10:57 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-07 18:40:01, 598 ნახვა

ეკონომიკა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგინა.

აუდიტის სამსახურს შენიშვნები აქვს მოგების გადასახადიდან მისაღები შემოსულობების ოდენობასთან, გადასახდელებთან და სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა ცოტნე ქარქაშაძემ განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკური ზრდა 5%-დან 2%-მდე მცირდება, მოგების გადასახადიდან მისაღები შემოსულობების ოდენობა 900 მილიონიდან 951 მილიონამდე იზრდება.

მისი თქმით, რადგან მოგების გადასახადიდან მისაღები შემოსულობის ოდენობა დამოკიდებულია გასული წლის ეკონომიკურ ზრდაზე, საბიუჯეტო ცვლილების პროექტით მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდის მიმართულებით დაკორექტირების საჭიროება, შესაძლებელია გათვალისწინებული ყოფილიყო 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, სხვა შემოსავლების კუთხით საყურადღებოა 2015 წლის მიმდინარე მდგომარეობით მისი ცალკეული კომპონენტების მობილიზების ტენდენციების მიმართება როგორც კვარტალურ, ისე წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულ გეგმურ მაჩვენებლებთან. ქარქაშაძის თქმით, გაცილებით მეტია მობილიზებული, ვიდრე პროექტით არის დაგეგმილი. აუდიტის სამსახურის დასკვნაში ნათქვამია, რომ რენტის სახით 2015 წლის პირველი 5 თვის მდგომარეობით აკუმულირებულ იქნა 11 მლნ ლარი, მაშინ როცა მისი წლიური გეგმური მაჩვენებელი მხოლოდ 7 მლნ ლარს შეადგენს. ანალოგიურად, ნებაყოფლობით ტრანსფერების (გრანტების გარდა) მუხლით მობილიზებული საბიუჯეტო რესურსების ოდენობამ 5 თვის მდგომარეობით 6 მლნ ლარი შეადგინა და 4 მლნ ლარით გადააჭარბა მის წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელს. ამასთან, როგორც აუდიტის სამსახური აღნიშნავს, კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში არაფერია ნათქვამი აღნიშნული შემოსავლების მობილიზების ტენდენციებთან დაკავშირებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია, წარმოდგენილ საბიუჯეტო ცვლილებების პროექტში ასახული შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები ეფუძნებოდეს და ითვალისწინებდეს მიმდინარე წლის მობილიზების ტენდენციებს და ასახავდეს მოსალოდნელი შედეგების რეალისტურ სურათს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ჯამური მოცულობა 2015 წლის ბიუჯეტთან მიმართებაში უცვლელი რჩება და 9.575 მლნ ლარს შეადგენს. ცალკეული პროგრამებისა და ქვეპროგრამებისათვის 2015 წლის ბიუჯეტის კანონში ცვლილების პროექტით გათვალისწინებულია ასიგნებების მნიშვნელოვანი შემცირება, თუმცა როგორც აუდიტის სამსახური აცხადებს, აღნიშნული პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და შედეგების შეფასების ინდიკატორებში ცვლილებები არ განხორციელებულა. შედეგად, აუდიტის სამსახურის შეფასებით, გაურკვეველია თუ კონკრეტულად რომელი ღონისძიებების შეჩერებას გამოიწვევს ასიგნებების აღნიშნული შემცირება და ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული რომელი მოსალოდნელი შედეგები არ იქნება მიღწეული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შენიშვნები სახელმწიფო ვალის ნაწილთან დაკავშირებითაც აქვს. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 11,808.6 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, თუმცა ცვლილების პროექტით 1,971.2 მლნ ლარით იზრდება, რის შედეგადაც, საბიუჯეტო წლის ბოლოსათვის სახელმწიფო ვალის მოცულობამ არ უნდა 13,779.8 მლნ ლარს გადააჭარბოს. მშპ-ის მოსალოდნელ მაჩვენებელთან მიმართებაში სახელმწიფო ვალის წილი დაახლოებით 8 პროცენტული პუნქტით იზრდება და 44.9%-ს უტოლდება.

"საყურადღებოა, რომ მშპ-თან მიმართებაში სახელმწიფო ვალის აღნიშნული ზრდა დაახლოებით 5%-ით აჭარბებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიით "საქართველო 2020" განსაზღვრულ ლიმიტს - 40%-ს და 45%-ს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ბოლოს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, დაგეგმილია სახელმწიფო ვალის ნაშთის ზრდა 32.8%-ით, აღნიშნული კი, დაახლოებით 6-ჯერ აღემატება მოსალოდნელი ნომინალური მშპ-ის ზრდის ტემპს (5.1%). წარმოდგენილი კანონპროექტით, სახელმწიფო ვალის ზრდა ძირითადად განპირობებულია ეროვნული ვალუტის გაუფასურებით. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იცვლება დაფინანსების სტრუქტურაც. კერძოდ, ერთი მხრივ, 100 მლნ ლარით მცირდება საშინაო ვალის მოცულობა, ხოლო მეორე მხრივ, 114 მლნ ლარით იზრდება საგარეო წყაროებიდან მისაღები კრედიტების ოდენობა. შედეგად, საბიუჯეტო წლის ბოლოსათვის საგარეო ვალის წილი სახელმწიფო ვალის პორტფელში 78%-მდე გაიზრდება", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics