03:01 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-27 19:15:33, 612 ნახვა

სამართალი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2015 წლის 27 ივლისს გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოს მასშტაბით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტში საქართველო მე-2 კალათაში მოხვდა ევროკავშირის  ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა: ხორვატია, კვიპროსი, ესტონეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, მალტა, რუმინეთი, სლოვენია.

პროგრესი ასახულია როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის, ისე პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვის კუთხითაც. ანგარიში აჩვენებს, რომ გამოძიებების რაოდენობა, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 45%-ით, სისხლისსამართლებრივი დევნის − 65%-ით, ხოლო სასამართლოს განაჩენების რაოდენობა − 65%-ით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ ითვალისწინებს საკმაოდ მკაცრ სანქციებს ტრეფიკინგის დანაშაულისთვის, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

ანგარიშში ასახულია პროგრესი ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის კუთხითაც, რაც მოიცავს სახელმწიფო ფონდის მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა სერვისს, როგორიცაა: თავშესაფრით უზრუნველყოფა; ფსიქოლოგიური, სამედიცინო და იურიდიული დახმარება; მატერიალური კომპენსაცია და სხვ. საუბარია იმაზეც, რომ საქართველოში პრევენციული ღონისძიებები საკმაოდ ეფექტურად ხორციელდება, რაც გულისხმობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა კომპლექსური საშუალებით (სატელევიზიო და რადიოგადაცემები, საინფორმაციო ბროშურების გავრცელება, პირისპირ შეხვედრები). პოზიტიურად არის შეფასებული ამ პროცესში არასამთავრობო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა. ხაზგასმულია, ასევე, იუსტიციის სამინისტროს მნიშვნელოვანი და სერიოზული როლი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის საწარმოებლად არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კუთხით. დადებითად შეფასდა უწყების მიერ ამ ღონისძიებების საწარმოებლად გასაცემი ყოველწლიური საგრანტო პრაქტიკა.

„აღნიშნული პროგრესი არის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგი, რომლის შემადგენლობაში შედიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, და რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ანგარიშში ასახული პროგრესი განაპირობა ღონისძიებებმა:

შსს-ის ინსპექტირების სპეციალური მობილური ჯგუფების ეფექტური მუშაობის შედეგად, რომლებიც სისტემატურად ახორციელებენ მაღალი რისკის მქონე ადგილების შემოწმებას, პროაქტიულად დაიწყო გამოძიება ტრეფიკინგის არაერთ ფაქტზე;

ნაყოფიერად მუშაობს პროკურორებისა და გამომძიებლებისგან დაკომპლექტებული სპეციალისტების ჯგუფი (Task Force), რომლის კოორდინირებული მუშაობის შედეგად დაწყებული გამოძიებების უმეტესობაზე ხდება ბრალის წაყენება და საქმის სასამართლოში გადაგზავნა;

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპების შედეგად ექსპლოატაციის დეფინიცია გახდა უფრო ცხადი და ადვილად გამოყენებადი როგორც სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ისე მოსამართლეებისთვის;

წარმატებით ხორციელდება ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები საბჭოს მიერ შემუშავებული ერთიანი საინფორმაციო კამპანიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რაც უნიკალურია ჩვენს რეგიონში;

ტრეფიკინგის წინააღმდეგ საქმიანობაში აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

იუსტიციის სამინისტროს მიერ 2014 წელს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გაცემული გრანტის საფუძველზე აჭარის რეგიონში განხორციელდება ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია, ხოლო 2015 წელს გრანტი გაიცემა ორ ორგანიზაციაზე, რომლებიც ღონისძიებებს განახორციელებენ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში;

აგრეთვე, აქტიური თანამშრომლობა გრძელდება პარტნიორ სახელმწიფოებთან როგორც საკონსულო წარმომადგენლობის მეშვეობით, ისე სამართლებრივი ურთიერთდახმარების მიმართულებით.

ანგარიში ასახავს  მონაცემებს 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით და მასში ვერ მოხვდა 2015 წლის 1 აპრილიდან დაწყებული და მიმდინარე არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომლებიც პასუხობს ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებს:

იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით გაიწერა სამუშაო გეგმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ტრეფიკინგისგან დასაცავად. კერძოდ, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად. სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, შეიქმნება სათანადო სამართლებრივი ბაზა, რათა მოხდეს  ბავშვების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით უზრუნველყოფა. გაიზრდება სოციალური მუშაკების როლი და დაიხვეწება ბავშვთა დაცვის რეფერალური მექანიზმი.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავდა და პარლამენტის მიერ დამტკიცდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, იძულებითი შრომის, შრომითი ექსპლუატაციის გამოვლენისა და რეაგირების მიზნით ამოქმედდება შრომის ინსპექტირების მექანიზმი.

იმისათვის, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურებით მოსარგებლე პირებმა ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან, მთავრობის ინიციატივით პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება. იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პირები გამოძიების დაწყებამდე ნებაყოფლობით გამოცხადდებიან საგამოძიებო ორგანოებში, გათავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან.

ანგარიშის მიზნებისთვის ქვეყნის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიურად მიმართავს სახელმწიფო ტრეფიკინგის პრევენციის ღონისძიებებს, იძიებს და დევნის ამ დანაშაულს და იცავს დანაშაულის მსხვერპლს“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მონიტორინგისა და პრევენციის ოფისის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით 184 სახელმწიფოს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებს ყოველ წელს აფასებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება ისეთ ძირითად კომპონენტებს ეფუძნება, როგორიცაა: სახელმწიფოს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა და პარტნიორობა მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ამ საქმიანობაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics