობას. პროდუქციის რეალიზაცია სენაკსა და ბათუმში ხორციელდება.

ჟურნალისტებს შესაძლებლობა მიეცათ სამტრედიაში, ახალი სასათბურე მეურნეობა შპს „იმერეთი გრინერი“ დაეთვალერებინათ, რომელიც ჰოლანდიური კომანია „Foodventures“-ის შვილობილი კომპანიაა. სასათბურე მეურნეობა 2014 წლის ნოემბერში სამტრედიაში, თერმული წყლების საბადოზე აშენდა. კომპანია წელიწადში ადგილობრივ ბაზარზე 800 000 თავი სალათის ფურცლის რეალიზაციას ახორციელებს. სასათბურე მეურნეობამ ფინანსური დახმარება მიიღო როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისგან (IFAD). მედიატურის მონაწილები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სამეგრელოში კოღოების წინააღმდეგ ქიმიურ წამლობას ღონისძიებასაც დაესწრნენ. მედიატურის დასასრულს, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, აგროდაზღვევის, შეღავათიანი აგროკრედიტის, სურსათის უვნებლობის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, სამინისტროს ლაბორატორიისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობების ხელშეწყობის მიმართულებებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული დარგი გახდა. სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ხელშემწყობი პროექტები უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ აგროსასურსათო სფეროში საქმიანობის პერსპექტივა გაჩნდა. ფერმერებსა და გლეხებს საკუთარი საქმიანობის გაფართოების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, საკუთარი პროდუქციის ახალ ბაზრებზე გატანის შესაძლებლობა მიეცათ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics