13:31 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 15:53:20, 657 ნახვა

პოლიტიკა
სასჯელაღსრულების სამინისტრო: ბობოხიძის შეწყალება დადგენილი სტანდარტული პროცედურის დაუცველად მოხდა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, მსჯავრდებულ ბობოხიძის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, უწყების ოფიციალურ პოზიციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პასუხს არ იზიარებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, პენიტენციური დაწესებულება მოკლებულია შესაძლებლობას,  შეწყალების საკითხთა კომისიის მოთხოვნის გარეშე, საკუთარი ინიციატივით, გასცეს ინფორმაცია, მაშინ როდესაც მისთვის უცნობია, როდის განიხილება კონკრეტული პირის საქმე შეწყალებასთან დაკავშირებით.

" აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია შემდეგი   გარემოებების გათვალისწინებით:

1. შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულება კონკრეტულად არ განსაზღვრავს შეწყალების საკითხის განხილვის პროცედურის ვადას. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეწყალების საკითხთა კომისიის საქმიანობაზე არ ვრცელდება ამავე კოდექსის მე-100 მუხლით დადგენილი გადაწყვეტილების მიღების ერთთვიანი ვადა, რომელიც სტანდარტულია სახელმწიფო ორგანოებისთვის. აქედან გამომდინარე, პენიტენციური დაწესებულებისთვის თეორიულად წინასწარ უცნობია რა პერიოდის განმავლობაში განიხილება ამა თუ იმ მსჯავრდებულის საქმე და შესაბამისად, რა პერიოდის განმავლობაში მოქმედებს ვალდებულება შეწყალების საკითხთა კომისიისთვის ამ კონკრეტული მსჯავრდებულის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე.

2. შეწყალების საკითხთა კომისია პრაქტიკაში წინასწარ არასოდეს აცნობებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებებს მის მიერ ამა თუ იმ მსჯავრდებულის შეწყალების საკითხის განხილვის თარიღს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება უსისტემოდ და არათანამიმდევრულად. აღნიშნული, თავის მხრივ, უკარგავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  მიმდინარე და გასულ თვეებში განსახილველი საქმეების სათანადო კონტროლის შესაძლებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამის მოთხოვნის გარეშე, შეწყალების საკითხთა კომისიისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მექნიზმი არ არსებობს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებებს აღსასრულებლად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი ამა თუ იმ მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე და ამ გზით უწყება იღებს ინფორმაციას, განიხილა თუ არა კომისიამ კონკრეტული მსჯავრდებულის შეწყალების საკითხი",-ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება კონკრეტულად მსჯავრდებულ ბობოხიძის საკითხს, უწყებაში განმარტავენ, რომ მისი შეწყალება მოხდა საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებით დადგენილი სტანდარტული პროცედურის დაუცველად, გამონაკლისის საფუძველზე.

"ამ შემთხვევაში, შეწყალების წესის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შეწყალების საკითხთა კომისია, რომელიც პასუხისმგებელია პრეზიდენტის წინაშე მის მიერ გაცემულ რეკომენდაციაზე,  ვალდებული იყო სრულყოფილად გამოეკვლია ყველა ფაქტობრივი გარემოება და კიდევ ერთხელ გადამოწმების მიზნით საკუთარი ინიციატივით გამოეთხოვა დამატებითი ინფორმაცია. შეწყალების საკითხთა კომისია, როგორც საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, უნდა იყოს დაინტერესებული , რომ მსჯავრდებულთა  შეფასებისას    თითოეულ მათგანზე ფლობდეს  სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმაციას და    დანაშაულის პრევენციის  მიზნით ვალდებულია ითვალისწინებდეს ყველა  შესაძლო რისკს.

აქედან გამომდინარე, იმის გამო, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებებისთვის ობიექტურად შეუძლებელია შეწყალების საკითხთა კომისიის საქმიანობის პროცედურებისა და ვადების განჭვრეტა როგორც თეორიულად, ბუნდოვანი რეგულაციებიდან გამომდინარე, ისე პრაქტიკული არათანამიმდევრული მიდგომების გათვალისწინებით,  პენიტენციური დაწესებულებები შეწყალების კომისიას დამატებით ინფორმაციას აწვდიან მხოლოდ  მოთხოვნის შემთხვევაში. თუმცა საყურადღებოა, რომ  შეწყალების საკითხთა კომისიის მხრიდან აღნიშნულ საკითხზე   პრეტენზია ან ამ მექანიზმის დახვეწის ინიციატივა არასდროს გამოთქმულა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იგი არ წარმოადგენს მხარეს მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხის განხილვის პროცესში და პენიტენციურ დაწესებულებებთან ერთად ახორციელებს მხოლოდ შეწყალების საკითხთა კომისიის ტექნიკური დავალების შესრულებას.

ამასთანავე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და შეწყალების საკითხთა კომისიასთან შეწყალების პროცედურების მომწესრიგებელი რეგულაციების შემდგომი დახვეწისა და შეწყალების პროცესის უფრო მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით",-აღნიშნავენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გაიმართა
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
პაპუაშვილი - ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა
კასპში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics